საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდის სტადიონზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და დავით ოდიკაძის დუბლის წყალობით, მეტოქე 2:1 დაამარცხა (იხილეთ ვრცლად).
ბათუმის "დინამომ" მასპინძლის რანგში ფოთში, "ფაზისზე" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და 0:2 დამარცხდა (იხილეთ ვრცლად).
15 სექტემბერს დარჩენილი ოთხი დაპირისპირებაა, საიდანაც გამორჩეული ორთაბრძოლა გორში გაიმართება.
"დილა" გორში სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს და პირველი გამარჯვების მოპოვებასაც იქვე შეეცდება.
ევროპის ლიგაზე ასპარეზობამ და სხვა მიზეზებმა საქართველოს თასის მფლობელის სუსტი სტარტი განაპირობა - "დილამ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა
"დინამომ" კი ჩინებული სტარტი აიღო და ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ოთხი ტურის შემდეგ ჩემპიონობის ორ პრეტენდენტს შორის ქულათა სხვაობა უკვე თერთმეტს შეადგენს და თავად განსაჯეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია უშუალო კონკურენტის მასპინძლობა გორელებისთვის.
ბუნებრივია, მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია დედაქალაქელებისთვისაც, რომელთაც ლიდერობის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულა ესაჭიროებათ.
"დილას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს ისრაელიდან საქართველოში დაბრუნებული გიორგი დარასელია, რომელსაც ზურგს საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მუშაობას კი იგი ახლა იწყებს და საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს ამ გამოწვევას.
საქართველო-ესპანეთის სანაკრებო დაპირისპირებაში მონაწილეობა ამ ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც მიიღეს. "დინამოს" "დილასთან" და სხვა უახლოეს მატჩებში ტრავმირებული გიორგი ლორია ვერ დაეხმარება.
ვინც "დილა"-"დინამოს" სანახავად გორის განახლებულ სტადიონზე ვერ შეძლებს მისვლას, მატჩის ვიდეოჩანაწერის ნახვას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით შეძლებს.
მთავარი მწვრთნელი "ზესტაფონსაც" შეეცვლება. ფოთში ფეროელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი ექნებათ ზაზა ზამთარაძესა და დავით მუჯირს. ამ უკანასკნელისთვის ეს საერთოდ, სამწვრთნელო დებიუტი იქნება.
არასახარბიელო სტარტის შემდეგ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მართებს და ვნახოთ, რას შესძენენენ დღეს ფეროელები საკუთარ აქტივს.
"კოლხეთმა" სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო, ჯერ არ მოუგია და ბოლოსწინა ადგილზეა, ასე რომ, ეს მატჩი დავით მახარაძის გუნდისთვისაც არანაკლებ საჭირბოროტოა.
"ტორპედოს" ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციების გამყარების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა.
გია გეგუჩაძის გუნდს მეტოქე საკმაოდ ძლიერი ჰყავს, თუმცა "ტორპედოს" საკუთარ მოედანზე "მერანის" დამარცხება ნამდვილად ხელეწიფება.
თუ ქუთაისელებმა მარტვილელებს აჯობეს, მეორე პოზიციას შეინარჩუნებენ და ლიდერ "დინამოს" შორს გაქცევის საშუალებას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, "ტორპედომ" წინა ტურში ძალიან შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - რუსთავში "მეტალურგი" 4:0 გაანადგურა.
საინტერესო ბრძოლის მომსწრენი უნდა გავხდეთ მცხეთაში, სადაც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან.
"ვიტ ჯორჯია" და "ზუგდიდი" სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლები არიან და ვნახოთ, შაბათს გასამართი მატჩი ამ მდგომარეობას უცვლელად დატოვებს თუ რომელიმე მათგანი საქმეს საგრძნობლად გამოასწორებს.
ასეთია ვითარება მატჩების წინ. საინტერესო მოვლენებს კი მხოლოდ გორში სულაც არ უნდა ველოდოთ.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | დინამო თბ | 4 | 4 | 0 | 0 | 12-2 | 12 |
2. | ჩიხურა | 5 | 4 | 0 | 1 | 8-4 | 12 |
3. | ტორპედო | 4 | 3 | 0 | 1 | 8-3 | 9 |
4. | მეტალურგი | 5 | 3 | 0 | 2 | 4-5 | 9 |
5. | სიონი | 5 | 1 | 3 | 1 | 7-7 | 6 |
6. | მერანი | 4 | 2 | 0 | 2 | 3-4 | 6 |
7. | ზუგდიდი | 4 | 1 | 2 | 1 | 3-2 | 5 |
8. | ზესტაფონი | 4 | 1 | 1 | 2 | 3-3 | 4 |
9. | ვიტ ჯორჯია | 4 | 1 | 1 | 2 | 2-3 | 4 |
10. | დინამო ბთ | 5 | 0 | 2 | 3 | 2-9 | 2 |
11. | კოლხეთი | 4 | 0 | 2 | 3 | 1-8 | 2 |
12. | დილა | 4 | 0 | 1 | 3 | 4-7 | 1 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"