ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 - არ გაიტან, გაგიტანენ! [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
გორის "დილამ" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო მიმდინარე ჩემპიონატში და მეორე ადგილზე აინაცვლა. ისეთი თამაში იყო, გამარჯვება "ვიტ ჯორჯიასაც" შეეძლო, მაგრამ ყველაფერი ალბათ ცალკეული ფეხბურთელების კლასმა გადაწონა.

"ვიტ ჯორჯიამ" ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, თუმცა არც "დილა"' მირბოდა თავქუდმოგლეჯილი შეტევაში.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა, ბურთს უფრო მეტხანს "დილა" კი ფლობდა, მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდა. ერთხელ ბრაზილიელი ჟუნიორი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ვიტჯორჯიელთა თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე აქტიურად და აგრესიულად მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი შეტევაში
დიდი ძალებით გადასვლას ერიდებოდა. ის თითქოს თავის შანსს ელოდებოდა.

Sportall.Geჩაკარგული იყო "დილას" ახალწვეული ლეონარდო რამოსი. გორელებმა პირველ ტაიმში აგრესიული ფლანგებითაც ვერ დაგვამახსოვრეს თავი. ინერტული პირველი ტაიმის შემდეგ გაცილებით უკეთეს მეორე ტაიმს ველოდით.

შესვენების შემდეგ სხვა თამაში წავიდა. პირველი საგოლე შესაძლებლობა კი "ვიტ ჯორჯიას" ჰქონდა - შოთა დავლაშელიძის გრძელი გადაცემით ჩიმაკაძე გულვერდ თომაშვილთან ორთაბრძოლაში შევიდა, აჯობა მეტოქეს და მეკარესთან პირისპირ დარჩა, კიპერთან მიახლოებას დარტყმა ამჯობინა, ძლიერადაც დააქუხა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მარინ სკენდერის ხელებს შეაწყვიტა. ჩიმაკაძეს დამატებაზეც შეეძლო ეხეირა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - ამოქმედდა ეს კანონი. ლეონარდოს ნაცვლად მოედანზე შესულმა ზურაბ არზიანმა ერთი მოწინააღმდეგე მოხდენილად ჩამოიცილა და ოცდახუთიოდე მეტრიდან ლამაზი გოლი გაიტანა - 0:1.

"ვიტ ჯორჯიამ" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია. "დილას" საჯარიმოში სახიფათო სიტუაცია შეიქმნა და გურამ ადამაძე ვერ შესწვდა ბურთს. ამის შემდეგ კი ვიტჯორჯიელებმა მრავალსვლიანი კომბინაციის გათამაშება მოახერხეს. წერტილი დავლაშელიძეს უნდა დაესვა, მაგრამ მიზანი კარგად ვერ გაისწორა.

Sportall.Geმატჩის ბოლოს კარგად გამოჩნდა კლასში სხვაობა. "დილას" მეორე საგოლე კომბინაცია გოგიტა გოგუამ წამოიწყო, ჟუნიორმა გააგრძელა, შემდეგ მარცხენა ფლანგიდან სანდრო გურულმა ბურთი საპირისპირო მხარეს გაგზავნა და ირაკლი კლიმიაშვილმაც ერთი შეხებით გაახვია ბადეში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილმა ვიტჯორჯიელმა დარტყმის კარგი ტექნიკა გვიჩვენა. ასეთ სიტუაციაში ბევრი ფეხბურთელი ბურთს ხეირიანად ვერ უხვედრებს ფეხს. ერთი სიტყვით, ამ დარტყმას შესრულება უნდოდა.

მოკლედ, დიდად შინაარსიანი თამაში ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, გოლები გამოდგა თვალისმომჭრელი.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10. მცხეთა პარკი. 800 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 არზიანი (60), 0:2 კლიმიაშვილი (79)

ვიტ ჯორჯია დილა
5-3-1-1 4-2-3-1
დაუშვილი სკენდერი
ხურცილავა კაშია
ადამაძე თომაშვილი
გეთიაშვილი რ. ონიანი
გოგიაშვილი კვირკველია
ჯავაშვილი გოგუა
ვასაძე ბეჭვაია
გურ. გურეშიძე კახელიშვილი
დავლაშელიძე ლეონარდო
კორიფაძე კლიმიაშვილი
ჩიმაკაძე ჟუნიორი

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი გ. დარასელია

ვიტ ჯორჯია
78. გეთიაშვილი - გაბრიჭიძე
82. დავლაშელიძე - ღიბრაძე
სათადარიგოები: რეჭია, ტეტუნაშვილი, ღანიაშვილი, კასრაძე, ჯუღელი

დილა
46. ლეონარდო - არზიანი
61. კახელიშვილი - ს. გურული
90. ჟუნიორი - გვალია
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, ახალკაცი, გორელიშვილი

გაფრთხილება: ჟუნიორი (65)

მსაჯი:
დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული