საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტურის წინათქმა

AutoSharing Option
დღევანდელი მატჩებით საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველი წრე დასრულდება და პასუხს ბევრ შეკითხვაზე მივიღებთ.

ყველაზე საინტერესო კი, ბუნებრივია, ის არის, შეიცვლება თუ არა ლიდერი. ამ შეკითხვაზე პასუხს "დინამოსა" და "ზესტაფონის" დაპირისპირება გაგვცემს.

ამ ორი კლუბის ურთიერთშეხვედრების ისტორია არცთუ ხანგრძლივი, მაგრამ მეტად საინტერესოა. 25 მატჩიდან 12 დედაქალაქელებმა მოიგეს, 7 - ფეროელებმა, ხოლო 6 ფრედ დასრულდა.

ორივე მათგანს ბოლო წლებში აღმასვლებიც ჰქონდა და ჩავარდნებიც, თუმცა როგორიც არ უნდა ყოფილიყო "დინამოსა" და "ზესტაფონის" მდგომარეობა, მათი ბრძოლა ქართველ ქომაგებში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

ამ
წყვილში ფავორიტის ცნება ყოველთვის პირობითი იყო და ასეა ახლაც - რა თქმა უნდა, ლოგიკურია ის მოსაზრება, რომ ლიდერ "დინამოს" საშინაო მატჩში წარმატების მეტი შანსი აქვს, მაგრამ პროგნოზებს მაინც არ აქვს აზრი და ყველა შეკითხვას პასუხს "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი გასცემს.

"დინამოს" ჰყავს ექს-ზესტაფონელები, "ზესტაფონს" კი - ექსდინამოელები, რაც შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ზესტაფონიდან" "დინამოში" გადასულ ჯაბა დვალს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება იანვრამდე არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასპინძელთა შეტევას დიდი ძალა მოაკლდება.

სტუმრებს კი ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო გამოცდილი ზურაბ მენთეშაშვილი დააკლდებათ.

"ზესტაფონს" შანსი აქვს, გამარჯვებისთვის იბრძოლოს და ამ შემთხვევაში საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ჩამორჩენას სამ ქულამდე დაიყვანს.

"დინამოს" ინტერესებშიც მხოლოდ მოგება შედის - სხვაგვარად, დიდი შანსია, დუშან უჰრინის გუნდმა ლიდერობა დაკარგოს.

მოკლედ, სატურნირო მდგომარეობა მასპინძელსაც და სტუმარსაც შეტევაში აქტიური ქმედებისკენ უბიძგებს, რაც ლაზათიან სანახაობას გვპირდება.

კარგია, რომ სტადიონზე ვერმისულ ქომაგს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირების ტელეეთერით ხილვა შეუძლია - შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

რასაკვირველია, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩს თავისი მნიშვნელობით სხვა შეხვედრები ვერ შეედრებიან, მაგრამ ტურის თითოეულ თამაშს სატურნირო ცხრილში სერიოზული კორექტივების შეტანა შეუძლია და, შესაბამისად, მათ შედეგებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეორეადგილოსანი "ტორპედო" ბოლნისში ჩადის და იქ გამარჯვებისა და "დინამოს" ვერმოგების შემთხვევაში ერთპიროვნულად გალიდერდება.

ასეც რომ არ მოხდეს, გია გეგუჩაძის გუნდს დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება ნებისმიერ შემთხვევაში მართებს. მორიგი დანაკარგი კი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "სიონს" საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.

"დილა", ჯერჯერობით, მესამეა, მაგრამ თუ ასეთი უდანაკარგო სვლა კიდევ გააგრძელა, კიდევ უფრო მაღლა ასვლის საფუძვლიანი პრეტენზიაც დარჩება.

27 ოქტომბერს გორელებს ერთი შეხედვით, არცთუ რთულად დასაძლევი მეტოქე ჰყავთ, თუმცა, ვფიქრობთ, "მერანის" დასამარცხებლადაც საკმაო ბრძოლა მოუწევთ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, გაგრძელდება თუ არა გიორგი დარასელიას შესანიშნავი მიღწევა.

შეგახსენებთ, "დილამ" ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს მაჩვენებელი შვიდამდე თუ ავა.

საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია "ზუგდიდისა" და "მეტალურგის" ორთაბრძოლა.

ზუგდიდელები რუსთაველებს ერთი ქულით ჩამორჩებიან და ექვსეულის ზონაში შესასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. თავის მხრივ, ქულათა მარაგის შევსება "მეტალურგსაც" არანაკლებ ესაჭიროება, რაც უშეღავათო ბრძოლოს გარანტიას გვაძლევს.

"ვიტ ჯორჯიამ" მიმდინარე ჩემპიონატში სამი მატჩი მოიგო და სამივე სტუმრად. დღეს ვეტერინარებს პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვთ, თუმცა ეს იოლი სულაც არ იქნება - აუტსაიდერ "კოლხეთს" გამარჯვებათა გრაფაში ჯერაც ნული უწერია და თუ აქაც ვერ ივარგა, უკანასკნელ პოზიციაზე კიდევ უფრო გაიმყარებს ადგილს. ასე რომ, არც მცხეთაში უნდა ველოდოთ მოსაწყენ სანახაობას.

იგივეს თქმა შეგვიძლია "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩზეც, სადაც საჩხერელებს ექვსეულში ადგილის განმტკიცების, ბათუმელებს კი აუტსაიდერებთან დაშორების მოტივაცია ამოძრავებთ.

საქართველოს ჩემპიონატი.უმაღლესი ლიგა. XI ტურის წინ
დილა-მერანი
27.10. გორი. თ. ბურჯანაძე 15:00

ვიტ ჯირჯია-კოლხეთი
27.10. მცხეთა. მცხეთა პარკი 15:00

ჩიხურა-დინამო (ბთ)
27.10. ივანწმინდა 15:00

სიონი-ტორპედო
27.10. ბოლნისი. თ. სტეფანია 15:00

დინამო (თბ)-ზესტაფონი
27.10. თბილისი. დინამო არენა 18:00

ზუგდიდი-მეტალურგი
27.10. განმუხური 15:00

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 10 7 2 1 29-6 23
2 ტორპედო 10 7 1 2 24-8 22
3 დილა 10 6 1 3 16-7 19
4 ზესტაფონი 10 5 2 3 11-6 17
5 ჩიხურა 10 5 2 3 11-8 17
6 მეტალურგი 10 5 0 5 7-12 15
7 ზუგდიდი 10 3 5 2 10-7 14
8 მერანი 10 4 0 6 6-18 12
9 ვიტ ჯორჯია
10 3 2 5 8-14 11
10 დინამო (ბთ)
10 2 2 6 10-18 8
11 სიონი 10 1 4 5 9-18 7
12 კოლხეთი 10 0 3 7 4-20 3

ბომბარდირები
ჯაბა დვალი (დინამო თბ) 8
მიხეილ ჯორბენაძე (დინამო ბთ) 6
ნიკა საბანაძე (ტორპედო) 6
მიკელ ალვარო (დინამო თბ) 6
ჩისკო (დინამო თბ) 5
რევაზ ჯიქია (სიონი) 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ზესტაფონი. მატჩის წინ - შეტევისა და გამარჯვების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული