წინა ტურში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა და კიდევ ერთი წარუმატებლობა ორივეს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებდა.
შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორიც "დერბის" ეკადრება: დაძაბული და დრამატული, განსაკუთრებით კი, მისი ბოლო წუთები.
საკმაოდ უხვმომენტიანი მატჩი თითქოსდა უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, როცა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ პოზიციურად თემურ ღონღაძეს ზედიზედ ორჯერ აჯობა და გიორგი დათუნაიშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი
გულშემატკივართა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი გია გეგუჩაძის სახელს სკანდირებდნენ, რომელმაც თავის ყოფილ ასისტენტს, გია ჭიაბრიშვილს სეზონის პირველი "დუელი" მოუგო და ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა.
ახლა კი სჯობს თამაშის პერიპეტიებს თავიდანვე მივყვეთ.
ქუთაისელთაგან განსხვავებით, რომელთა რიგებშიც "დინამოსთან" მარცხის შემდეგ მხოლოდ ორი ცვლილება მოხდა, "მეტალურგთან" წაგებით უკმაყოფილო გია ჭიაბრიშვილმა რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე გაამწესა, მათ ნაცვლად კი "ტორპედოს" წინააღმდეგ ძირითადში თეიმურაზ ღონღაძე, მამუკა კობახიძე, ლევან შარიქაძე და ოთარ კვერნაძე ათამაშა.
ჭიაბრიშვილმა სათამაშო სქემაც შეცვალა და ქუთათურებს ორი გამოკვეთილი ფორვარდით დაუპირისპირდა. მის მსგავსად, გეგუჩაძემ "ტორპედო" კლასიკური 4-4-2-ით ათამაშა.
შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო და პირველი ხიფათიც მათ შექმნეს: ნიკა საბანაძეს გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ კარში ოდნავ ძლიერად რომ დაერტყა, სწრაფ გოლს ვიხილავდით.
საბანაძის მსგავსად, აქტიური იყო ქუთაისელთა მეორე ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მწვავედ შეუტია ზესტაფონელთა კარს. პირველ ჯერზე მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია, მეორე ცდა კი უზუსტო გამოდგა.
ზესტაფონელებს რაც შეეხებათ, გელაშვილი-დვალი-შოთა გრიგალაშვილის შესანიშნავი "ტრიოს" დაკარგვის შემდეგ ამ გუნდის შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად დასუსტდა. ფეროელებს ბურთის კონტროლი და მეტოქის დაცვაში "ნაპრალების" მოძებნა ძალიან უჭირდათ.
პირველ ტაიმში მათ საგოლე მომენტი არც შეუქმნიათ. ტაიმის შუაწელიდან კი ინიციატივა მთლიანად გეგუჩაძის შეგირდების ხელში გადავიდა და ქუთათურებს უფრო აგრესიულად რომ ემოქმედათ, ადრევე დაწინაურდებოდნენ.
საბანაძეს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, ქუთაისელი ფორვარდი მცველებს კარგად დაუსხლტა და კარშიც დაარტყა, მაგრამ კვასხვაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. მალე საბანაძემ სტუმრები კიდევ აანერვიულა, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმა ხარიხას გადასცდა.
მეორე ტაიმი გაცილებით დინამიური და კარგი სანახავი გამოდგა. თამაშის განახლებისთანავე სტუმრებს ქუთაისელთა დასჯა შეეძლოთ: რაჟამაშვილის სწრაფი გარღვევისა და გადაცემის შემდეგ ოვონიკოკომ მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი, მაგრამ სიზუსტემ მცირედით უმტყუნა.
მალევე თორნიკე გორგიაშვილის დარტყმა მეკარე მიგინეიშვილმა უკუაგდო.
რიონისპირელებმა არანაკლებ სახიფათო შეტევით უპასუხეს: ქუთაისელთა კუთხურს ლექსო კვახაძის თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც კვასხვაძემ მოიგერია. დამატებაზე ბერიაშვილმა კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იმყოფებოდა...
მოგვიანებით ქუთათურებმა კიდევ ერთხელ შეარხიეს ზესტაფონელთა კარის ბადე, მაგრამ არბიტრმა მასპინძლები შეტევაში დააჯარიმა და ეს გოლიც არ ჩაითვალა, რასაც ქუთაისელთა პროტესტი მოჰყვა.
ამასობაში დავით რაჟამაშვილმა, რომელმაც დავით მუჯირთან ერთად ზესტაფონელთა თამაში აშკარად გამოაცოცხლა, ოვონიკოკოს კარგად ჩაუწოდა ბურთი, თუმცა ზესტაფონელთა ნიგერიელმა ფორვარდმა ხელსაყრელი სიტუაციიდან უხერხულად დაარტყა და კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან.
მატჩის ბოლო 10 წუთი ძალზედ დაძაბული გამოდგა. ელგუჯა გრიგალაშვილისა და საბანაძის ლამაზ კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ ისევ სუსტად დაარტყა. შემდეგ ბერიაშვილს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი - ქუთაისელთა ფორვარდი მცველებს კარგად გაექცა, მაგრამ ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა და კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ზესტაფონელებმა მუჯირის ორი სახიფათო შორეული დარტყმით უპასუხეს. შემდეგ ისევ მასპინძლები მოექცნენ ყურადღების ცენტრში - ვალერი ბოლქვაძის ახლოდან დარტყმულს მცველი გადაეღობა და "ზესტაფონი" გოლს გადაურჩა. თუმცა ქუთაისელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო, რაზეც თავიდანვე ვისაუბრეთ.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
27.08. ქუთაისი. ცენტრალური. 4500 მაყურებელი
ტორპედო-ზესტაფონი 1:0
გოლი: 1:0 დათუნაიშვილი (90.ფანცულაიას პასით)
ტორპედო ზესტაფონი
4-4-2 4-4-2
მიგინეიშვილი რ. კვასხვაძე
რიგვავა ღონღაძე
კვახაძე თედ. გრიგალაშვილი
ზ.ჭელიძე კობახიძე
გურული თორ. გრიგალაშვილი
ე. გრიგალაშვილი აფციაური
დოლიძე შარიქაძე
კუხიანიძე გორგიაშვილი
გ. დათუნაიშვილი მილხრაუმი
ბერიაშვილი კვერნაძე
საბანაძე ოვონიკოკო
მწვრთნელები:
გ. გეგუჩაძე გ. ჭიაბრიშვილი
ტორპედო
52. კუხიანიძე - ვ. ბოლქვაძე
72. დოლიძე - გიგაური
84. გრიგალაშვილი - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, შერგელაშვილი, ტუღუში
ზესტაფონი
17. მილხრაუმი - რაჟამაშვილი
58. კვერნაძე - დ. მუჯირი
72. აფციაური - სარდალიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, ელიავა, კაჭკაჭიშვილი
გაფრთხილება: თედ. გრიგალაშვილი (44), ღონღაძე (66)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
მატჩის შემდეგ
გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "რთული თამაში იყო, მოწინააღმდეგე ძალიან კარგად მოქმედებდა. მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მეტოქე მცირე უპირატესობას ფლობდა და ეს კარგად გამოიყენა.
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ვაპირებთ უცხოელი თავდამსხმელის დამატებას, რომელიც ამ დღეებში ზესტაფონში უნდა ჩამოვიდეს".
გია გეგუჩაძე (ტორპედო): "ძალიან კარგი და გახსნილი თამაში იყო. წესით, უხვგოლიანი მატჩი უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ალბათ, ჩვენ მეტი მონდომებისა და თავდადების წყალობით მივაღწიეთ წარმატებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"