მანამდე გასვლაზე ფოთის "კოლხეთს" 2:0 სძლიეს და ლიგაში დაბრუნებული "ჩიხურა" ორი ტურის შემდეგ გალიდერდა.
"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ წარმატებულმა სტარტმა არ უნდა მოადუნოს მოთამაშეები.
მანამდე კი გეტყვით, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გორის "დილასთან" გამარჯვების გამო, სოსო ფრუიძე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დავასახელეთ - ვფიქრობთ, რომ დამსახურებულად, რადგან სწორედ მის მიერ სწორად შერჩეულმა ტაქტიკამ მოაპოვებინა საჩხერელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა.
- უპირველესად, ტურის
- დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა... პატარა ბავშვი არ ვარ, ცაში ფრენა რომ დავიწყო, მაგრამ ჩვენი მოთამაშეებისთვის დიდი სტიმულია, რომ უკვე მეორე ტურია, "ჩიხურას" წევრებს სიმბოლურ ნაკრებში რომ ასახელებთ.
იგივეს ვიტყვი ჩემს დასახელებაზე. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ბიჭებმა "დილასთან" ძალიან კარგად ითამაშეს.
მაგრამ დამნახავი ყველას სჭირდება და ამისთვის მადლობა "ლელოს". შევეცდებით, ასეც გავაგრძელოთ და გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ.
- თქვენი აზრით, გამარჯვება რამ განაპირობა?
- გასვლაზე თამაშს, მინუსის გარდა, თავისი პლუსებიც გააჩნია. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დღეისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბს... ერთ-ერთს კი არა, საუკეთესოს, "დილას" ვხვდებოდით, რომლის მოთამაშეებიც ახლა ევროპის ლიგის პლეი ოფისთვის ემზადებიან და იმ მატჩს დასტრიალებდნენ.
არც გაემტყუნებათ, ჩვენც ვიყავით ფეხბურთელები და ასეთ ვითარებებს კარგად ვხვდებით. მაგრამ იმას ვერავინ იტყვის, რომ ჩვენთან თამაში დაეზარათ და მონდომებულები არ იყვნენ.
- ჩემპიონატის ფავორიტები ბევრჯერ დამარცხებულან და ეს იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც პირველი ლიგიდან დაბრუნებული კლუბის გამართული თამაში...
- ჩემს ბიჭებს კი მადლობა მსურს ვუთხრა გამარჯვებისთვის, რაც დავალებების ზუსტმა შესრულებამ და მათმა მონდომებამ განაპირობა.
ჩვენი დავალება იყო, რომ მოწინააღმდეგისათვის სივრცეები შეგვეზღუდა, რადგან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და შეცდომას არავის პატიობენ.
ჩვენი თამაში კი სისწრაფეებზე ავაგეთ და რადგან მეტოქე შეტევებზე იყო ორიენტირებული, ამან გაამართლა.
- "ჩიხურას" მოთამაშეთა უმრავლესობას გულშემატკივარი კარგად იცნობს, დავით კირკიტაძე კი ბევრისთვის უცნობია. არადა, "დილასთან" ყველა გააოცა - უაღრესად სასარგებლო მოთამაშეა და შეტევებს ძალიან ამწვავებს...
- უდავოდ ნიჭიერი და ძალიან მონდომებული ბიჭია, რომელსაც ძალიან კარგი სისწრაფე გააჩნია და ვცდილობთ, მისი ეს პლუსი გამოვიყენოთ.
თუმცა, ის მხოლოდ 19 წლის არის, კიდევ უნდა გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, გუნდიც და დათოც თავის სიტყვას კიდევ იტყვიან.
- როგორც შევიტყვეთ, პირველ ოთხ ტურს გასვლაზე ითამაშებთ. ივანწმინდას სტადიონის განახლება როდის დასრულდება და მატჩებს შინ როდის ჩაატარებთ?
- პროექტი უკვე არსებობს და სამუშაოები მალე უნდა დასრულდეს. უსაფრთხოების ნორმებისა და ვიპ-ლოჟის მოწესრიგება მოგვთხოვეს და ახლა სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. ჩვენ კიდევ ორი გასვლითი მატჩი გველის. 14 სექტემბერს ბოლნისის "სიონს" კი, ალბათ, ივანწმინდაში ვუმასპინძლებთ.
- საკმაოდ დამაიმედებელი სტარტისა და, რაც მთავარია, აზრიანი თამაშის შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ "ჩიხურას" ლიდერებში დამკვიდრება შეუძლია...
- ჯერ ნურავინ იჩქარებს, რადგან სულ ორი ტურია ჩატარებული. ამ წარმატებამ არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს - მთავარი ბრძოლები ხომ წინ არის.
ახლა ასე ვიტყვი - ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, მერე კი ვნახოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა-ჩიხურა 2:3 - ეს ევროპა არ არის...
საქართველოს პრემიერლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რევაზ გოცირიძე: საჩხერის "ჩიხურაში" შემთხვევითი ხალხი არ არის