მისმა გუნდმა რუსთავის "მეტალურგს" 1:0 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
"ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში შორსმიმავალი გეგმებით დაბრუნდა, თუმცა მაინც ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ყველაზე ამბიციურ ქართულ კლუბებს ასეთ მედგარ წინააღმდეგობას თუ გაუწევდა.
"ლელოს" რესპონდენტი სოსო ფრუიძეა.
- პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით ასეთი დაფასებისთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ლელო" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მასახელებს და ეს ფაქტი ჩემთვისაც და ჩემი ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია.
შევეცდებით, შემდგომში კიდევ უფრო
- რის ხარჯზე შეძლო "ჩიხურამ" "მეტალურგის" დამარცხება?
- ამ მატჩის წინ მკაფიო ამოცანა დავისახეთ - იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა.
ნაკლებად ველოდით სანახაობრივ თამაშს; შედეგს კი, როგორც ხედავთ, მივაღწიეთ. ვფიქრობ, "მეტალურგს" ფიზიკურ მომზადებაში ვაჯობეთ და წინა ხაზზე მეტი აგრესიულობა გამოვავლინეთ. ყოველივე ამან მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
- იყო თუ არა ეს მატჩი მიმდინარე სეზონში "ჩიხურასთვის" საუკეთესო?
- ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. ამას გარდა, გამოვარჩევდი გორის "დილასთან" და ბოლნისის "სიონთან" მოგებულ შეხვედრებს.
- ნაკლებად კმაყოფილი რომელი მატჩებით დარჩით?
- ცუდად ვითამაშეთ მარტვილის "მერანთან", მაგრამ იმ შეხვედრის არწაგება მაინც შეგვეძლო. არც "ზესტაფონთან" ჩატარებული მატჩით დავრჩი კმაყოფილი, მაგრამ იმ თამაშში მიზანს მივაღწიეთ და სტუმრად ქულა მოვიპოვეთ.
- "ჩიხურა" გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია. ყველაზე მეტად რომელი ახალგაზრდების პროგრესით ხართ კმაყოფილი?
- ცალკეული ფეხბურთელის გამოყოფა გამიჭირდება, უკმაყოფილო არც ერთი მათგანით ვარ. კირკიტაძე, დეკანოიძე, მუმლაძე, ქიმაძე და სხვები "ჩიხურას" წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და იმედი მაქვს, ახლო მომავალში კიდევ უფრო ხარისხიანად ათამაშდებიან.
გვაქვს ასევე შარაშენიძის იმედი, რომელიც ფიზიკურ კონდიციებს თუ გაიუმჯობესებს და სამწვრთნელო შტაბის მითითებებს შეასრულებს, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
- ხშირად აგიღნიშნავთ გიორგი სომხიშვილის განსაკუთრებული როლი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჩიხურას" ლიდერი მისი მეკარეა?
- ყველა რგოლში გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ გარეშე ახალგაზრდებს წინსვლა გაუჭირდებათ. სომხიშვილზე კი დაგეთანხმებით, იგი მართლაც არის "ჩიხურას" ნამდვილი ლიდერი.
- თამაშობს დღეს "ჩიხურა" იმ ხარისხის ფეხბურთს, რისკენაც თქვენ ისწრაფვით?
- შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტიც შეგვიძლია და დიდი იმედი მაქვს, წინსვლა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შედეგზეც უნდა აისახოს.
იმასაც შეგახსენებთ, რომ განვლილი ცხრა მატჩიდან ექვსი სტუმრად ჩავატარეთ და შესაბამისად, პირველ ეტაპზე დარჩენილი შეხვედრების უმრავლესობა შინ გველის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
- გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ "ჩიხურამ" ევროთასების საგზურისთვის იბრძოლოს?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ დღეს ჩვენი მიზანი მხოლოდ საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებაა. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ "ჩიხურას" სტაბილური და შედეგიანი თამაშის ძალა ნამდვილად შესწევს.
- როგორია მიმდინარე ჩემპიონატის თქვენეული შეფასება?
- სამწუხაროდ, ჩემპიონატის დონის ამაღლების ნიშნებს ვერ ვხედავ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დაძაბულობამ იმატა და პროგნოზის გაკეთება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ახალი სისტემაც ამართლებს. ჯერჯერობით არაფრისმომცემი მატჩი ჩვენს უმაღლეს ლიგაში არ ჩატარებულა.
- როგორი პირობები აქვს "ჩიხურას" სოფელ ივანწმინდაში, სადაც ამჟამად ატარებს საშინაო შეხვედრებს?
- მაღალი დონის ბუნებრივი საფარი გვაქვს. სტადიონის ტრიბუნები მცირე ტევადობის, მაგრამ კარგად მოწყობილია - დაახლოებით 600 ინდივიდუალური სკამია დამონტაჟებული. კეთილმოეწყობა მედია და ვიპ-ლოჟები. უახლოეს პერიოდს აქ გავატარებთ, შემდეგ კი საჩხერეს დავუბრუნდებით.
- საჩხერის ახალი სტადიონის აშენება რა ვადებში იგეგმება?
- რომ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, სტადიონი უკვე აშენებული იქნებოდა, თუმცა ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
პოლიტიკური მოვლენების გამო ამ თემამ ერთგვარად მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. "ქართუ ჯგუფის" დაფინანსებით საჩხერეს თანამედროვე სტადიონი ექნება გადახურული ტრიბუნებითა და 6-8-ათასიანი ტევადობით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ჩიხურა-მეტალურგი 1:0 - მომენტი უამრავი, გოლი ერთადერთი