სიონი-ზუგდიდი 0:0 - ბოლნისისთვის ჩვეული ნულები

AutoSharing Option
ბოლნისში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები შეხვდნენ და როგორც მსგავსი ხასიათის მატჩებისთვისაა დამახასიათებელი, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრენი გავხდით.

პირველმა ტაიმმა იმედი გაგვიჩინა, რომ ბრძოლასთან ერთად, მეტოქეები კარგ სანახაობასაც შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების შემდეგ მოედანზე მოვლენები არცთუ საინტერესოდ განვითარდა და ბოლნისური მატჩი უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ნულოვანი ფრით დასრულდა.

შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო და სახიფათო ეპიზოდები მატჩის დებიუტშივე ვიხილეთ. სიონელ გიორგი ჭანკოტაძეს დასაწყისში ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი ორივე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ცოტა ხანში გიორგი ჭედიამ ვერ გაიტანა, რის შემდეგაც უკვე "ზუგდიდის"
ჯერი დადგა და "სიონი" გოლს ბეწვზე გადაურჩა - ზვიად სიხარულიას ჯარიმას ვალიკო ტყემალაძის დარტყმა მოჰყვა, რისგანაც მასპინძლები კარის ძელმა გადაარჩინა.

თამაში ამის შემდეგაც დინამიკურად, ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. თენგიზ ჩიკვილაძის ჯარიმა მეკარემ მოიგერია, სტუმართა მომდევნო ორი შეტევისას კი ირაკლი ქობალიას მიზანმა მცირედით უმტყუნა.

პირველი ტაიმის ბოლოს ქობალიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას წინ "სიონის" კარის დარაჯი აღუდგა.

შეხვედრის მეორე ნახევარში კი უკვე აშკარად იგრძნობოდა, რომ ზუგდიდელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ - მათ მეორე ტაიმში რეალური საგოლე შანსი არ მისცემიათ, ბოლნისელებს კი სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ.

"სიონმა" შორეული დარტყმებით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ ვილი ისიანის, თორნიკე თარხნიშვილისა და ჯაბა უგულავას მცდელობები უშედეგო გამოდგა, გიორგი ქუცურუას კი მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება.

მატჩის მიწურულს მაინც მოხდა ერთი გამოსარჩევი ფაქტი - სიხარულია ბოლნისელთა საჯარიმოში მეტოქის მცველთა ორთაბრძოლაში დაეცა.

იყო თუ არა წესების დარღვევა, ამის დაზუსტებით თქმა მხოლოდ ვიდეოგამეორების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
26.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
სიონი-ზუგდიდი 0:0

სიონი ზუგდიდი
4-2-3-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი ძაგანია
ორბელაძე ფოფხაძე
სვანიძე ს. თოდუა
ქემოკლიძე გამეზარდაშვილი
ჩიკვილაძე აკობია
გ. ოქროპირიძე სიხარულია
თარხნიშვილი ტყემალაძე
ჭედია კუტალია
ჭანკოტაძე დ. ბოლქვაძე
ფეიქრიშვილი შ. ლომია
უგულავა ქობალია

მწვრთნელები:
ა. ჯელაძე ე. ქომეთიანი

სიონი
53. ჭანკოტაძე - მანწკავა
63. ფეიქრიშვილი - ქუცურუა
66. ჭედია - ისიანი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ლ. ჩხეტიანი, ნემსაძე, ხუბუა

ზუგდიდი
76. კუტალია - რ. ონიანი
77. დ. ბოლქვაძე - გუგუჩია
83. შ. ლომია - კუკავა
სათადარიგოები: მაქაცარია, აფაქიძე, ბოიომო, ეხვაია

გაფრთხილება: სიხარულია (21), ორბელაძე (32), ქემოკლიძე (51), შ. ლომია (61), თარხნიშვილი (80), უგულავა (82)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული