იყო ასეთი ინფორმაციაც: "ოლიმპის" ხელმძღვანელებს მახარაძის გაშვება კი სურდათ, მაგრამ ეს ფინანსურად წამგებიან სვლად მიაჩნდათ და ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდნენ. საქმე ისაა, რომ მახარაძისა და "ოლიმპს" შორის
გუშინ "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ ჯაფარიძეს დავუკავშირდით. მან მახარაძის წასვლა დაგვიდასტურა...
- ბატონო ზურაბ, დანამდვილებით ვიცით, რომ თემურ მახარაძე "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის...
- რა ხდება? დღეს მთელი თბილისი ამაზე მირეკავს... მსგავსი რამ ოფიციალურად არ მითქვამს... "კოლხეთის" შემდეგ თემურს დასვენების საშუალება მივეცით. ეტყობა, ჯერ კიდევ დემორალიზებული იყო და ამიტომაც წავაგეთ ბოლნისში. თავად ფიქრობს - ხომ არ აჯობებდა, წლის ბოლომდე დამესვენაო... იცით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩავარდნა ყველაზე გამოცდილ სპეციალისტებსაც კი აქვთ. ამდენი წელია, მახარაძე მაღალ დონეზე მუშაობს, დიდი დამსახურებები აქვს, ბოლნისის "სიონშიც" ერთად გვიმუშავია, მერე "ოლიმპიც" ჩემპიონობამდე მიიყვანა და... გადაიღალა კაცი. ალბათ, მართალიც არის, რომ დასვენებას ითხოვს. თუ განცხადებას დაწერს, მის თხონას დავაკმაყოფილებთ.
- წასვლის სურვილი ოფიციალურად უკვე გამოთქვა?
- ბოლნისთან წაგების შემდეგ თავის ასისტენტ იური გაბისკირიას უთხრა - ალბათ, წავალო. ახლა სემინარზეა და 8 ოქტომბერს დაბრუნდება. სხვათა შორის, "სიონთან" მატჩამდე დაბრუნება თავად ვთხოვე. ვიფიქრე, მახარაძის დაბრუნდება ბიჭებზე დადებითად იმოქმედებს-მეთქი, მაგრამ... ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოგვივიდა.
- გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე ვერ დარჩება და რაკი ფაქტობრივად ადასტურებთ მახარაძის გადაგომას, მის შემცვლელსაც ეძებთ, ალბათ, ან შეიძლება, უკვე მოძებნეთ კიდეც...
- დიახ, ვეძებთ და რამდენიმე კანდიდატურაზეც ვფიქრობთ... არ მინდა, მახარაძის წასვლა ისე გაიგოთ, თითქოს მისი სიკეთე დავივიწყეთ, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩავარდნა ვის არ ჰქონია? თან იღბალიც არ სწყალობდა... რამაზ მუმლაძესაც ასე არ მოუვიდა? - "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონი გახადა, მაგრამ ქუთაისში დაინავსა და ასეთმა ძლიერმა სპეციალისტმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო.
- რაკი მუმლაძე თავად ახსენეთ, ბარემ ახლავე გკითხავთ - გვაქვს ინფორმაცია, რომ მახარაძის შემცვლელად ყველაზე სასურველ კანდიდატად სწორედ მუმლაძეს მიიჩნევთ...
- ვფიქრობთ, ვინ დავნიშნოთ... არ დაგიმალავთ, რომ მუმლაძე ნამდვილადაა ერთ-ერთი კანდიდატი... სხვებთან ერთად...
- უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაზე მეტი შანსი სწორედ მუმლაძე აქვს...
- ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა...
- ვერ ვიტყვით, რომ წელს "ოლიმპი" წარუმატებლად თამაშობს, თუმცა მაინც უკმაყოფილო ბრძანდებით. არასტაბილურობა მოკლე სათადარიგოთა სკამის ბრალიც ხომ არ არის?
- რას ლაპარაკობთ?! ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ - ვიტ ჯორჯიელები, აზერბაიჯანიდან დაბრუნებულები, უკრაინიდან მოდებაძე... საკადრო პრობლემა ნამდვილად არ გვაწუხებს, თემურს ყოველთვის სწყალობდა იღბალი, მაგრამ წელს აშკარად უმტყუნა. დაისვენებს და არაა გამორიცხული, "ოლიმპის" დირექტორატში მოვიდეს და სხვა კუთხით დაგვეხმაროს. გამოცდილი კაცია და მისი დაკარგვა არ გვინდა.
...ასე რომ, ჯაფარიძემ რამაზ მუმლაძისადმი არაპირდაპირი ინტერესი დაადასტურა. თუ ის მართლაც დაინიშნა "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად, ბედის ირონიით ახალ თანამდებობაზე 16 ოქტომბერს, თავისი ყოფილი კლუბის, "ვიტ ჯორჯიის" წინააღმდეგ ექნება დებიუტი. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ "ვეტერინარებთან" მე-7 ტურში წაგება გახდა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მისი წასვლის მიზეზი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"