თემურ მახარაძე: ადამიანი ვარ, რკინა ხომ არა?!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონს მთავარი მწვრთნელი დაუბრუნდა. ფოთის "კოლხეთთან" კატასტროფული ანგარიშით (1:5) წაგების შემდეგ რუსთავის "ოლიმპის" დამრიგებელმა თემურ მახარაძემ ორმატჩიანი პაუზა და დასვენება მოითხოვა...

თუმცა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა დასვენებას ისევ გუნდში დაბრუნება ამჯობინა და გუშინ რუსთავის სტადიონზე "ოლიმპის" ბიჭები ავარჯიშა კიდეც.

"მახარაძე დაგვიბრუნდა და "სიონთან" გუნდს სწორედ ის გაიყვანს მოედანზე. იმედია, მის წასვლაზე გავრცელებულ ჭორებს ამით წერტილი დაესმება", - გვითხრა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იური გაბისკირიამ.

"ოლიმპის" პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძე კი ამას ამბობს: "მსურს, ყველას გარკვევით ვუთხრა, რომ ხმები თემურ მახარაძის გუნდიდან წასვლის
თაობაზე არის ჭორი და მეტი არაფერი. მას მხოლოდ ორი მატჩით დასვენება სურდა. ან საიდან მოიტანეს, თითქოს მე მეთქვას, ახალ მწვრთნელს ვეძებთ-მეთქი?! მსგავსი რამ არ მითქვამს და კატეგორიულად უარვყოფ. ფეხბურთელებიც არავის დაუსჯია. უბრალოდ, "კოლხეთთან" რამდენიმე მოთამაშე კარგად ვერ გამოიყურებოდა და "სამტრედიასთან" ძირითადში არ დააყენეს, თუმცა არავინ გაუროზგავთ და ხელფასიც არავისთვის არ დაუკლიათ".

სამდღიანი მცდელობის შემდეგ გუშინ თავად მახარაძესთან დალაპარაკება მოვახერხეთ:

- ბატონო თემურ, წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ თქვენ ისე მწვავედ რეაგირებთ, რომ დასვენება გჭირდებათ? - აბა, რა იქნება, როცა 1:5-ს აგებ? 33 წელია მთავარი მწვრთნელი ვარ და ასეთი ანგარიშით მარცხი არ მახსენდება. ეს ნამდვილი ფიასკო იყო, კინაღამ გული გამისკდა...

- როგორც ვიცით, დაბრუნების შემდეგ გუნდი ავარჯიშეთ...
- დიახ, რამდენიმე წუთია ვარჯიში დავასრულეთ...

- გასაგებია, რომ წაგება ძალიან განიცადეთ, მაგრამ სეზონის მსვლელობის დროს მთავარი მწვრთნელის შესვენება უცნაური და გაუგებარია...
- მესმის, რომ ასე არ ხდება, მაგრამ... ეს არაორდინარულ ვითარებაზე მეტყველებს. ასეც იყო და შესვენება თავად ვითხოვე. ფაქტობრივად, ორი წელია შეუსვენებლივ ვმუშაობ. გაზაფხულზე სეზონი რომ დასრულდა, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო - წამყვანმა ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაგვტოვეს და სასწრაფოდ მათი შემცვლელების მოძებვნა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაგვჭირდა. მერე იყო ევროთასები, ორდღიანი შესვენება და ისევ მოსამზადებელი ეტაპი... ასე რომ, დასვენება ვერც მოვახერხე. ძალიან გადავიღალე, ამ ყველაფერს კი ფოთში განცდილი ფიასკოც დაემატა და... ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ვარ, რკინა ხომ არა?

- მატჩის შემდეგ ითქვა, რომ უცნაური შეცვლები განახორციელეთ. ფეხბურთელებმა ვერ გაგიმართლეს თუ უბრალოდ, შეცდით?
- ანგარიში თავისთავად მეტყველებს, შევცდი თუ არა. ყველაფერს აგიხსნით. თამაში ჩვენთვის არასასურველად დაიწყო - დასაწყისშივე გოლი გავუშვით. თამაშის შემოტრიალება ვცადეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. თუმცა მერე ჩემთვის აუხსნელი ამბები მოხდა: "კოლხეთმა" მეორე გოლი კუთხურიდან გაგვიტანა. წესით, ასეთი ბურთი არ უნდა გაგვეშვა, თუმცა სხვა რა გზა იყო - კიდევ ერთხელ ვცადე თამაშის შემოტრიალება. სამწუხაროდ, მალე მესამე გოლიც გავუშვით და სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა - ვა-ბანკზე წასვლა. ან უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, ან ფრედ მაინც დავასრულებდით თამაშს... მოკლედ, ორი მცველი - თემურ ღონღაძე და ლაშა ჯაფარიძე მოვხსენი, მათ ნაცვლად კი მოედანზე ორი შემტევი ფეხბურთელი შევიყვანე. იმ დროს სხვა გზა არ მქონდა, მაინც ვაგებდით და ტაქტიკის შენარჩუნებას რა აზრი ჰქონდა? სამწუხაროდ, იმ დღეს იღბალი არ გვწყალობდა და ანგარიშის გათანაბრებას ვინ ჩივის, კიდევ ორი გოლი გავუშვით. სხვათა შორის, ფეხბურთელი 0:1-ზეც შევცვალე - მოედანზე ხოჭოლავა შევუშვი და მალე ანგარიშიც გავათანაბრეთ... რას ვიზამთ, ფეხბურთში მუდმივი წარმატებები გამორიცხულია. ჩვენს საქმეში წარუმატებლობის გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ალბათ, ეს წაგება ჩემთვის გასათვალისწინებელი გაკვეთილი იქნება.

- სტრესიდან გამოხვედით?
- დიახ, მოვახერხე სტრესიდან გამოსვლა. წაგება საწყენია, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ფიქრი არაფერს გვარგებს.

- ჭანტურიას როდის დააყენებთ კარში?
- ამის თქმა ჯერ მიჭირს, მაგრამ მიხარია, ფეხბურთში რომ დავაბრუნეთ. ის უკვე ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს. მართალია, რამდენიმე ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელია და წონის დაგდებას მოახერხებს.

- საქართველოში ერთ გუნდში 3 ძლიერი მეკარე დიდ ფუფუნებად მიიჩნევა...
- ...და მერე ამას რა სჯობია?! თამამად ვიტყვი, რომ "ოლიმპში" სამი თანაბარი ძალის მეკარე გვყავს, რაც მათ შორის კონკურენციას გაზრდის და თითოეულ მათგანს სასიკეთოდ წაადგება. თავის გამოჩენის შანსი სამივეს ექნება.

- ბოლნისის "სიონთან" შაბათის მატჩზე რას გვეტყვით? ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ქოლგის ქვეშ აღარ ხართ და იმედია, ხმები - თქვენს შორის გარიგებების შესახებ, გაიფანტება.
- სხვათა შორის, გასულ სეზონში გამარჯვება ჰაერივით რომ გვჭირდებოდა, "სიონმა" 2 ქულა დაგვაკარგვინა. მოკლედ, სერიოზულ მეტოქეს ვხვდებით. გიორგი ყიფიანის ხელძღვანელობით "სიონმა" რამდენიმე რთული მატჩი მოიგო და აშკარაა, ძლიერ გუნდად ყალიბდება. მაგრამ იმედია, "ოლიმპი" ბოლნისიდან 3 ქულით დაბრუნდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული