"კოლხეთის" ამოცანა ამ სეზონში ნათელია - ფოთელები უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან.
თუ როგორია "კოლხეთში" დღეს არსებული ვითარება და რა გეგმები აქვს კლუბს, ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინტერვიუ გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძეს ჩამოვართვით.
- რამდენად დამაკმაყოფილებელი შედეგია თქვენთვის საწყის ორ ტურში მოპოვებული ერთი ქულა?
- ორ მატჩში აღებული ერთი ქულა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერაფრით იქნება, მაგრამ თვალი ობიექტურ რეალობას უნდა გავუსწოროთ - "კოლხეთის"
ჩვენმა ბევრმა ფეხბურთელმა არჩევანი სხვა კლუბების სასარგებლოდ გააკეთა და მათი შემცვლელების მოძიება დაგვჭირდა. ისინი გუნდს ნელ-ნელა შეეწყობიან და ჩვენი შედეგებიც გაუმჯობესდება.
ზაფხულში თერთმეტმა მოთამაშემ დაგვტოვა, რისი კომპენსირებაც, დამეთანხმებით, ძალიან რთულია.
ბოლნისში ჩემმა გუნდმა ხასიათი აჩვენა და ქულა მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. "ჩიხურასთან" არწაგებაც შეგვეძლო, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ.
- როგორია ამჟამად "კოლხეთის" ბიუჯეტი?
- შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი ვართ - ჩვენი დაფინანსება წელიწადში მხოლოდ 700 ათასი ლარით შემოიფარგლება.
ძველებურად გვეხმარება ფოთის ნავსადგურიც. კარგი ის არის, რომ თანხა ყოველთვიურად შეუფერხებლად მოგვეწოდება და კლუბის ფუნქციონირება არ ფერხდება - ხელფასები დროულად გაიცემა და არც სხვადასხვა სახის საორგანიზაციო პრობლემები გვაწუხებს.
ერთი ეგაა, რომ ხარჯებში შეზღუდულები ვართ და ამის გამო მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვერ ვიბრძოლებთ.
- ამ სეზონში რა კონკრეტული ამოცანა გაქვთ დასახული?
- ჩვენ რეალისტები ვართ - მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, უმაღლესში ადგილის შენარჩუნება კი ნამდვილად რეალურია.
ჩვენი მოკრძალებული ამოცანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მარცხს წინასწარ შევეგუებით - ისევე, როგორც წინა სეზონში, დიდ წინააღმდეგობას მხოლოდ უშუალო კონკურენტებს კი არა, ფავორიტებსაც გავუწევთ.
არც წინა სეზონში ელოდა ბევრი, რომ რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდებოდით, მაგრამ დიდი ბრძოლის შედეგად ეს შევძელით და ამან ჩვენი თამასა თავისთავად მაღლა ასწია.
- ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ სეზონის მსვლელობისას "კოლხეთს" სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნას?
- ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს. მეტიც, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და უკეთესობისა და ბიუჯეტის გაზრდის იმედიც გვაქვს.
- ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი რამდენად ნაყოფიერად გამოიყენეთ?
- სჯობდა, შეკრება თურქეთში მოგვეწყო, რაც ნამდვილად არ ჯდება აქაურ შეკრებაზე ძვირი. მიზეზთა გამო, ეს ამჯერად ვერ შევძელით; არადა, ძალიან წაგვადგებოდა კარგ პირობებში ვარჯიში და უცხოურ გუნდებთან სპარინგი.
ზამთარში სწორედ თურქეთში ვიყავით და ეს ჩვენს შედეგებზეც სასიკეთოდ აისახა.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება უკვე დაასრულეთ?
- დიახ, "კოლხეთის" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ მოხდება. რაკი ბიუჯეტი სამომავლო გათვლების საშუალებას ნაკლებად გვაძლევს, უმეტესად დავიმატეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უშუალოდ ამ სეზონში გამოგვადგებიან; თუმცა, ასევე ავიყვანეთ რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც პერსპექტივაში მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბება შეუძლიათ.
ჯერ ვერ გვეხმარება ორი ახალწვეული - ვასილ ღუჭაშვილი და "გაგრას" ყოფილი კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი. ორივე კვალიფიციური მოთამაშეა. ამჟამად ტრავმირებულნი არიან, თუმცა მოედანს მალე დაუბრუნდებიან და გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანენ.
ერთი სიტყვით, ყოველნაირად ვცდილობთ, ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდეს. "კოლხეთს" აღარ ჰყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერები, როგორიც, მაგალითად, ლაშა გვალია იყო, მაგრამ გუნდური სულისკვეთებითა და სწორი მუშაობით წარმატების მიღწევა მაინც შეგვიძლია.
- დღეისთვის ყველაზე უკეთ რომელი რგოლია დაკომპლექტებული?
- ამჟამად ყველაზე მეტი არჩევანი ნახევარდაცვის ხაზში გვაქვს, სხვა პოზიციებზე კი კონკურენციის გაძლიერება სასურველი იქნებოდა.
- ფოთის სტადიონზე ამჟამად რა მდგომარეობაა?
- დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც მოედნის საფარი დაგვიგო. "ფაზისზე" სხვა სამუშაოები ჩვენი შესასრულებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო სახსრების არქონის გამო დღეისთვის პროცესი შეჩერებულია.
ჯერ მხოლოდ ტრიბუნების მეოთხედი კეთილმოვაწყვეთ და 750 ინდივიდუალური სკამი დავამონტაჟეთ. იმედი გვაქვს, რომ "ფაზისის" სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
ასევე ძალიან გვჭირდება ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედანი, სადაც ცუდი კლიმატური პირობებისას ვივარჯიშებთ ხოლმე და მას ჩვენი ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდებიც გამოიყენებდნენ.
დავით მახარაძე: რეალისტები ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სიონი-კოლხეთი 0:0 - ნულოვანი, მაგრამ სანახაობრივი
კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება