საქართველოს პრემიერლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურიდან ტურამდე უფრო და უფრო ცხადი ხდება, თუ რომელი უმაღლესლიგელი რა მიზნებს შეეჭიდება.

ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე ჩემპიონატი განსაკუთრებული სიურპრიზებით მიმდინარეობს, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე გუნდი მოსალოდნელზე ძლიერად, რამდენიმე კი მოსალოდნელზე სუსტად ასპარეზობს.

რაც შეეხება გასულ ტურს, 26 სექტემბერს გამართული მატჩები მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა, სატურნირო ცხრილში კი სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა.

დარასელიას ზედიზედ მესამე
ტურის ცენტრალურ მატჩებად "დილა"-"მეტალურგი" და "ჩიხურა"-"დინამო" გამოვყავით და პირველად სწორედ ეს შეხვედრები გავიხსენოთ.

ძნელია, წარმოიდგინო იმაზე უფრო შთამბეჭდავი დებიუტი, როგორიც გიორგი დარასელიას აქვს
"დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. წლების განმავლობაში ისრაელში მომუშავე სპეციალისტმა ერთქულიანი გორული კლუბი ოთხი ტურის შემდეგ ჩაიბარა და უმალ გახდა სამმატჩიანი მოგებათა სერიის შემოქმედი.

თანაც, ეს გამარჯვებები "დილამ" რიგით უმაღლესლიგელებთან კი არა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებთან მოიპოვა - დარასელიას გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია თბილისის "დინამოს", "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს".

აი, ასეთი მძიმე კალენდარი აქვს საქართველოს თასის მფლობელს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - კვირას "დილა" ქუთაისს ეწვევა და ჩემპიონატის ლიდერ "ტორპედოს" დაუპირისპირდება. თუ შიდაქართლელებმა იქაც ივაჟკაცეს, უფერული სტარტის გამო დაკარგულ პოზიციებს თითქმის მთლიანად დაიბრუნებენ და სრული სვლით ჩაერთვებიან ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში.

რა გასაკვირია და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი დარასელია ზედიზედ მესამედ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

"მეტალურგის" კარში მესამე გოლი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, რომელმაც ზაფხულში "დილას" სწორედ რუსთავური კლუბიდან მიაშურა.

ლიდერთა მძიმე გასვლები
მედალს ორი მხარე აქვს და თუ გულშემატკივართა ნაწილს თბილისის "დინამოს" მიერ ივანწმინდაში ნათამაშები ფრე დანაკარგად მიაჩნია, მეორე მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჩიხურასთან" სტუმრად მოპოვებული ქულა ყველაზე ამბიციური ქართული კლუბებისთვისაც კი არ უნდა იყოს კატასტროფული შედეგი.

ყველა მატჩს ვერავინ მოიგებს, "დინამოსთვის" კი ეს აუნაზღაურებელ დანაკარგად არ უნდა იქცეს.

გამარჯვების შემთხვევაში "დინამო" ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, "ჩიხურა" კი მოგებით საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ქულებით გაუთანაბრდებოდა, მაგრამ საწადელს ვერც მასპინძლებმა მიაღწიეს და ვერც - სტუმრებმა.

"ჩიხურას" მიერ ქულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა გამოცდილმა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა, რომელიც გუნდს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა და საჩხერელთა კარი საიმედოდ დაიცვა.

საჩხერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უმაღლეს ლიგაში სტატისტებად არ დაბრუნებულან და მინიმუმ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.

ივანწმინდაში დაფიქსირებული საყაიმო შედეგით ყველაზე უკეთ "ტორპედომ" ისარგებლა და ფოთში მოპოვებული ქულაც ეყო იმისთვის, რომ "დინამოსთან" ერთად ცხრილის სათავეში დარჩენილიყო.

"კოლხეთს" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია და იმის მიუხედავად, რომ კლასით თავისზე მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს მასპინძლობდა, ნავსის გასატეხად ძალ-ღონე არ დაუშურებია. ფოთელები დაწინაურებულებიც იყვნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს "ტორპედომ" თანაფარდობა აღადგინა. მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს.

არწაგების მიუხედავად, ფოთელებმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლეს და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება მართებთ; "ტორპედოს" კი, "დინამოსი" არ იყოს, ეს ფრე საქმეს დიდად ვერ გაუფუჭებს. მსგავსი დანაკარგების გარეშე სეზონს ჩემპიონიც კი ვერ ჩაამთავრებს.

ნავსი "ჩელე არენაზე" გატყდა
ქობულეთის განახლებული სტადიონი (რომელსაც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის საპატივცემულოდ "ჩელე არენა" ეწოდა), საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი, მეტოქე, რომელიც სტუმრად ძლიერი თამაშით ვერ დაიკვეხნის - საკმარისზე მეტი წინაპირობაც კი იყო იმისთვის, რომ ბათუმის "დინამოს" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ეზეიმა და ეს ზეიმი შედგა კიდეც.

თანაც, აჭარულმა კლუბმა მარტვილის "მერანს" ძალიან დამაჯერებლად, ოთხბურთიანი უპირატესობით სძლია და სატურნირო ცხრილის უკანასკნელი პოზიცია დატოვა.

მატჩის გმირად ბათუმელთა 24 წლის ფორვარდი, მიხეილ ჯორბენაძე უნდა დავასახელოთ (რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა), ერთი გოლი კი გამოცდილმა და უბერებელმა ამირან მუჯირმა გაიტანა.

თრილერი მცხეთა-პარკზე
"ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონის" მატჩი კი აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ. ჩვენს ჩემპიონატში ძალიან ცოტაა ასეთი შინაარსიანი და სანახაობრივი შეხვედრები. არადა, მათი რაოდენობა შედარებით მეტი რომ იყოს, ტრიბუნებზე ხალხის რაოდენობა მცირედით მაინც მოიმატებდა.

მცხეთაში გამართულ მატჩში მარცხისთვის მასპინძელიც დაგვენანებოდა და სტუმარიც. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ საწადელს "ზესტაფონმა" მიაღწია.

ყველაზე საინტერესო ამბები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, როცა ჯერ ვიტელმა ბესიკ ჩიმაკაძემ გაათანაბრა ანგარიში და დუბლი გაიფორმა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლი ფეროელთა ფორვარდმა რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა.

"ვიტ ჯორჯიასთვის" ქულაც არ იქნებოდა ურიგო შედეგი, არასტაბილურად მოასპარეზე "ზესტაფონს" კი ამ გამარჯვებამ სულზე მოუსწრო - წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამჟამინდელ სატურნირო ცხრილში ზეექვსეულს მიღმა იქნებოდა.

ეს მატჩი, რასაკვირველია, განსაკუთრებით გამორჩეული პირადად წინამძღვრიშვილისთვის იყო. შეგახსენებთ, რატიმ "ზესტაფონი" ზაფხულში დატოვა, გუნდს სულ ახლახან დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში ეს მისი პირველი გოლებია.

აშკარაა, რომ დღეისთვის "ზესტაფონს" ყველაზე დიდი პრობლემები წინა ხაზში აქვს და თუ წინამძღვრიშვილი სტაბილურად ათამაშდა, ეს საკითხი ნაწილობრივ მაინც გადაიჭრება.

ბოლნისურ მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია - 0:0 "სიონისთვის" უფრო დანაკარგია, "ზუგდიდისთვის" კი სტუმრად მოპოვებული ქულა ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

ბოლოს ორი სიტყვით კვირას გასამართ მომდევნო ტურსაც შევეხოთ, სადაც ყველაზე საინტერესო მატჩები "ტორპედო"-"დილა" და "ზესტაფონი"-"ჩიხურაა". ცხრილში კი ცვლილებების შეტანა ამ მატჩებსაც შეუძლია და სხვა დაპირისპირებებსაც.

ამ და 30 სექტემბერს გასამართი სხვა შეხვედრების წინათქმას "ლელოს" 29 სექტემბრის ნომერში გაეცნობით.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
ჩიხურა-დინამო 0:0 - უგოლო ფრე მეკარეთა დამსახურებით
დილა-მეტალურგი 3:0 - ბეჭედი გიგა ბეჭვაიამ დასვა
კოლხეთი-ტორპედო 1:1 - ფოთელებმა ლიდერი შეაჩერეს და ბოლოზე დაეშვნენ
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3 - წინამძღვრიშვილი: ნუ ჩამომწერთ!
სიონი-ზუგდიდი 0:0 - ბოლნისისთვის ჩვეული ნულები
დინამო (ბთ)-მერანი 4:0 - ქობულეთის არენა გამარჯვებით გაიხსნა

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1. დინამო (თბ) 7 5 1 1 17-4 16
2. ტორპედო 7 5 1 1 18-5 16
3. ჩიხურა 7 4 1 2 10-8 13
4. მეტალურგი 7 4 0 3 6-9 12
5. დილა 7 3 1 3 10-7 10
6. ზესტაფონი 7 3 1 3 8-6 10
7. ზუგდიდი 7 2 4 1 7-4
10
8. მერანი 7 3 0 4 4-12 9
9. სიონი 7 1 4 2 7-8 7
10. დინამო (ბთ) 7 1 2 4 7-14 5
11. ვიტ ჯორჯია 7 1 2 4 4-11 5
12. კოლხეთი 7 0 3 4 3-13 3

სიმბოლური ნაკრები გაზეთ "ლელოს" ვერსიით

Sportall.Ge

VIII ტური
30 სექტემბერი, კვირა
მერანი-ზუგდიდი
დინამო (თბ)-სიონი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-დილა
დინამო (ბთ)-კოლხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო ხართ ასეთი ტენდენციურები და ტანაც უცოდინრები??????
თუ ვერ გებულობთ რა წერია ჩემპიონატის რეგლამენტში ვინმე თქვენზე ჭკვიანს მაინც კითხეთ!!!!!
პირველ ადგილზე წინა ტურშიც და ახლა მითუმეტეს უნდა იყოს ტორპედოოოოო.

პ.ს. თუ ასე გინდათ დინამო რო პირველზე იყოს ჩააწერინეთ რეგლამენტში - ტანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება დინამოსთქო და ტქვენც დაისვენებთ და ჩვენც!!!!
Kutaiseli
12:04 28-09-2012
0
ვაი რომ ესეთი უცოდინრები ადგენენ სიმბოლურ ნაკრებსაც!!
ბეჭვაია ნახევარმცველია და ცენტრალურ მცველად აირჩიეს?
მოდებაძე თავდამსხმელია და მარცხენა ნახევარმცველად დასვეს?
და საერთოდ მე მგონი ვისაც გოლი გააქვს ის შეჰყავთ ამ ნაკრებში! აბა ამირან მუჯირი ძლივს დადიოდა სტადიონზე - პირადად ვუყურე თამაშს!!! შე დალოცვილო კუხიანიძე, გრიგალაშვილი და გიგაური - ამ სამიდან ყველამ ისე ითამაშა, რომ გადახნეს სტადიონი!!!
zura
15:59 28-09-2012
0

სიახლეები პოპულარული