ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - აუტსაიდერობამ არავინ მოატყუოს

AutoSharing Option
სწორედ აუტსაიდერის რანგში ესტუმრა "კოლხეთი" "ჩიხურას", რის გამოც საჩხერელი მაყურებელი იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ მოტყუვდა: ფოთელებმა ისე თავგანწირვით იბრძოლეს, იმდენი ენერგია დახარჯეს, რომ ამ თამაშის მიხედვით სულაც არ შეეფერებოდათ ბოლოადგილოსნის "სტატუსი".

მეტიც, 29-დან 43-ე წუთამდე ზღვისპირელებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე და სავსებით დამსახურებულად გაათანაბრეს ანგარიში.

მანამდე და მის მერე კი თამაშის "კარდიოგრამა" ასეთი იყო: მე-5 წუთზე შარაშენიძემ ვერ შეიშნო დეკანოიძის ბრწყინვალე პასი და ცარიელ კარს ააცილა; მეექვსე წუთზე მანვე ფეხი ვერ დაუხვედრა კვასხვაძის ჩაწოდებას და კარი ისევ "მშრალი" დატოვა;

მე-12 წუთზე
კრასოვსკის
ჩაწოდების შემდეგ სომხიშვილმა წამის მეათედებით დაასწრო მოწინააღმდეგის თავდამსხმელს;

მე-18 წუთზე ჩიკვაიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კირკიტაძემ პირითი ხაზიდან ისე ოსტატურად შემოაბრუნა, რომ პირდაპირ მეკარეს შეატოვა შარაშენიძე, რომელმაც წინა ორი შეცდომა გამოისყიდა - 1:0.

გოლში მეკარე ხარშილაძის არავითარი ბრალი არ მიუძღვის. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ იგი ბრწყინვალე თამაშით ალალად იმსახურებს მატჩის გმირობას!

მე-20 წუთზე საჯაიას უძლიერესი დარტყმის კუთხურზე მოგერიება შეეძლო, 27-ე და 29-ე წუთებზე კი სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა კვასხვაძის დარტყმებზე.

აქედან დაიწყო სწორედ ის მონაკვეთი, ზემოთ რომ მოგახსენეთ. სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს მასპინძლები, რომლებიც დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ თავის დაცვას, უმეტესად, კუთხურების ხარჯზე.

37-ე წუთზე ორჯერ შეეძლო გოლის გატანა ქებაძეს, მაგრამ ორივეჯერ ქება - სომხიშვილს, 38-ე წუთზე კი დათუნაშვილის ყუმბარისებურის მოგერიებისთვის ხოტბასაც იმსახურებდა. თუმცა დათუნაშვილის მეორე ცდას ვერც ერთი მეკარე ვერაფერს მოუხერხებდა - გოლი, უბრალოდ, აუღებელი იყო. ტაიმიც ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმის თითქმის ნახევარი იდგნენ საჩხერლები ქულების დაკარგვის წინაშე. ამ ხნის განმავლობაში ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს ხარშილაძესთან, რომელმაც 50-ე, 58-ე და მე-60 წუთებზე კვლავ "ჯადოქრული"' თვისებები გამოავლინა.

"ჩიხურას" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა ჩხეტიანის შემოსვლამ, თუმცა სტუმართა მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე ხვდებოდა კვასხვაძის, დეკანოიძისა და სხვათა თითქმის უიმედო დარტყმებს. 68-ე წუთზე კი გოლი მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ კირკიტაძის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე გუშარაშვილის თავურიც აუღებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.

შეხვედრის დამთავრებამდე დარჩენილ პერიოდში "კოლხეთმა" ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ საწადელს თუ ვერ მიაღწია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა აღარ ეყო და არც "ჩიხურა" იყო გულხელდაკრეფილი.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10. ივანწმინდა. 700 მაყურებელი
ჩიხურა-კოლხეთი 2:1
1:0 შარაშენიძე (18), 1:1 დათუნაშვილი (42), 2:1 გუშარაშვილი (68)

ჩიხურა კოლხეთი
სომხიშვილი ხარშილაძე
ოდიკაძე გაბუნია
გუშარაშვილი ფარულავა
საჯაია ცხვიტარია
ჩიკვაიძე ზ. ჩხეტიანი
დიღმელაშვილი წაბრია
ლომაშვილი ახალაია
ნ. კვასხვაძე ქებაძე
კირკიტაძე პ. დათუნაშვილი
დეკანოიძე კრასოვსკი
შარაშენიძე კვანტალიანი

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე დ. მახარაძე

ჩიხურა
შარაშენიძე - გ. ჩხეტიანი
დეკანოიძე - ბაკურაძე
ლომაშვილი - ძამსაშვილი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, ქიმაძე, ნ. მაისურაძე

კოლხეთი
ცხადაია - მოსიაშვილი
კრასოვსკი - პავლიაშვილი
სათადარიგოები: გოგონაია, გ. კილასონია, ქორჩილავა, ხომასურიძე, ბუხაიძე

გაფრთხილება: გუშარაშვილი

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული