გამოცდილმა თავდამსხმელმა კარიერა ესტონურ "ლევადიაში" დაიწყო, უთამაშია ბელგიურ "ბრიუსელში" (2004-2006) და "ეუპენში" (2005), მოსკოვის "ტორპედოში" (2007-2008), შვედურ "სირიანსკაში" (2009), რუსულ "ლუჩ-ენერგიაში" (2009), ბაქოს "ნეფთჩიში" (2010), ბოლოს კი რუსეთის პირველი ლიგის "ხიმკიში" (2011-2012).
ესტონეთის ნაკრებში ჩატარებულ 25 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.
ესტონელმა "დინამოში" უკვე მეშვიდე მატჩი ჩაატარა, მაგრამ პირველი გოლი სწორედ ბოლო ტურში ბოლნისის "სიონთან" გაიტანა: შეხვედრის 26-ე წუთზე ლევან ხმალაძის ფლანგური გადაცემა მშვენიერი თავური დარტყმით დაასრულა.
"ლელომ" ვლადიმერ ვოსკობოინიკოვს ინტერვიუ ჩამოართვა:
-
- ამ მატჩში "დინამოს" შეტევაში ყველაფერი იოლად გამოსდიოდა. ალბათ, ნავსის გატეხვაში ესეც დაგეხმარათ.
- ყველაზე რთული პირველი გოლის გატანაა. ეს მეხება მეც და გუნდსაც. პირველ ტაიმში ცუდად არც მეტოქე გამოიყურებოდა, გატანაც შეეძლო, მაგრამ შესვენებამდე რომ 3:0 დაფიქსირდა, ყველაფერი ნათელი გახდა.
- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდით?
- როდესაც საქართველოში ჩამოვედი, თავიდან მათამაშებდნენ, მერე ვითარება შეიცვალა და ძირითადში ვეღარ ვხვდებოდი. ალბათ, შედარებით უკეთ თავის გამოვლენა სწორედ დღეს მოვახერხე, გოლიც გავიტანე.
- პირველი გოლი ყველა თავდამსხმელზე დადებითად მოქმედებს.
- ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თავდამსხმელი შესაძლოა ადრე გაიხსნას, შესაძლოა, გვიან. მთავარია, გუნდს მოერგოს.
- თუმცა, ლეგიონერი თავდამსხმელისგან ყველა გოლს ითხოვს. თქვენც გექნებოდათ ნდობის გამართლების სურვილი - უგოლო სერიაზე არ ნერვიულობდით?
- მერწმუნეთ, ეს არ მთრგუნავდა. თუკი ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, ამასაც გაუძლებ. ახალ გუნდთან შეგუებას და თანაგუნდელებთან საერთო ენის გამონახვას ყოველთვის დრო სჭირდება. პატარა წარუმატებლობა მათზე მოქმედებს, ვინც ყველაფერს განიცდის და სუსტია. მე კი ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიტანდი.
- წლეულს "დინამო" ისეთ ქულებს არ კარგავს, რომლის გამოც წინა სეზონში სამეულშიც ვერ მოხვდა. თქვენი აზრით, რა არის გუნდის ლიდერობის მიზეზი?
- საერთოდაც, აქ ურიგო გუნდები და ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ ნაწილი ფიზიკურად კარგად მომზადებული არ არის. ამის გამო თავიდან წინააღმდეგობას კი გვიწევენ, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ძალა ეცლებათ და სირბილი და წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ. თუ დააკვირდებით, გოლები ხშირად მატჩის ბოლოს გაგვაქვს.
- ანუ ჩვენს ჩემპიონატში ფიზიკურად სუსტი გუნდები თამაშობენ?
- ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. არიან ძლიერი გუნდები, მაგრამ ბევრი ყურადღებას ტექნიკას უფრო აქცევს, ვიდრე ფიზიკურ მომზადებას. შესაძლოა, ბევრს სირბილიც არ უყვარს.
- ჩისკო პირიქით ამბობს, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები გყავთ, მაგრამ არასწორად თამაშობენ და ამიტომ იღლებიანო.
- არც უამისობაა. ვიმეორებ, რამდენიმე გუნდი სწორედ უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე დავამარცხეთ. მაგრამ მომეწონა "ტორპედო", "დილა" და "ჩიხურა". სამივე ძლიერი გუნდია.
ჯერ სხვებთან არ გვითამაშია და მათი შეფასება გამიჭირდება, მაგრამ აშკარად დავინახე, რომ ეს სამეული ფიზიკურადაც კარგად არის მომზადებული და ტექნიკურ-ტაქტიკურადაც. მიმაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სწორედ ამ გუნდებთან მოგვიწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-სიონი 7:2 - დინამიური დარბევა...