ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3 - წინამძღვრიშვილი: ნუ ჩამომწერთ!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ზესტაფონის" გაწვრთნა დავით მუჯირსა და ზაზა ზამთარაძეს მიანდეს, გუნდს შთამბეჭდავი შედეგები ჯერ არ აქვს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რატი წინამძღვრიშვილი "ზესტაფონის" ძირითადს დაუბრუნდა და "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის გმირიც გახდა.

წინამძღვრიშვილი სპეციფიკური ფეხბურთელი და ადამიანია და მწვრთნელის მხრიდან თავისებური მიდგომა სჭირდება. ის უდავოდ ნიჭიერია, თუმცა კარიერა კარგად რომ ვერ აეწყო, მიზეზი, ალბათ, სხვაგან არ უნდა ეძებოს.

როგორც უნდა იყოს, 26 სექტემბერს "მცხეთა პარკზე" ერთხელაც გამოჩნდა, რომ რატი დასაკარგავი ფეხბურთელი არ არის არც "ზესტაფონისთვის" და არც საქართველოს ჩემპიონატისთვის.

წინამძღვრიშვილი
არ არის ოპტიმალურ ფორმაში, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი, ფაქტობრივად, ჩაუვარდა, თუმცა ნიჭის და მონდომების ხარჯზე მცხეთაში კარგად ითამაშა და "ზესტაფონს" დიდად დაეხმარა ძალიან საჭირო სამი ქულის მოპოვებაში.

"ვიტ ჯორჯია" რიგიანად თამაშობდა. ლაშა კასრაძის შორეული, სახიფათო დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. გიორგი კორიფაძემ მარჯვენა ფლანგიდან საპირისპირო მხარეს ისეთი პასი გააკეთა შოთა დავლაშელიძის მისამართით, რომ "ვიტ ჯორჯიას" ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ დავლაშელიძის დარტყმა ხელებში გააქვავა როინ კვასხვაძემ.

"ზესტაფონს" თითქოს უჭირდა თამაშის დალაგება, მაგრამ ლევან შარიქაძემ ისეთი მახვილგონივრული გადაცემა შეასრულა, რომ "ვიტ ჯორჯიას" მთელი დაცვა "მოტეხა", წინამძღვრიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და 0:1.

"ზესტაფონს" უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, წინამძღვრიშვილის გადაცემით მიხეილ სარდალიშვილი აღმოჩნდა საგოლე პოზიციაზე, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

"ვიტ ჯორჯიას" კი საგოლე შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია - რევაზ ღანიაშვილმა ჩინებულად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, კარგად ჩააწოდა და ბესიკ ჩიმაკაძემ თავურით გაათანაბრა.

ტაიმის დასრულებამდე ორივე გუნდმა შექმნა სახიფათო მომენტი. ისეთი თამაში წავიდა, რომ იოლი გამოსაცნობი იყო - გოლები კიდევ იქნებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდს ჰქონდა უპირატესობა, ამას უფრო გარდამავალი ხასიათი ჰქონდა.

"ზესტაფონი" ხელახლა ასე დაწინაურდა - თორნიკე გრიგალაშვილის ფლანგური შეტევის შემდეგ ბურთისთვის წინამძღვრიშვილმა იბრძოლა, საგოლე დარტყმა კი სარდალიშვილმა შეასრულა.

ამის მერე სახიფათო თუ საგოლე მომენტებს "ვიტ ჯორჯია" ქმნიდა. "ზესტაფონს" ნახევარდაცვაში გაუჭირდა. ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი - პატარა დანაკლისი ნამდვილად არ არის. ფეროელთა თამაშის ორგანიზატორობა შოთა ბაბუნაშვილმა იკისრა და რამდენიმე კარგი გადაცემაც გააკეთა, თუმცა "ზესტაფონის" შუა ხაზი მაინც სუსტ წერტილად მოჩანდა.

ვიტჯორჯიელთაგან ფეხმალი მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა გამოირჩა, არაერთხელ ჩაიქროლა მარჯვენა ფლანგზე და მწვავედაც გზავნიდა ბურთს კვასხვაძის კარის გასწვრივ.

ჩიმაკაძის თავური მეკარემ მოიგერია, გიორგი ვასაძის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ჩიმაკაძეს მცველმა დაუფარა, ვასაძის დარტყმასაც ერთ-ერთი ზესტაფონელი გადაეფარა...

"ვიტ ჯორჯიამ" მაინც მოახერხა გამთანაბრებელი გოლის გატანა - გურამ გურეშიძემ კუთხური ჩააწოდა, გიორგი გეთიაშვილმა თავით დაუგდო ბურთი ჩიმაკაძეს და ვიტჯორჯიელთა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მეორე გოლიც თავურით შეაგდო.

ეს ყველაფერი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ხდებოდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ამ მონაკვეთში გავიდოდა ორი გოლი.

"ზესტაფონმა" ისევ მარჯვენა ფრთიდან შეუტია. თორნიკე გრიგალაშვილის შეტევა თემურ ღონღაძემ გააგრძელა. დამაგვირგვინებელი დარტყმა კი წინამძღვრიშვილის იყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ წინამძღვრიშვილის გოლამდე ბექა ზაქრაძემ გაანიავა საგოლე შანსი, ხელსაყრელი პოზიციიდან ხეირიანად ვერ დაარტყა. ერთი სიტყვით, იღბალმა "ვიტ ჯორჯიას" ზურგი შეაქცია...

მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" მწვრთნელთაგანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ მის გუნდს იღბალიც დაეხმარა. მუჯირმა "ზესტაფონის" დანაკლისზეც ისაუბრა და დასძინა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობის შესანარჩუნებლადო.

"ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელმა მერაბ კოჭლაშვილმა კი განაცხადა, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ოღონდაც ყისმათი მართლა გვაკლდა, ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით გოლებიო.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
26.09. მცხეთა პარკი. 1000 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3
გოლები: 0:1 წინამძღვრიშვილი (19), 1:1 ჩიმაკაძე (43, ღანიაშვილის პასით), 1:2 სარდალიშვილი (57, წინამძღვრიშვილის პასით), 2:2 ჩიმაკაძე (90+1, გეთიაშვილის პასით), 2:3 წინამძღვრიშვილი (90+3, ღონღაძის პასით)

ვიტ ჯორჯია ზესტაფონი
4-4-1-1 4-2-3-1
დაუშვილი რ. კვასხვაძე
ხურცილავა ღონღაძე
გოგიაშვილი კობახიძე
გეთიაშვილი კაჭკაჭიშვილი
ღანიაშვილი თედ. გრიგალაშვილი
კასრაძე თორ. გრიგალაშვილი
ვასაძე შარიქაძე
კორიფაძე ბაბუნაშვილი
გურამ გურეშიძე რაჟამაშვილი
დავლაშელიძე სარდალიშვილი
ჩიმაკაძე წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე

ვიტ ჯორჯია
46.დავლაშელიძე - ჯუღელი
60. კასრაძე - ლობჯანიძე
85. კორიფაძე - ზაქრაძე
სათადარიგო: რეჭია, ტეტუნაშვილი, ჯავაშვილი, ღიბრაძე

ზესტაფონი
46. შარიქაძე - ელიავა
69. სარდალიშვილი - ჭანტურიშვილი
86.რაჟამაშვილი - შარვაძე
სათადარიგო: მამალაძე, სამუშია, კვერნაძე, დ. მუჯირი

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (39), თევდორე გრიგალაშვილი (56), ჯუღელი (59)

მსაჯი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული