ჩიხურა-დინამო(ბთ) 3:0 - სამგოლიანი "სპექტაკლი"

AutoSharing Option
"სპექტაკლი" მართლაც თვალსასეირო გამოდგა და სუსტ, მაგრამ გადაუღებელ წვიმას არშეპუებულმა მაყურებელმა, რომელსაც სტადიონის ადმინისტრაციამ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო (ცელოფნის ლაბადებით დაასაჩუქრა) უფრო იმხიარულა, ვიდრე ინერვიულა.

სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ ამ "სპექტაკლში" "როლებს" მხოლოდ "ჩიხურას" ფეხბურთელები ასრულებდნენ, სტუმრებმა კი ორიოდე ხეირიანი მომენტის შექმნის გარდა ვერაფრით გამოიჩინეს თავი.

არადა, სატურნირო მდგომარეობა ორივე გუნდს უძლიერებდა სპორტულ ჟინს და მაღალ სათამაშო განწყობას: "ჩიხურას" წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლებოდა, პირველი წრის ბოლო მატჩში საფრთხის ქვეშ დაეყენებინა დასახული პროგრამა-მინიმუმი - მოწინავე ექვსეულში დამკვიდრება; ბათუმელებს კი მოგება ლიგაში დარჩენის
იმედს უსახავდა მეორე წრეში.

თამაში საჩხერელთა იერიშებით დაიწყო და კირკიტაძეს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნებოდა. მალევე დეკანოიძის პასით შარაშენიძის ძლიერი დარტყმა კუთხურზე მოიგერია პიტსანმა. მე-14 წუთამდე რამდენიმე დარტყმა და კუთხური მოინაგრეს საჩხერლებმა, ხსენებულ დროს კი ოდიკაძის იუველური პასით მეკარესთან პირისპირ გასასვლელად გამზადებული დეკანოიძე საჯარიმოში მოცელეს.

უეჭველი პენალტი (უკვე მეოთხედ) გოლად აქცია გამოცდილმა ოდიკაძემ.

მე-15 წუთზე მეორე გოლის მომლოდინე მაყურებელს ამაოდ აღმოხდა ყიჟინა: დეკანოიძემ შორიდან ოსტატურად გაგზავნა მეკარის თავს ზემოთ ბურთი კარისკენ, მაგრამ კარის ასაღებად სანტიმეტრები დააკლდა.

მე-20 წუთზე ისევ დეკანოიძემ გამოიჩინა თავი უძლიერესი დარტყმით. ამ მომენტშიც იყოჩაღა პიტსმანმა - კუთხურზე მოიგერია. მსგავსი მომენტი განმეორდა 32-ე წუთზეც, ამჯერად კვასხვაძის დარტყმის შემდეგ.

36-ე წუთზე სტუმრებმა შეგვახსენეს, რომ ისინიც იყვნენ მოედანზე: პირისპირ გასულმა ცნობილაძემ ბურთი კარს ააცილა.

41-ე წუთზე მაინც მოხდა, რაც უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო: მრავალსვლიანი კომბინაცია, დეკანოიძის მახვილგონივრული პასი, კირკიტაძის ჩაწოდება, კვასხვაძის თავური და გოლი-შედევრი!

მეორე ტაიმიც ისე ენერგიულად დაიწყო "ჩიხურამ", რომ ეტყობოდა, ამ ანგარიშს არ დასჯერდებოდა. თუმცა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და პირიქით - 62-ე წუთზე სომხიშვილი უძლური იქნებოდა, ცნობილაძის თავური კარს რომ სულ ოდნავ არ ასცდენოდა.

64-ე წუთზე შარაშენიძის გარღვევას და საგოლე დარტყმას ძელი გადაეღობა. ანგარიშის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლო დეკანოიძე-კირკიტაძე-შარაშენიძის აქტიურად მოქმედ სამეულს, მაგრამ ბოლო მომენტებში მათ სიზუსტე აკლდათ.

84-ე წუთზე დეკანოიძის მაღალ ჩაწოდებას ჩვეული ოსტატობით შეაგება თავი ახალშემოსულმა გაგა ჩხეტიანმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
27.10. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-დინამო(ბთ) 3:0
1:0 ოდიკაძე (14, პენალტით), 2:0 კვასხვაძე (41), 3:0 ჩხეტიანი (84)

ჩიხურა დინამო
სომხიშვილი პიტსანი
ოდიკაძე ხუხია
ლ. ჭელიძე ლობჟანიძე
საჯაია თოთაძე
ჩიკვაიძე ი. კვეკვესკირი
დიღმელაშვილი ვარშანიძე
ლომაშვილი თევდორაძე
ნ. კვასხვაძე მახარაძე
კირკიტაძე ტიმჩიშინი
დეკანოიძე ცნობილაძე
შარაშენიძე ზოიძე

მწვრთნელები:

ს. ფრუიძე გ. გურული

ჩიხურა
78. შარაშენიძე - გ. ჩხეტიანი
13. ჭელიძე - გუშარაშვილი
87. დეკანოიძე - ნ. მაისურაძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ქიმაძე, ზაბახიძე, ბაკურაძე

დინამო
53. თევდორაძე - ბაციკაძე
78. მახარაძე - ცანავა
53. ზოიძე - ბერიძე
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, ნასუაშვილი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (14), ოდიკაძე (37)

არბიტრი:
თ. ხუჭუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული