მაგრამ გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდნამ და ზოგადად, ფეხბურთის მიმართ უყურადღებობამ, გორის საფეხბურთო სკოლებზეც მოახდინა გავლენა და მოხდა ისე, რომ მადააღძრულ "დილაში" ახლა ორიოდე ადგილობრივი ირიცხება.
გორელი გულშემატკივრის სურვილი, რომ შემადგენლობაში მეტი თავისიანი იხილოს, გასაგებია, მაგრამ გუნდის ამბიციის შესაბამისი კვალიფიკაციის ბევრი ადგილობრივი ფეხბურთელი არც მოიძებნება.
ამ იშვიათ მოთამაშეთა კატეგორიას განეკუთვნება რომან ახალკაცი. მართალია, გამოცდილი
რომან ახალკაცი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.
- წლეულს "დილა" ჩემპიონატში არასტაბილურად თამაშობს - ჯერ სამი შეხვედრა წააგეთ, მაგრამ ბოლო ოთხი მოიგეთ. ევროთასების დროს საქართველოს ჩემპიონატი "დაგავიწყდათ"?
- უბრალოდ, მწვრთნელები იძახდნენ და მართლებიც იყვნენ, რომ გადაღლილები ვიყავით. ევროპაში სამჯერ დამღლელმა მგზავრობამ და წამყვანი მოთამაშეების ტრავმებმა ჩემპიონატში ჩვენს გამოსვლას თავისი დაღი დაატყო. შეზღუდული რესურსით ყურადღება ევროპის ლიგაზე გადავიტანეთ.
რაც უნდა ვთქვათ, იმდენი ძალაც არ გვქონდა, ორივე ფრონტზე თანაბრად გვებრძოლა. თანაც, სუსტ გუნდებთან არ წაგვიგია: "ვიტ ჯორჯია", "ჩიხურა" და "სიონი" საკმაოდ მომეწონა, ჩვენს ჩემპიონატში თამაში კი ნამდვილად არ არის ადვილი.
- ძირითადად, შეცვლებზე თამაშობ, მაგრამ გუნდში შენი როლი აშკარად გაკისრია - გამწვავება გევალება. ეს გუნდის ტაქტიკის ნაწილია?
- თემურ შალამბერიძე მეუბნებოდა კიდეც, რომ შეცვლებზე უკეთ თამაშობ, ამ დროს უფრო ამწვავებო. გიორგი დარასელიას დანიშვნის შემდეგ "ზესტაფონთანაც" ასე მოხდა და ვნახოთ, ახალი მწვრთნელი რა როლს დამაკისრებს.
- შენი აზრით, წლეულს "დილას" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია?
- შემადგენლობა თუ შევინარჩუნეთ, ჩემპიონობის ძალიან დიდი შანსი გვექნება, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. მთავარია, ვითარება არ შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, გუნდში ყველა უკეთესობის იმედად ვართ.
- "დილაში" ბევრი ამბიციური მოთამაშეა, მაგრამ მათ შორის ცოტა გორელი ხართ. ხარისხიანი ადგილობრივი მოთამაშეების ნაკლებობას როგორ ახსნიდი?
- არიან ბიჭები, რომლებიც ახლა გუნდში არ არიან, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება. საერთოდ, გორში ყოველთვის ნიჭიერი ბავშვები მოდიოდნენ.
მაგრამ წლების წინ "დილას" უმაღლესი ლიგიდან გავარდნამ ქალაქში ფეხბურთის კრიზისი გამოიწვია და ლოგიკურია, ამან გავლენა საფეხბურთო სკოლების მუშაობაზეც რომ მოახდინა - ელემენტარულად, მწვრთნელებს გასაქანი არ ჰქონდათ, ან ბავშვები ვისთვის უნდა გაეზარდათ, როდესაც ოთხი წლის წინ "დილა" პირველ ლიგაშიც არ თამაშობდა.
საბედნიეროდ, უმაღლეს ლიგას დავუბრუნდით, რამაც გორში სტიმული დააბრუნა - ბავშვების თამაშებს რომ დაესწროთ, მიხვდებით, საინტერესო თაობა მოდის.
კარგია ისიც, "დილას" დუბლშემადგენლობა რომ ჰყავს, სადაც ბავშვები იზრდებიან. ამას გარდა, გორის მეორე კლუბი, "ქართლიც" ამოქმედდა, რომელმაც "დილა" ფეხბურთელებით უნდა მოამარაგოს.
ორიოდე დღის წინ გუნდის შეხვედრას დავესწარი და რამდენიმე ფეხბურთელი მომეწონა. არიან გამოცდილებიც და ნიჭიერი ახალგაზრდებიც. ზოგიერთი მათგანი "დილაში" მაშინ თამაშობდა, როდესაც რეგიონული ლიგიდან უმაღლესში გადმოვედით.
- ცოტა უცნაურია, რომ ბოლო ორი წელია, ფლანგის სწრაფ მოთამაშეს ხშირად პლეიმეიკერადაც გათამაშებენ...
- წლოვანებაში რომ შევედი, ძველებური სისწრაფით ვეღარ გამოვირჩევი, მაგრამ გამოცდილებამ და წლებმა უკეთესი პასები მასწავლა და ამპლუას ამიტომაც მიცვლიან.
სხვათა შორის, ტრავმირებული ირაკლი მოდებაძის არყოფნაში, ჩვენმა ახალმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ კიდევ ერთხელ შემიცვალა ამპლუა და მითხრა, შენს უკან დაწევასა და ფლანგზე თამაშს მირჩევნია, ცენტრალურ თავდამსხმელად გამოგიყენოო.
ალბათ, ირაკლი რომ ჯანმრთელად ყოფილიყო, ცენტრფორვარდობა არ მომიწევდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები