წინა ტურის მსგავსად, უპირატესობა ამჯერადაც სტუმართა მხარეს იყო - მათ სამი მატჩი მოიგეს, ორ შეხვედრაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დასრულდა.
დარასელიას ხუთიდან ხუთი
უკვე ბევრჯერ დავწერეთ იმის შესახებ, თუ რაოდენ შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა გიორგი დარასელიას გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
შეგახსენებთ, ისრაელიდან დაბრუნებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით შიდაქართლურმა კლუბმა ზედიზედ სძლია უშუალო კონკურენტებს: "დინამოს", "ზესტაფონს", "მეტალურგსა" და "ტორპედოს", რასაც ნაკლებად
როგორც მოსალოდნელი იყო, დარასელია ამჯერად "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, რაც მეტოქის ფაქტორით იყო განპირობებული. თუმცა მისი მიღწევა - ზედიზედ ოთხი სიმბოლური ნაკრები, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება მიუღწეველი მისი კოლეგებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც.
კალენდრის უმძიმესი მონაკვეთის უდანაკარგოდ გავლის შემდეგ "დილამ" აჭარლებს გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით უმასპინძლა და მოლოდინისამებრ, გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსახური სტარტი უკვე დავიწყებას მიეცა, "დილა" დამაჯერებლად იბრძვის მაღალი ადგილებისთვის და თუ პოლიტიკურმა ცვლილებებმა კლუბის ბიუჯეტზე ასახვა არ ჰპოვა, საქართველოს ჩემპიონობის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ პრეტენდენტადაც დარჩება.
განმუხურში შენარჩუნებული ლიდერობა
განმუხურში თბილისის "დინამო" "ზუგდიდისგან" დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ზუგდიდელები ხომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს საკუთარ კედლებში ხშირად ეთამაშებიან წარმატებით. ასე რომ, ამ შედეგს მოულოდნელი ნამდვილად არ ეთქმის.
ტურის ერთ-ერთმა ცენტრალურმა მატჩმა უკომპრომისო ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ, სტუმრად მოპოვებულმა ქულამ დუშან უჰრინის გუნდს ერთპიროვნული ლიდერობის შენარჩუნების საშუალება მისცა.
მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ "დინამოს" უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი ასევე სამეგრელოში და კვლავ მისთვის უხერხულ სტადიონზე ელის - 20 ოქტომბერს დედაქალაქელები მარტვილში "მერანს" ესტუმრებიან.
რაც შეეხება "ზუგდიდს", ეს ფრე არც მისთვის უნდა იყოს ურიგო შედეგი. ელგუჯა ქომეთიანისა და ოთარ გაბელიას გუნდი დიდი შემართებით აგრძელებს საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას და დღეს ადგილი სწორედ იქ უკავია.
მდევარს ფეხი არ დასცდენია
"ვიტ ჯორჯიამ" მიმდინარე ჩემპიონატში ორი გამარჯვება მოიპოვა და ორივე სტუმრად, თანაც, ამბიციურ მეტოქეებთან - მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ჯერ გორის "დილა", ხოლო შემდეგ რუსთავის "მეტალურგი" დაამარცხა.
საინტერესო იყო, გატეხდნენ თუ არა საშინაო ნავსს "ვეტერინარები", თუმცა, როგორც გაირკვა, მათ პირველი საშინაო გამარჯვების ლოდინი კიდევ მოუწევთ.
"ტორპედომ" "მცხეთა პარკზე" დამაჯერებლად გაიმარჯვა და ლიდერ "დინამოსთან" სამქულიანი ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა. "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯიას" კარში სამი საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა, ამ სამიდან კი ორჯერ თავი ყოფილმა ვიტელებმა გამოიჩინეს - "ვეტერინართა" კარი გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი დათუნაიშვილმა დალაშქრეს.
ვიცე-ჩემპიონი ექვსეულს მიღმა
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა საჩხერის "ჩიხურასა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის გაიმართა.
სხვა დროს შეიძლება "ჩიხურას" გამარჯვება მოულოდნელობად შეგვეფასებინა, სადღეისოდ კი არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საკუთარ მოედანზე სოსო ფრუიძის გუნდმა გაიმარჯვა - "ჩიხურა" ხომ უმაღლეს ლიგას ბრძოლისუნარიანი გუნდითა და არცთუ მოკრძალებული ამოცანებით დაუბრუნდა. დღევანდელი "მეტალურგი" კი უკვე ნაკლებად ჰგავს იმ გუნდს, რომელიც წინა სეზონში ლამის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ბუნებრივია, ნებისმიერ ახალ მწვრთნელს საკუთარი კვალიფიკაციის დასამტკიცებლად დრო სჭირდება და ასეა გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით. მან "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი ჩაატარა და ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რამდენად წაადგა მისი მუშაობა საქართველოს ვიცე-ჩემპიონს.
სამაგიეროდ, უახლოეს ტურებში უკვე შეგვეძლება პირველი შეფასებების გაკეთება იმის თაობაზე, რამდენად სწორი იყო "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებები.
დღეს კი ფაქტი ის არის, რასაც სატურნირო ცხრილში ვხედავთ - "მეტალურგი" ამ მომენტისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულს მიღმაა და დიდი ბრძოლა მოუწევს იქ დასაბრუნებლად.
ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება ამ ამოცანას რუსთავური გუნდი, რომელიც შემდეგ ტურში თანარეგიონელს, ბოლნისის "სიონს" მასპინძლობს.
იმედგაცრუებული ფოთელები
სრულიად ნორმალური და გასაგები იყო, ფოთელი გულშემატკივრები პირველ გამარჯვებას მარტვილის "მერანთან" საშინაო დაპირისპირებაში რომ ელოდნენ.
სად, თუ არა ერთ-ერთ კონკურენტთან საკუთარ კედლებში გასამართ მატჩში, უნდა ჰქონოდათ "კოლხეთის" ქომაგებს სამი ქულის მოპოვების იმედი?! თანაც, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მერანს" სტუმრად თამაში უჭირს.
თუმცა პროგნოზები არ გამართლდა და ფოთელებმა მორიგი იმედგაცრუება იწვნიეს. "კოლხეთმა" ვერც "მერანთან" შეძლო მიზნის მიღწევა და ცხრილის ბოლო ადგილზე მისი პოზიციები საკმაოდ უიმედოდ გამოიყურება.
თუ ზღვისპირელებმა თამაშის ხარისხი სასწრაფოდ არ გამოასწორეს, უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ.
"მერანმა" კი, რომელიც აქამდე შინ იმარჯვებდა და სტუმრად მარცხდებოდა, "ტრადიცია" ბოლო ორ ტურში დაარღვია - ჯერ მარტვილში დამარცხდა "ზუგდიდთან", ახლა კი პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმა. აქამდე მალხაზ ჟვანიას გუნდს სტუმრად ქულაც კი არ ჰქონდა მოპოვებული.
ჰაერივით აუცილებელი გამარჯვება
"ზესტაფონმა" ამ სეზონის სტარტზე უკვე საკმარისზე მეტი უსიამოვნება გადაიტანა და ჯერაც ძნელია იმის თქმა, როდის ათამაშდება სტაბილურად საქართველოს მოქმედი ჩემპიონი.
ჯერ იმის თქმაც ნაადრევია, რამდენად ნაყოფიერად მუშაობს ფეროელთა ახალი სამწვრთნელო შტაბი.
ბოლნისში მოპოვებული გამარჯვება კი "ზესტაფონისთვის" ძალიან საჭირო იყო. გარდა იმისა, რომ ამ სამი ქულით გუნდის წევრები განწყობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოიკეთებენ, ბოლნისური წარმატება ფეროელთათვის საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებისთვისაც მნიშვნელოვანია.
დღევანდელი რეალობა ხომ ისეთია, რომ საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ჯერ სწორედ ამ ლოკალური ამოცანის შესრულებაზე ზრუნავენ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ უფრო მაღალ მიზნებზე.
"სიონს" კი დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად აქვს იმის შანსი, რომ ზედა ექვსეულში ვიხილოთ. სამაგიეროდ, ბოლნისური კლუბის ბოლოდროინდელი საკადრო პოლიტიკით თუ ვიმსჯელებთ, ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა სავსებით რეალური უნდა იყოს.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
ზუგდიდი-დინამო 1:1 - ბრძოლა და სანახაობა განმუხურში
ჩიხურა-მეტალურგი 1:0 - მომენტი უამრავი, გოლი ერთადერთი
სიონი-ზესტაფონი 0:2 - ბოლნისში ბურთის გარდა ბოთლმაც იფრინა
დილა-დინამო (ბთ) 2:0 - გორელებმა ზღვაც მშრალად გადაცურეს
კოლხეთი-მერანი 0:1 - საბა ლომია ისევ ლომია!
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3 - დამაჯერებლად შესრულებული მისია
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 9 | 6 | 2 | 1 | 25-6 | 20 |
2 | ტორპედო | 9 | 6 | 1 | 2 | 21-7 | 19 |
3 | ჩიხურა | 9 | 5 | 2 | 2 | 11-8 | 17 |
4 | დილა | 9 | 5 | 1 | 3 | 13-7 | 16 |
5 | ზესტაფონი | 9 | 4 | 2 | 3 | 10-6 | 14 |
6 | ზუგდიდი | 9 | 3 | 5 | 1 | 10-6 | 14 |
7 | მეტალურგი | 9 | 4 | 0 | 5 | 6-12 | 12 |
8 | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 6-14 | 12 |
9 | დინამო (ბთ) | 9 | 2 | 2 | 5 | 10-17 | 8 |
10 | ვიტ ჯორჯია | 9 | 2 | 2 | 5 | 7-14 | 8 |
11 | სიონი | 9 | 1 | 4 | 4 | 9-17 | 7 |
12 | კოლხეთი | 9 | 0 | 3 | 6 | 4-17 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბილისი) 7
ჯორბენაძე (დინამო ბათუმი) 6
ჯიქია (სიონი) 5
ჩისკო (დინამო თბილისი) 4
ალვარო (დინამო თბილისი) 4
მერებაშვილი (დინამო თბილისი) 4
საბანაძე (ტორპედო) 4
ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია) 4
X ტური
20 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-დილა
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
მერანი-დინამო (თბ)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"