ირაკლი კლიმიაშვილი: სტადიონებზე დასწრებით უზბეკეთში უკეთესი ვითარებაა

AutoSharing Option
გორის "დილა" რომ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თქმა რად უნდა - ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, საინტერესო ახალგაზრდები, ლეგიონერები....

მას შემდეგ, რაც "დილა" ევროსარბიელს გამოეთიშა, ეროვნულ ჩემპიონატში მიჯრით ექვსი თამაში მოიგო. წინა ტურში "დილამ" ფოთის "კოლხეთი " დაამარცხა (3:0) და ერთ-ერთი გოლი ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა. ეს მისი პირველი გოლი იყო "დილაში".

24 წლის კლიმიაშვილი თავის დროზე ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ, რამდენჯერმე იყო მიწვეული ეროვნულ ნაკრებშიც. შარშან ის "ვიტ ჯორჯიადან" მახაჭყალის "ანჟიმ" შეიძინა და ტაშკენტის "ფაქთაქორში" გაანათხოვრა. ამის შემდეგ კი კლიმიაშვილი
"დილაში" აღმოჩნდა...

- სადამდე აპირებ "დილაში" დარჩენას, შენ ხომ ჯერაც "ანჟის" ფეხბურთელი ხარ?
- იჯარის ვადა ამა წლის 31 დეკემბერს იწურება. მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი.

- ისევ "დილაში" დარჩენის პერსპექტივა რამდენად მომხიბვლელია შენთვის?
- "დილაში" თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, გუნდში მართლაც კარგი სიტუაციაა.

- "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდად ჩამოყალიბდა, მერე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბს "საქართველოს ბანკი" აფინანსებდა - რეალურად რა ვითარებაა, ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები რამდენად მნიშვნელოვანია "დილასთვის"?
- ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, კლუბის ხელმძღვანელობაში რა ხდება, ვერ გეტყვით.

- რა შემატა გუნდს ახალმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ? მეტწილად რა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს?
- "დილა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ამ მწვრთნელის ხელი მართლა დაგვეტყო, ფაქტია, რომ კარგად ვთამაშობთ. ეროვნულ ჩემპიონატში დარასელიას ხელმძღვანელობით ყველა თამაში ისე მოვიგეთ, რომ გოლი არ გაგვიშვია.

რაც შეეხება აქცენტებს, "დილას" შემტევი სტილი აქვს არჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფეხბურთელებს ვარჯიშზე მისვლა გვიხარია.

- საქართველოს ჩემპიონატში უზბეკეთიდან დაბრუნდი და ერთი ტრივიალური კითხვაც - როგორ შეადარებდი იქაურ და აქაურ ჩემპიონატს?
- უზბეკეთში გატარებული დრო კარგად მახსენდება, რადგან იქ სასიამოვნო საფეხბურთო სიტუაცია იყო.

ფეხბურთელების დონე საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე უზბეკეთში, მაგრამ ინფრასტრუქტურით, მოედნებით, სტადიონებზე დასწრებით უზბეკეთში უკეთესი ვითარებაა.

იქაური ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე შუქდება ტელევიზიით, მატჩის ტრანსლაცია ძალიან ბევრი კამერით მიმდინარეობს... მოკლედ, ფეხბურთს ყველანაირად დიდი ყურადღება ექცევა.

- "დილამ" ზედიზედ ექვსი მატჩი კი მოიგო ჩემპიონატში, თუმცა ყველა ერთნაირი სირთულის ვერ იქნებოდა. ყველაზე უფრო რომელ გუნდთან გაგიძნელდათ თამაში?
- ჩემი აზრით, ქუთაისის "ტორპედოსთან". ძალიან კარგი გუნდია, ვერც კი შევადარებ უწინდელ "ტორპედოსთან". გუნდს გეგუჩაძის ხელი ეტყობა.

ქუთაისში მოგება მართლაც გაგვიჭირდა, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული