საქართველოს პრემიერლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ერთი ტურიც და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველი წრეც დასრულდება. სატურნირო ცხრილს თვალი რომ გადავავლოთ, ვნახავთ, რომ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად წინ დიდი ბრძოლები გველის.

იმავე ცხრილიდან ისიც ნათლად ჩანს, ვის შეუძლია უმაღლეს მიზნებთან შეჭიდება და ვინ შემოიფარგლება მოკრძალებული ამოცანებით.

ქართული რეალობისთვის უცხო არ არის მოვლენების უსწრაფესად ცვლა და ნუ გამოვრიცხავთ, პოლიტიკურმა ვითარებამ გავლენა საქართველოს ჩემპიონატში მიმდინარე ამბებზეც იმოქმედოს, თუმცა მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და ჯერ მხოლოდ ის სიტუაცია უნდა შევაფასოთ, რაც უმაღლეს ლიგაში დღეისთვის არის შექმნილი.

გამარჯვება ნახევარი ძალით
სწორედ
ასე შეგვიძლია ვუწოდოთ "დინამოს" მოგებას მარტვილში. დუშან უჰრინის გუნდმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა და ჩეხი სპეციალისტი სწორადაც მოიქცა, შესვენების შემდეგ შეგირდებს შედარებით მშვიდი თამაშის მითითება რომ მისცა.

"დინამოს", ალბათ, 4:0-ზე უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკი გაუმართლებელი იქნებოდა - ამას შეიძლებოდა, დედაქალაქელთა რომელიმე ფეხბურთელის ტრავმა მოჰყოლოდა.

გარდა ამისა, მოახლოებული მატჩების წინ არც მოთამაშეთა ზედმეტად გადაღლა ივარგებდა.

"დინამოს" გამარჯვებაში უდიდესია ესპანური წვლილი - მიკელ ალვარომ დუბლი შეასრულა, ერთხელ კი თავი ჩისკომ გამოიჩინა. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ ერთადერთი ქართული გოლის ავტორი ჯაბა დვალია, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მერვე ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.

"მერანი" კი, რომელმაც წინა სეზონში "დინამოს" ოთხი ქულა აართვა, ამჯერად უშანსოდ იყო, თუმცა ამით მარტვილელთათვის ცხოვრება არ მთავრდება - ფაქტია, რომ ამჟამინდელი "დინამო" შარშანდელზე ძლიერია, "მერანს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების რიგიანი შანსი აქვს.

დაგეგმილი ტორპედომაც მოიპოვა
ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი იმერული კლუბი დაუპირისპირდა.

მეორე და მესამეადგილოსნების ბრძოლაში ფავორიტად მასპინძელი "ტორპედო" მიიჩნეოდა და გია გეგუჩაძის გუნდმა ეს სტატუსი სრულად გაამართლა.

საჩხერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს საკმაოდ გაუძალიანდნენ და პირველ ტაიმში წონასწორობაც აღადგინეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში "ტორპედომ" თვალშისაცემად იძალა და ეს უპირატესობა ანგარიშში ასახა.

დუბლით თავი გამოიჩინა ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ნიკოლოზ საბანაძემ, გრიგოლ დოლიძე კი, რომელიც ბოლო დროს თავის გუნდში აშკარად ერთ-ერთი გამორჩეულია, ორი საგოლე პასის ავტორია.

"ტორპედომ" ამ გამარჯვებით ლიდერ "დინამოს" შორს გაქცევის საშუალება არ მისცა და დედაქალაქელებთან ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

ამ მარცხით "ჩიხურა" მესამედან მეხუთე საფეხურამდე დაეშვა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდზე დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვით - დარწმუნებულები ვართ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული საჩხერელები ნებისმიერი ფავორიტისთვის ანგარიშგასაწევ ძალად დარჩებიან და ზეექვსეულში მოხვედრაზეც რეალურ პრეტენზიას განაცხადებენ.

დილა კვლავ შეუჩერებელია
გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით "დილამ" მეექვსე მატჩი ჩაატარა და მეექვსე გამარჯვებას მიაღწია.

შეგახსენებთ, გორელებმა ჯერ ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხეს უშუალო კონკურენტები, შემდეგ კი "სავალდებულო" პროგრამაც შეასრულეს და ნელ-ნელა ინაზღაურებენ იმ დანაკარგს, რაც სეზონის სტარტზე განიცადეს.

"დილა" ფოთში მხოლოდ პირველ ტაიმში წააწყდა დიდ წინააღმდეგობას, შესვენების შემდეგ კი "კოლხეთმა" კლასით მასზე მაღლა მდგომ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და სამი უპასუხო ბურთი მიიღო.

ფოთელები სამი ქულითა და ნული გამარჯვებით კვლავ ბოლო ადგილზე არიან და დღეისთვის მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის პერსპექტივები არცთუ სახარბიელოა, გორელები კი წინ მიიწევენ და უახლოეს ტურებში პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცების საშუალებაც მიეცემათ.

ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გამოცოცხლდნენ
მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა. "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" უახლოესი ამოცანა ზეექვსეულში დამკვიდრებაა - არასახარბიელო სტარტმა ორივე კლუბი ამგვარი რეალობის წინაშე დააყენა და საინტერესოა, როგორ გამოვლენ ამ უსიამოვნო სიტუაციიდან ზესტაფონელები და რუსთაველები.

გასულ ტურში მიზანს ორივე მათგანმა მიაღწია და შინ ერთბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

"მეტალურგის" გულშემატკივრები, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი, თუმცა ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ქვემოქართლური დერბი შეუპოვარ ბრძოლაში მოიგეს და "სიონს" ისედაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულეს.

ამ გამარჯვებით "მეტალურგი" საუკეთესო ექვსეულის ზონას დაუბრუნდა. ეს გიორგი ყიფიანის პირველი გამარჯვებაა რუსთაველთა თავკაცის თანამდებობაზე.

"ზესტაფონი" კი, რომელმაც "ზუგდიდს" მატჩის დებიუტში გატანილი გოლით სძლია, "მეტალურგს" ორი ქულით უსწრებს და, შესაბამისად, ლიდერთა ჯგუფთან უფრო ახლოსაა.

ვნახოთ, როგორ წარიმართება ბრძოლა პირველ ეტაპზე და ვინ შეძლებს აღზევებული გუნდებისთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევას.

"ვიტ ჯორჯია" კი კვლავ გვაკვირვებს უჩვეულო სტატისტიკით - მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა და სამივე გასვლაზე. ასეთივე შინაარსის მაჩვენებელი აქვთ ვეტერინარებს საქართველოს თასზეც, რომლის მეთექვსმეტედფინალშიც ჯერ შინ დამარცხდნენ პირველლიგელ "ლოკომოტივთან", შემდეგ კი მას სტუმრად სძლიეს და მერვედფინალისკენ ამგვარად გაიკვლიეს გზა.

ჩემპიონატის რიგით მესამე მოგებას "ვიტ ჯორჯიამ" ქობულეთში, ბათუმის "დინამოსთან" მიაღწია. როცა ერთმანეთს უშუალო კონკურენტები ებრძვიან, ფავორიტად, როგორც წესი, მასპინძელი მიიჩნევა ხოლმე, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მძიმე ბრძოლაში სამი ქულა სწორედ მათ მოიპოვეს.

მატჩის გმირი ვიტელთა 23 წლის თავდამსხმელი ლაშა გაბრიჭიძე გახდა, რომელმაც მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში გამწესებით გამოცხადებული ნდობა გამარჯვების გოლით გაუმართლა.

საქართველოს პრემიერლიგა. X ტური

ტორპედო-ჩიხურა 3:1 - დერბი ქუთაისური სცენარით
მერანი-დინამო 0:4 - სტუმრებმა საქმე ნაადრევად მოათავეს
მეტალურგი-სიონი 1:0 - როცა მასპინძლებს არ სწყალობენ
ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0 - დებიუტი გადამწყვეტი აღმოჩნდა

კოლხეთი-დილა 0:3 - "უძღები შვილის" დაბრუნება და ზედიზედ მეექვსე!

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია - 0:3

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 10 7 2 1 29-6 23
2 ტორპედო 10 7 1 2 24-8 22
3 დილა 10 6 1 3 16-7 19
4 ზესტაფონი 10 5 2 3 11-6 17
5 ჩიხურა 10 5 2 3 11-8 17
6 მეტალურგი 10 5 0 5 7-12 15
7 ზუგდიდი 10 3 5 2 10-7 14
8 მერანი 10 4 0 6 6-18 12
9 ვიტ ჯორჯია
10 3 2 5 8-14 11
10 დინამო (ბთ)
10 2 2 6 10-18 8
11 სიონი 10 1 4 5 9-18 7
12 კოლხეთი 10 0 3 7 4-20 3

ბომბარდირები
ჯაბა დვალი (დინამო თბ) 8
მიხეილ ჯორბენაძე (დინამო ბთ) 6
ნიკა საბანაძე (ტორპედო) 6
მიკელ ალვარო (დინამო თბ) 6
ჩისკო (დინამო თბ) 5
რევაზ ჯიქია (სიონი) 5

Sportall.Ge

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი
დილა-მერანი, ვიტ ჯორჯია-კოლხეთი, ჩიხურა-დინამო (ბთ), სიონი-ტორპედო, ზუგდიდი-მეტალურგი, დინამო (თბ)-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული