რევაზ გოცირიძე: საჩხერის "ჩიხურაში" შემთხვევითი ხალხი არ არის

AutoSharing Option
გორის "დილასთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი რევაზ გოცირიძე იყო: მისი დუბლით საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

გოლები ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს: გოცირიძემ ორივე შემთხვევაში დასწრებაზე ითამაშა.

ერთი რამ არის გასაოცარი: 31 წლის თავდამსხმელმა უკვე მე-15 კლუბის ფორმა მოირგო. ასეთ დროს კარგად იცით, მოთამაშეთა უმრავლესობა "ცალი ფეხით" თამაშობს, მაგრამ გოცირიძეს ყოველთვის ახასიათებდა გულიანი თამაში და ქუთაისის "ტორპედოდან" ზაფხულში წამოსული "ჩიხურაშიც" უჩვეულოდ მოტივირებულია.

საჩხერელთა თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- შენი აზრით, რა გახდა გამარჯვების მიზეზი - გორელებმა არ დაგაფასეს?
- ჯერ
იმას ვიტყვი, რომ "დილა" ძალიან ძლიერი კლუბია და მიხარია, საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი ასეთი კლუბი რომ გამოჩნდა.

არა მგონია, რომ არ დაგვაფასეს. პირიქით, მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორი ტაქტიკა დავუპირისპირეთ. მონდომებულებიც ვიყავით და ამ ფაქტორების ხარჯზე გავიმარჯვეთ.

- მოულოდნელი იყო, რომ პირველი ლიგიდან გადმოსულმა გუნდმა აზრიანი და დალაგებული ფეხბურთი აჩვენა...
- იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები და მწვრთნელები გვყავს. ყველამ იცის თავისი საქმე და თამაშისთვის მომზადება. თუ გულშემატკივარს ჩვენი თამაში მოეწონა, იმის დამსახურებაა, რომ "ჩიხურაში" შემთხვევითი ხალხი არ არის.

- თამაშიც იღბლიანად დაიწყეთ -ანგარიში მე-2 წუთზე გახსენით...
- იღბალიც იყო, მაგრამ ჩაფიქრებულიც გვქონდა, რომ სწორედ სწრაფ კონტრშეტევებზე გვეთამაშა და ამან გაამართლა. მაგრამ ამ წარმატებამ ცაში არ უნდა აგვაფრინოს და ყველა შეხვედრა ასეთივე მონდომებით ჩავატაროთ, თუ რაიმეს მიღწევა გვინდა.

- გინდათ და დაგეგმილი გაქვთ?
- ჩვენ ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. თუმცა, ჯერ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი ზამთრის შემდეგ გადავხედავთ.

- "ჩიხურაში" სხვადასხვა გუნდიდან წამოსული ბევრი ცნობილი ფეხბურთელი შეიკრიბეთ, მაგრამ ახლა ხელახლა გიწევთ დამტკიცება, რომ თამაში შეგიძლიათ...
- ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ფეხბურთელმა თავის საჭიროება მთელი კარიერის განმავლობაში უნდა ამტკიცოს, ერთი და ორი სეზონით არავის აფასებენ.

- კარგია წარმატებული სტარტი, მაგრამ გუნდს ამ ტემპის შენარჩუნების პოტენციალი გააჩნია?
- ამის თქმა წინასწარ ძნელია, ყველაფერი ჩემპიონატში გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული