დილა-დინამო (ბთ) 2:0 - გორელებმა ზღვაც მშრალად გადაცურეს

AutoSharing Option
დღევანდელი ფორმაციის გორის "დილა" სეზონის სტარტიდანვე საქართველოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა, მაგრამ გიორგი დარასელიას თავკაცობით იგი კიდევ უფრო შედეგიანი და მრისხანე გახდა!

ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით ზედიზედ ხუთი ტურია, გორელები იგებენ და თანაც, გოლის გაუშვებლად. მეტიც, ბურთი მათ კარში ბოლოს 26 აგვისტოს გავიდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე "დილამ" ზედიზედ ოთხ წარმატებულ შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერები დამაჯერებლად მოინელა, მათგან ბათუმის "დინამოს" დამარცხებაში ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი.

ზღვისპირელები შეხვედრის პირველი წუთებიდანვე მართლაც მსხვერპლის როლში ჩანდნენ და მიუხედავად მეტოქისთვის გაწეული ღირსეული წინააღმდეგობისა, მასპინძლებისთვის
მოსაგებად ძალა აშკარად არ ჰყოფნიდათ. გორელებმა ისინი რამდენიმე წამყვანი მოთამაშის (სალუქვაძე, მოდებაძე, გოგუა) გარეშე გააკრეს ბეჭებზე.

დარასელიას გუნდი შეტევაზე ორიენტირებული ტაქტიკური განლაგებით გავიდა მოედანზე, გია გურულმა კი თავისი შვილის გუნდისთვის "თავის ასატკიებლად" შეგირდებს სწრაფი კონტრშეტევებით თამაში დაავალა.

პირველი ხიფათი სტუმართა კართან რომან ახალკაცმა მე-8 წუთზე შექმნა, როდესაც თავისი წამოწყებული კომბინაცია გიორგი კახელიშვილთან გათამაშებით გააგრძელა, თუმცა საპასუხოდ მის მიერ კარის გასწვრივ ჩამოწოდებულ ბურთს თავი სუსტად დაუხვედრა. ეს გორელი მოიერიშე ამ დღეს მოდებაძის ნაცვლად თამაშობდა და საკმაოდ აქტიურიც გახლდათ.

გუნდის კაპიტან ლაშა სალუქვაძის ნაცვლად დაცვის ცენტრში თომაშვილთან შეწყვილებული ონიანიც, თავისი ამპლუის შესაბამისად, საიმედოობით გამოირჩეოდა. პირველ ტაიმში ონიანმა შეტევაში ჩართვა გოლითაც დაასრულა, მაგრამ მსაჯმა სხვა გორელი ფეხბურთელის მიერ ბათუმელთა საჯარიმოში წესის დარღვევის გამო არ ჩათვალა.

მე-20 წუთზე "დილას" ისევ ახალკაცის მეცადინეობით შეეძლო ეხეირა. რომანის სოლორეიდს და დარტყმულს სიზუსტე დააკლდა ოდნავ.

საპასუხოდ მწვავე ეპიზოდი უმალვე შექმნა დინამოელმა თორნიკე ბერიძემ მარინ სკენდერის კართან, როდესაც გორელების კარის ხორვატმა დარაჯმა თავისი გუნდი ბურთის კუთხურზე მოგერიებით გადაარჩინა.

მას შემდეგ, რაც დარასელია "დილას" ჩაუდგა სათავეში, ამ გუნდის ფეხბურთელები ყოველ თამაშში ბურთის კონტროლისთვის მუდამ განსაკუთრებული მონდომებით ირჯებიან. ასე იყო ამ შეხვედრაშიც. მასპინძლების მიერ მატჩის სადავეების ხელთგდება განსაკუთრებით ნათლად პირველი ტაიმის განმავლობაში ჩანდა. შეტევისას კი გამორჩეულად აქტიური მარჯვენა ფლანგი და იქ მოთამაშე გიორგი კახელიშვილი გახლდათ.

გიორგის გოლიც ძალიან ლამაზი გამოუვიდა. იგი საჯარიმოს მისადგომებთან მეურვეთაგან თავისუფალი იდგა, ახალკაცის პასი მიიღო და დაახლოებით 22 მეტრიდან მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

გოლის შემდეგ "დილამ" კიდევ უფრო აუღელვებლად განაგრძო გარჯა. სტუმრების მხრიდან ანგარიშის გასათანაბრებლად გაწეული მონდომება კი ამაო გამოდგა. მეტიც, შესვენებამდე კახელიშვილმა ლამის ორამდე გაზარდა სხვაობა. ჯერ 41-ე წუთზე მისი კარის გასწვრივ ჩაწოდებული მამინაშვილის მიერ უხერხულად მოგერიების გამო კინაღამ ბადეში გაეხვა, ოთხ წუთში კი ისევ კახელიშვილმა ზუსტად იმ ადგილიდან, საიდანაც გოლი შეაგდო, ისევ გაგზავნა ბურთი კარისკენ - სტუმართა კარის დარაჯმა კი ამჯერად გადაარჩინა "დინამო".

მეორე ტაიმის დასაწყისიდან გია გურულმა ორი ახალი ფეხბურთელი, ლაშა თოთაძე და დათა სიჭინავა შეუშვა მოედანზე და აღსანიშნავია, რომ ორივე კარგად ჩაერთო თამაშში. თოთაძემ ბათუმელთა დაცვა გაამაგრა, ხოლო სიჭინავამ სტუმართა იერიშებს სიმწვავე შემატა.

ვინაიდან მასპინძელთა დაცვის ხაზის გავლა ძალიან ჭირდა, სწორედ სიჭინავას მიერ შორიდან დარტყმებს მოჰქონდა მეტ-ნაკლები ხიფათი სკენდერისთვის.

გვერდს ვერ ავუვლით შეხვედრის განმავლობაში ფეხბურთელთა მიკროტრავმების მიზეზით ექიმების მოედანზე ხშირ "სტუმრობას", რასაც, შესაბამისად, მატჩის ზედმეტად ხშირად გაჩერება და მაყურებელთა უკმაყოფილება მოსდევდა. არადა, თამაში ხისტი ნამდვილად არ ყოფილა და ზემოთაღნიშნული ხშირი ტრავმები, ალბათ, ფეხბურთელების სუსტი ფიზიკური მომზადების ბრალია.

ასე თუ ისე, ტაიმის ბოლოსკენ სანახაობამ მკვეთრად იკლო, მაგრამ შეცვლაზე შემოსული გოჩა ხოჯავას დამსახურებით მახვილგონივრულმა გადაცემებმა უფრო იმატა - მეორე გოლიც ვიხილეთ. 82-ე წუთზე ხოჯავას ჩამოწოდებული კუთხური შოთა კაშიამ მამინაშვილის კარის სიახლოვეს გადაამისამართა, სანდრო გურულმა კი მამამისის დამოძღვრილი გუნდის კარში შეაგდო.

სამ წუთში ისევ ხოჯავამ მოზომილი შორეული პასით კლიმიაშვილი დატოვა მეკარესთან პირისპირ, თუმცა შემტევს მეკარემ აჯობა.

მატჩის მიწურულს კარიდან ორიოდ მეტრში მყოფ გოგიტიძეს გატანის ძალიან კარგი შანსი არ გამოაყენებინეს "დილას" მცველებმა. უკანასკნელ წუთზე კი თოთაძის სახიფათო სტანდარტულს გადაეფარნენ და საბოლოოდ მათი გუნდის კარის მშრალად შენახვის სერია ექვსმატჩიანად აქციეს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
07. 10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი
დილა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 კახელიშვილი (23. ახალკაცის პასით), 2:0 გურული (82)

დილა ბათუმი
4-2-3-1 4-5-1
სკენდერი მამინაშვილი
შაშიაშვილი ქორიძე
გ. ონიანი ხუხია
თომაშვილი ლობჟანიძე
კვირკველია ი. კვეკვესკირი
ბეჭვაია ტიმჩიშინი
არზიანი გოგიტიძე
კახელიშვილი თევდორაძე
კლიმიაშვილი მახარაძე
ს. გურული ბერიძე
ახალკაცი ჯორბენაძე

მწვრთნელები:
გ. დარასელია გ. გურული

დილა
68. ახალკაცი - კაშია
78. არზიანი - ხოჯავა
83. კვირკველია - ჯიშკარიანი
სათადარიგოები: შეყრილაძე, აბურჯანია, კაციტაძე, გორელიშვილი

ბათუმი
46. კვეკვესკირი - თოთაძე
46. თევდორაძე - სიჭინავა
74. ტიმჩიშინი - ა. მუჯირი
სათადარიგოები: პიტსანი, დიასამიძე, აბუსელიძე, კლოვისი

გაფრთხილება: გოგიტიძე (49)

არბიტრი: თ. ხუჭუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული