მატჩის წინა საღამოს მოსულმა წვიმამ თამაშის შედეგზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ასეთ პირობებში მთავარი უკეთესი ფიზიკური მომზადებაა, სველ და დამძიმებულ მოედანზე ხომ ორმაგი ენერგია იხარჯება.
"სიონმა" თამაში თავიდან აქტიურად დაიწყო, მაგრამ მის შეტევებს მოულოდნელობა და სისწრაფე აკლდათ და "ტორპედოს" კართან რეალურ ხიფათს ვერ ქმნიდნენ, რადგან სტუმრები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ.
მერე ტორპედოელები გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტები შექმნეს ნიკა
"სიონში" საუკეთესო გიორგი ჭედია იყო, რომელმაც 28-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ბურთი მკერდით მიიღო, საჯარიმოსკენ დაიძრა და კარში არაზუსტად დაარტყა, მაგრამ ქუთაისელები საკმაოდ ანერვიულა.
ჭედიამ ძალიან კარგად დაიწყო მეორე ტაიმიც, სისწრაფეს იყენებდა და ზედიზედ ორჯერ სახიფათო მომენტი შექმნა: 48-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა და ჭელიძესთან ბრძოლის შემდეგ წაიქცა. ერთი შეხედვით, "სიონის" თავდამსხმელი წააქციეს და არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ მან ასე არ ჩათვალა, თამაში გააგრძელა და მასპინძელთა რისხვაც დაიმსახურა.
ბოლნისელებმა ეს შეტევა მაინც გააგრძელეს, კარის წინ ბურთი ისევ ჭედიას გადააწოდეს, რომლის თავური დარტყმის შემდეგაც ბურთი ძელს მოხვდა - "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა.
გია გეგუჩაძემ ისეთი ცვლილებები განახორციელა, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა მოახდინა: მან მოედანზე ორი დასვენებული საყრდენი ნახევარმცველი, მერაბ გიგაური და ნიკა ფირცხალავა შეუშვა, რომლებმაც ისედაც დაღლილი მასპინძლების შევიწროება დაიწყეს და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს.
64-ე წუთზე "სიონის" კართან სახიფათო მომენტი საჯარიმოში გიგაურის ჩაწოდების შემდეგ შეიქმნა: მეკარემ ბურთი მოიგერია, დამატებაზე ბერიაშვილს ორბელაძე ჩაუწვა და ბურთი კარიდან გამოიტანა.
მალე ზუსტად იგივე მოხდა, დამატებაზე კვლავ ბერიაშვილი ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ მცველები ამჯერადაც გადაეფარნენ და მომენტი განმუხტეს.
73-ე წუთზე ქუთაისელები მაინც დაწინაურდნენ: ჩინებული სამსვლიანი კომბინაცია ფირცხალავამ წამოიწყო, მარცხენა ფლანგზე ბერიაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს ხაზთან საბანაძეს დაუგორა, მისი დარტყმა კი ზუსტი გამოდგა - 0:1.
საბანაძემ შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩაატარა, ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა, 87-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ მეკარე ვატო ლობჟანიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
საბანაძეს აქტიურობამ შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო: 88-ე წუთზე ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ ბექა ტუღუში დატოვა, რომელსაც მეკარე ფეხებში ჩაუხტა, მაგრამ დამატებაზე გრიგოლ დოლიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
მატჩის შემდეგ "სიონის" ხელმძღვანელებმა საგანგებო კრება მოაწყვეს. საკითხი მწვავედ იდგა - რა ვუშველოთ გუნდს, რომ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეს?
11 ტურის შემდეგ სულ რაღაც 7 ქულა და ბოლოდან მეორე ადგილი მართლაც საგანგებო ვითარებაზე მიუთითებს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
27.10.12 ბოლნისი. სტადიონი "თ. სტეფანია". 500 მაყურებელი
სიონი-ტორპედო 0:2 (იხილეთ ვიდეო)
0:1 საბანაძე (73), 0:2 დოლიძე (87. ბერიაშვილის პასით)'
სიონი ტორპედო
ვ. ლობჟანიძე მიგინეიშვილი
სვანიძე რიგვავა
მაჭავარიანი კვახაძე
ჩიკვილაძე ზ. ჭელიძე
ორბელაძე გ. გურული
გ. ოქროპირიძე დოლიძე
ჯოჯუა გ. დათუნაიშვილი
მანწკავა კუხიანიძე
თარხნიშვილი ე. გრიგალაშვილი
ჭედია ბერიაშვილი
ჯიქია საბანაძე
მწვრთნელები
ა. ჯელაძე გ. გეგუჩაძე
სიონი
38. მანწკავა - ქუცურუა
76. თარხნიშვილი - ისიანი
77. გ. ოქროპირიძე - მ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, უგრეხელიძე, ფეიქრიშვილი, ხურციძე.
ტორპედო
51. კუხიანიძე - გიგაური
67. გრიგალაშვილი - ფირცხალავა
81. ბერიაშვილი - ტუღუში
სათადარიგოები: ქვილითაია, იოსელიანი, შერგელაშვილი, ვ. ბოლქვაძე
არბიტრი: ჯ. ხორავა
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (34), სვანიძე (43), რიგვავა (45), ტუღუში (87).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"