აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა მოლოდინი მხოლოდ ცენტრალურმა მატჩმა არ გაამართლა, სხვა ქალაქებშიც უკომპრომისო ბრძოლების მომსწრენი გავხდით.
ტურის მთავარი მოვლენა კი ის არის, რომ ერთპიროვნულმა ლიდერმა "დინამომ" უახლოეს მდევართან სხვაობა გაზარდა.
კითხვის ნიშნების გარეშე
სწორედ ამგვარად სძლია "დინამომ" "მეტალურგს" და ლიდერობა გაიმყარა.
ბოლო წლებში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში არაპროგნოზირებად და უშეღავათო დაპირისპირებებს მივეჩვიეთ, თუმცა დედაქალაქელთა ბოლოდროინდელი პროგრესიდან და რუსთაველთა დაღმასვლიდან გამომდინარე, ამჯერად წყვილის
დუშან უჰრინის გუნდის უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ და "დინამომ" მორიგი სამი ქულა ისე მოიპოვა, რომ მეტოქისგან განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია.
დღევანდელი რეალობა ასეთია - ახლო წარსულისგან განსხვავებით, "მეტალურგს" არ შესწევს "დინამოსთან" ტოლ-სწორად ბრძოლის ძალა. ახლა საინტერესო ის არის, რა შეიცვლება უახლოეს პერიოდში და შეძლებს თუ არა რუსთავული კლუბი წამყვანი უმაღლესლიგელების მარაქაში გარევას.
"მეტალურგი" ზეექვსეულის ზონას უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება და ამ დანაკარგის აღმოსაფხვრელად თამაშის ხარისხის სასწრაფოდ გამოსწორება მართებს.
მორიგი გოლი გაიტანა დინამოელმა ჯაბა დვალმა, რითაც ბომბარდირთა დავაში უპირატესობა განიმტკიცა. ამჯერად "დინამოს" ესპანელ ლეგიონერებს მეტოქის კარი არ დაულაშქრავთ, მაგრამ ახლაც ჩვეული პროდუქტიულობით იმოქმედეს.
"დინამო" "ტორპედოს" უკვე ოთხი ქულით უსწრებს და თუ შემდეგ ტურში ქუთაისში სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებს, კიდევ უფრო კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
განმუხურული სცენარი უცვლელია
თავიდანვე ნათელი იყო, რომ "ტორპედოს" განმუხურში მძიმე ბრძოლა ელოდა - "ზუგდიდი" ხომ შინ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.
გია გეგუჩაძის გუნდმა პირველი ტაიმი აღმავლობით ჩაატარა და ნიკა ფირცხალავას გოლით დაწინაურდა კიდეც, თუმცა შესვენების შემდე ზუგდიდელებმა იძალეს და დავით გამეზარდაშვილისა და ირაკლი ქობალიას გოლებით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს, რითაც საუკეთესო ექვსეულში პოზიციები გაიმყარეს.
"ზუგდიდმა" წინა ტურის ანალოგიური სცენარით იმარჯვა. 27 ოქტომბერს განმუხურში "მეტალურგი" დაწინაურდა და პირველი ტაიმიც მოიგო, მატჩის მეორე ნახევარში კი ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა სწორედ გამეზარდაშვილისა და ქობალიას გოლებით გაიმარჯვა!
ზედმეტია იმის შეხსენება, რომ გამეზარდაშვილს მშობლიური "ტორპედოს" შემადგენლობაში არაერთი სეზონი გაუტარებია, იყო მისი კაპიტანი და "ზუგდიდს" სწორედ იქიდან მიაშურა.
"ტორპედომ" ამ მარცხით მეორე ადგილიც დაკარგა, მაგრამ ვითარების გამოსწორების შანსი ქუთაისელებს მომავალ ტურშივე მიეცემათ - მთელი ჩვენი საფეხბურთო სამყარო "ქართული კლასიკოს" მოლოდინშია, რომელიც ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზუგდიდთან" მიღებული გაფრთხილება "დინამოსთან" თამაშის უფლებას არ აძლევს "ტორპედოს" შეტევის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა საბანაძეს.
ესეც მერვე...
"დილამ" გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, ქულებით "ტორპედოს" გაუთანაბრდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გორელებმა მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ორბურთიანი უპირატესობით სძლიეს, მაგრამ მასპინძლებისგან საკმაო წინააღმდეგობას წააწყდნენ.
სანამ "დილა" დაწინაურდებოდა, ანგარიშის გახსნა ვეტერინარებსაც შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ამოქმედდა.
სტუმართა შემადგენლობაში ორმა ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ნათან ჟუნიორმა და ლეონარდომ ითამაშა, თუმცა გოლები ქართველებმა გაიტანეს - თავი ზურაბ არზიანმა და ყოფილმა ვიტელმა ირაკლი კლიმიაშვილმა გამოიჩინეს.
ეს მარცხი "ვიტ ჯორჯიასთვის" ტრაგედია ნამდვილად არ არის - მართალია, ამ მომენტისთვის მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ზეექვსეულში მოხვედრის არცთუ სოლიდური შანსი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ვეტერინარები აუტსაიდერთა ჯგუფს გვარიანი სხვაობით უსწრებენ.
"დილა" კი წინ დამაჯერებლად მიიწევს და სპორტული თვალსაზრისით, ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონობაზე განაცხადოს პრეტენზია.
ჩემპიონი გამოცოცხლდა
უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ზესტაფონი" წარუმატებელი პერიოდის დასაძლევად ქმედით ნაბიჯებს დგამს - ფეროელები ნელ-ნელა სატურნირო მდგომარეობასაც აუმჯობესებენ და თამაშის ხარისხსაც.
ამის ნიშნები წინა ტურში "დინამოსთან" მატჩშიც გამოჩნდა, სადაც მარცხის მიუხედავად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკმაოდ რიგიანად მოქმედებდა. მარტვილში სამი ბურთის სხვაობით გამარჯვება კი იოლი არავისთვისაა.
"მერანის" კარში ერთი ბურთი თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა, რომელიც მოედანს ტრავმით გამოწვეული გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
თორნიკე გრიგალაშვილის მიერ მარტვილელთა კარში გატანილი გოლი კი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდების მიერ გატანილი საიუბილეო, მე-900 ბურთია. 901 ზესტაფონური გოლიდან კი "ზესტაფონის" ანგარიშზე უკვე ნახევარზე მეტი, 454 გოლია.
"მერანს" ზეექვსეულში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში კი მარტვილელთა შანსები საკმაოდ მაღალია.
სტაბილური ჩიხურა და სიონის ნახტომი
ქობულეთში აუტსაიდერთა პრინციპული დაპირისპირება "სიონის" გამარჯვებით დასრულდა.
ბოლნისელებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს და მე-11-დან მე-10 ადგილზე აინაცვლეს, ბოლოსწინა პოზიცია კი ბათუმის "დინამოს" "დაუთმეს". ამ შეხვედრას მშვიდად არ ჩაუვლია, რის შესახებაც "ლელოს" 1 ნოემბრის ნომერში წაიკითხავდით (იხილეთ სტატია).
დაგეგმილი გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა "ჩიხურამ", მის მიერ დამარცხებული "კოლხეთი" კი დღეისთვის უიმედო აუტსაიდერად გამოიყურება.
საჩხერელები საუკეთესო ექვსეულში მყარად არიან გამაგრებულები და ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწიონ. "კოლხეთს" კი მართალია, ივანწმინდაში ურიგოდ არ უთამაშია, მაგრამ კვლავ უქულოდ დარჩა და პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
ასეთი იყო გასული ტური, კვირას კი ერთბაშად ორი ცენტრალური მატჩი გველის: "ტორპედო"-"დინამო" და "მეტალურგი"-"ზესტაფონი".
არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა შეხვედრებიც, რომელთა წინათქმასაც, ნახსენები ორი შეხვედრის ანონსის მსგავსად, "ლელოს" 3 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
დინამო-მეტალურგი 3:0 - სამი გოლი და სამი ქულა ერთი ამოსუნთქვით [VIDEO]
ზუგდიდი-ტორპედო 2:1 - გია გეგუჩაძე ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2 - არ გაიტან, გაგიტანენ! [VIDEO]
მერანი-ზესტაფონი 0:3 - ახალი ლეგენდა გივი დიდავა [VIDEO]
დინამო (ბთ)-სიონი 0:1 - "ჩელე-არენაზე" მსაჯებს და ფედერაციას აგინეს!
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - აუტსაიდერობამ არავინ მოატყუოს
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 12 | 9 | 2 | 1 | 34-8 | 29 |
2 | დილა | 12 | 8 | 1 | 3 | 20-8 | 25 |
3 | ტორპედო | 12 | 8 | 1 | 3 | 27-10 | 25 |
4 | ჩიხურა | 12 | 7 | 2 | 3 | 17-12 | 23 |
5 | ზესტაფონი | 12 | 6 | 2 | 4 | 15-8 | 20 |
6 | ზუგდიდი | 12 | 5 | 5 | 2 | 14-9 | 20 |
7 | მეტალურგი | 12 | 5 | 0 | 7 | 8-17 | 15 |
8 | ვიტ ჯორჯია | 12 | 4 | 2 | 6 | 10-16 | 14 |
9 | მერანი | 12 | 4 | 0 | 8 | 7-23 | 12 |
10 | სიონი | 12 | 2 |
4 |
6 |
10-20 | 10 |
11 | დინამო (ბთ) | 12 | 2 | 2 |
8 | 10-22 | 8 |
12 | კოლხეთი | 12 | 0 | 3 | 9 | 5-24 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 9
ალვარო (დინამო თბ) 7
საბანაძე (ტორპედო) 7
ჩისკო (დინამო თბ) 6
ჯორბენაძე (დინამო თბ) 6
მომდევნო ტური
4 ნოემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)
მეტალურგი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მერანი
ჩიხურა-დილა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"