სატელევიზიო საკითხებში კომპეტენტურ რამდენიმე პიროვნებასთან საუბრის შემდეგ დავადგინეთ,
"საფეხბურთო ღამე" ამიერიდან ერთ-ერთი წამყვანის არჩილ არველაძის გარეშე გავა: "აჩიკომ ჩვენი გადაცემის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ხშირად თურქეთშია, გადაცემისთვის ვეღარ იცლის და ამიტომ, "საფეხბურთო ღამე" მის გარეშე გავა. იმედი მაქვს, მოწვეული სტუმრების სტატუსით მთელი სეზონი ჩვენთან იქნებიან გიორგი დევდარიანი და კობა ჟორჟიკაშვილი. გადაცემის მსვლელობის დროს იქნება მაყურებლის ზარები და ვფიქრობ, გადაცემა კვლავ აქტუალური იქნება".
ობოლაძისვე თქმით, გადაცემის აღდგენა ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციის სურვილითაა განპირობებული: "ეროვნული ჩემპიონატი უკვე მესამე თვეა დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ტელევიზიები მას აღარ აშუქებენ. ასე არ შეიძლება! თუკი მაქსიმალური ყურადღება არ მიექცა და თუნდაც ტურის მიმოხილვა და სიუჟეტები არ ვაჩვენეთ, საქართველოს პირველობა მოკვდება. ტელევიზიას დიდი მნიშვნელობა აქვს და "რუსთავი 2-ს" ამიტომაც სურს მისი გაშუქება. თან წელს საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატია და ეს ბევრმა არც იცის".
პროფლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილის თქმით, მალე "პირველ არხზე" რეპორტაჟები და მიმოხილვა აღდგება.
"პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი "პირველი არხის" ხელმძღვანელ გია ჭანტურიას ესაუბრა. ჭანტურიამ პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და "პირველი არხის" ეთერში ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟების აღდგენის სურვილი გამოთქვა. ასე რომ, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. სხვათა შორის, რეპორტაჟების აღდგენა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩით გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა - უბრალოდ, ვერ მოესწრო. ახლა დაიწყება მოლაპარაკებები ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად და, ალბათ, შეთანხმებას ხელ მოვაწერთ. სავარაუდოდ, გადაცემა სანაკრებო მატჩების შემდეგ, მეორე წრიდან დაიწყება. მეორე წრის მატჩები კი 16 ოქტომბერს იწყება", - ამბობს აბაიშვილი.
"ლელომ" კომენტარი ლექსო თოფურიასაც სთხოვა. მედიაკომპანია "კოლხიდის" პრეზიდენტი გახლდათ პროგრამა "გოლის" იდეის სულის ჩამდგმელი, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, "კოლხიდასა" და პროფესიული ფეხბურთის ლიგას შორის გაფორმებული 20-წლიანი კონტრაქტი სექტემბერში გაწყდა. თოფურია იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც პროექტს პრობლემები შეექმნა.
"მე კი მსურდა პროექტის გაგრძელება, მაგრამ საბოლოოდ, კონტრაქტი მაინც ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ. სამწუხაროდ, ეროვნული პირველობის სატელევიზიო პროექტი რთული განსახორციელებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ დასკვნამდე მივედით - სანამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გარკვეულ კალაპოტში არ ჩაჯდებიან, ფინანსურად უზრუნველყოფილნი არ გახდებიან და სპონსორებს არ მოვიზიდავთ, სრულყოფილი სატელევიზიო პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. გადაცემას თანხები არ მოჰქონდა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი რეიტინგული არ არის და ბიზნესჯგუფებს არ აინტერესებთ. ბევრ ბიზნესმენს ველაპარაკეთ, მაგრამ მათი პოზიციები თითქმის იდენტურია. ვფიქრობ, პირველობას ადრე თუ გვიან მაინც გააშუქებენ და ეთერის მიღმა არ დარჩება, მაგრამ სხვა საკითხია, მოიტანს თუ არა ასეთი გადაცემები შემოსავალს. არადა, ფეხბურთის კომერციალიზაციის პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. "კოლხიდის" პროექტი კი სწორედ კომერციალიზაციას ემსახურებოდა. თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან სატელევიზიო პროექტი განხორციელდება და ქართული ფეხბურთი მომგებიანი გახდება", - გვითხრა თოფურიამ.