"ზესტაფონისა" და მარტვილის "მერანის" პრეზიდენტები, ილია კოკაია და ფრიდონ ინჯია წაკამათდნენ, რის გამოც კოკაიამ სხდომა სხვებზე ადრე დატოვა.
შეხვედრა დახურული იყო და მომხდარზე ლაპარაკს ყველა ერიდებოდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მთავარი განსახილველი თემა კი მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მომხდარი ამბავი იყო: თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის არბიტრმა 4 მოთამაშე გააძევა და 11 ყვითელი ბარათი ააფრიალა.
კლუბებმა ჩათვალეს, რომ მსაჯმა
"ტორპედომ" ოფიციალურ განცხადებაში ღიად გამოხატა უკმაყოფილება ქართულ "კლასიკოში", მათი შეფასებით, "დაბალი კვალიფიკაციის მსაჯის" დანიშვნისა და მისი მოქმედების გამო. სფფ-ის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას კი კლუბმა მიმართა წინადადებით, რომ მნიშვნელოვან მატჩებზე ფედერაციამ უცხოელი მსაჯები მოიწვიოს, უკიდურეს შემთხვევაში, ფიფას ქართველი არბიტრი დანიშნოს.
სხდომაზე სწორედ ხეცაძის გადაწყვეტილებები განიხილეს. კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
ბუბა ტყავაძე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი:
- ეს იყო მსჯელობა, არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ცხადია, მთავარი თემა იყო მსაჯობა და მოწოდება, რომ უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოვხატოთ და საბჭოზე ვიმსჯელოთ. მაგრამ რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, ამჯერად ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელების გამოყენებაზე უარი ითქვა.
- ცნობილია, რომ უეფას ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში ყოველი 5 ყვითელი ბარათის ჩვენებაზე უეფა მსაჯებს 5 ათასი ევროთი აჯილდოვებს. რატომ განსაჯა მსაჯმა ასე მკაცრად, ჩვენთანაც მსგავსი დაინტერესება აქვთ?
- ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის ვიცი, რომ 5 ყვითელზე კლუბი 300 ლარით ჯარიმდება.
- სხვა თემებზეც ილაპარაკეთ?
- გაკვრით ვილაპარაკეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა "დინამო"-"ტორპედოს" მსაჯობა იყო.
იური ლორთქიფანიძე, ბათუმის "დინამოს" დირექტორის მოადგილე:
- განვიხილეთ შეხვედრის ის ეპიზოდები, რომლებსაც "ტორპედო" საეჭვოდ თვლიდა.
მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე ლევან ფანიაშვილმა დაადასტურა, რომ აბსოლუტურად ყველა ყვითელი და წითელი ბარათი წესების სრული დაცვით იყო ნაჩვენები.
საბჭომ არ გაიზიარა განცხადება მნიშვნელოვან მატჩებზე არბიტრების უცხოეთიდან მოწვევის შესახებ.
აკაკი ლოდია, თორმეტთა საბჭოს კოორდინატორი:
- რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, საკითხი სადისციპლინო კომისიას განსახილველად არ გადაეცა. თუმცა, მკაცრად ითქვა, რომ შემდეგ შემთხვევას შესაბამისი სანქციები მოჰყვება.
სადისციპლინო კომისიას თავადაც აქვს საკამათო ფაქტების განხილვის უფლება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თორმეტთა საბჭოს რეკომენდაციას მიიღებს და გაითვალისწინებს.
- თქვენი აზრით, თორმეტთა საბჭო ამართლებს?
- რა თქმა უნდა. დღეს კლუბების წარმომადგენელთა მეექვსე შეხვედრა იყო. მის მიმართ დიდი ინტერესია, სრული შემადგენლობით მხოლოდ პირველად ვერ შევიკრიბეთ. ყოველთვის ჯანსაღი მსჯელობა გვაქვს.
- დღესაც ჯანსაღი მსჯელობა იყო?
- იყო ემოციებიც.
- კოკაიასა და ინჯიას კონფლიქტიც ჯანსაღად დასრულდა?
- ამას კონფლიქტს ვერ დავარქმევ, ცხარე კამათი იყო, მეტი არაფერი.
- ფაქტია, რომ კოკაიამ სხდომა ნაადრევად და ხმაურიანად დატოვა...
- ასე არ იყო, ამ დროისთვის შეხვედრის მთავარი საკითხის განხილვა ამოწურული გვქონდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო-ტორპედო 3:2 - არავინ დაინდოთ!