ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა და ტურიდან ტურამდე უფრო და უფრო იზრდება თითოეული ქულის ფასი. შესაბამისად, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ პირველ ეტაპზე თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ისეთი მატჩები, რომელთა შედეგსაც მისი მონაწილეებისთვის ნაკლები მნიშვნელობა ექნება.
შესაძლოა, მეორე ეტაპზე არაფრისმომცემი შეხვედრების რაოდენობა თვალშისაცემი გახდეს, ამჟამად კი ფაქტი ის არის, რომ ჩემპიონატის საშემოდგომო რაუნდი ძირითადად, უშეღავათო ბრძოლებში მიმდინარეობს.
სასწორზე
"დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში ყოველთვის გამორჩეული მოვლენა იყო იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია ეკავათ დედაქალაქურ და იმერულ კლუბებს. ზოგჯერ მათი მატჩი ჩემპიონის ვინაობასაც წყვეტდა.
საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ რაკი "ტორპედოცა" და "დინამოც" ოქროს მედლებზე აცხადებენ პრეტენზიას, მათი მატჩის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
უამრავი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომლებიც "ქართულ კლასიკოს" ინტრიგას სძენს, თუმცა ისტორიასაც რომ არ გადავწვდეთ, კვირას გასამართი შეხვედრის უდიდეს მნიშვნელობაზე ყველაზე მკაფიოდ ჩემპიონატის დღევანდელი სატურნირო ცხრილი მეტყველებს - ერთპიროვნული ლიდერი "დინამო" მდევარ "ტორპედოს" ოთხი ქულით უსწრებს, რის გამოც ქუთაისელთა მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა.
ვეჭვობთ, თბილისელებმა პრინციპულ მეტოქეს ინიციატივა შეგნებულად დაუთმონ და თავადაც არ სცადონ შემტევი ფეხბურთის თამაში - ოთხქულიანი უპირატესობა კარგია, პოტენციური შვიდქულიანი სხვაობა კი ბევრად უკეთესი.
ეს წინაპირობა კი იმის დიდ იმედს გვაძლევს, რომ 4 ნოემბერს იმერეთის მთავარ ქალაქში შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ. მატჩს აუცილებლად ეყოლება დიდი პუბლიკა, სხვა ქალაქების მცხოვრებნი კი სეზონის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უმთავრეს შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ტელეეთერით მიადევნებს თვალს.
კარგი სანახაობის იმედს ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც გვიჩენს. შეგახსენებთ, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში "დინამო არენაზე" ძალიან დრამატული და საინტერესო მოვლენებით აღსავსე მატჩი გაიმართა, სადაც ხუთი გოლი და ოთხი გაძევება ვიხილეთ.
"დინამომ" თამაში რვა (!), ხოლო "ტორპედომ" ათი ფეხბურთელით ჩაამთავრა, საბოლოოდ კი დუშან უჰრინის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა (იხილეთ ვრცლად).
შეგახსენებთ, წინა ტურში "დინამომ" შინ 3:0 გაანადგურა რუსთავის "მეტალურგი", "ტორპედომ" განმუხურში "ზუგდიდთან" განცდილი მარცხით საქმე გაირთულა და თუკი მანამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ერთადერთი ქულით ჩამორჩებოდა, დღეისთვის გია გეგუჩაძის გუნდს "დინამოსთან" უკვე ოთხქულიანი სხვაობა აშორებს.
"ზუგდიდთან" მიღებული გაფრთხილება ”დინამოსთან” შეხვედრაში თამაშის საშუალებას არ აძლევს "ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირ ნიკა საბანაძეს.
ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონი - ბრძოლა ექვსეულისთვის
თუკი წინა სეზონში "მეტალურგი" "ზესტაფონს" საქართველოს ჩემპიონობაში ეცილებოდა, ამჟამად რუსთაველებს გაცილებით მოკრძალებული მიზანი - ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა დაუსახავთ.
მხოლოდ ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაში შეეძლება "მეტალურგს" უფრო მაღალი შედეგების დაგეგმვა.
იდეალურად არც "ზესტაფონს" მისდის საქმეები, მაგრამ ბოლო დროს ფეროელთა შედეგიანობა ოდნავ გაუმჯობესდა: დღეისთვის ისინი რუსთაველებს ხუთი ქულით უსწრებენ.
განსაკუთრებული ახსნა არც ამ მატჩის მნიშვნელობას სჭირდება - "მეტალურგი" ამ მომენტისთვის ექვსეულს მიღმაა და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, "ზესტაფონის" პროგრამა-მინიმუმი კი მეტოქესთან ხუთქულიანი უპირატესობის შენარჩუნება იქნება.
რუსთაველთა ახალი თავკაცი გიორგი ყიფიანი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება - შეგახსენებთ, გასული სეზონი მან "ზესტაფონში" გაატარა, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად წვრთნიდა.
წინა სეზონში სათასო მატჩების ჩათვლით "ზესტაფონი" ექვსჯერ შეხვდა "მეტალურგს" და აშკარა უპირატესობა მის მხარესაა - ოთხი გამარჯვება და ორი ფრე. სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "მეტალურგმა" შეძლო ზესტაფონში გამარჯვება - რუსთაველებმა მეორე ტურში დიმიტრი ტატანაშვილის გოლით 1:0 მოიგეს.
ერთი სიტყვით, მართალია, ამ მატჩის მონაწილეები შარშანდელ სიმაღლეზე ვეღარ არიან, მაგრამ რუსთავში ძველი და პრინციპული მეტოქეების ბრძოლა მაინც საინტერესო უნდა გამოდგეს.
დაინტერესებულ ქომაგებს ტურის ორივე ცენტრალური მატჩის ნახვა შეეძლებათ, რადგან ისინი სხვადასხვა დროს იწყება.
დილა მეცხრესთვის ემზადება
ფაქტია, რომ ორი გამოკვეთილი შეხვედრა ტურის სხვა მატჩებს ჩრდილავს, მაგრამ, სხვა ქალაქებში გასამართი დაპირისპირებებიც ბევრს წყვეტს.
ვერაფრით გადავა მეორე პლანზე გორში გასამართი მატჩი, სადაც "დილას" კარგი შანსი აქვს, გამარჯვებათა სერია ცხრამდე გაზარდოს და ორი კონკურენტიდან ერთ-ერთის (ან შესაძლოა, ორივეს) დანაკარგით ისარგებლოს.
"ჩიხურას" ძლევა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ წყვილის ფავორიტი, ცხადია, მაინც გიორგი დარასელიას გუნდია.
"დილა" დღეისთვის მეორე ადგილზეა და თუ საჩხერელებს აჯობა, ამ პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს.
უშანსოდ არც "ჩიხურაა", რომელსაც არწაგება ლიდერთა ჯგუფთან მცირე დისტანციის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, გამარჯვების შემთხვევაში კი სოსო ფრუიძის გუნდი მინიმუმ საუკეთესო სამეულში შეაღწევს.
ასე რომ, თავადაც ხედავთ, რაოდენ დიდია ამ შეხვედრის მნიშვნელობა.
გასარკვევი ქვემოთაც ბევრია
მცხეთაში ერთმანეთს ძალას უშუალო კონკურენტები მოუსინჯავენ. "ვიტ ჯორჯიას" ზეექვსეულში მოხვედრის მცირე შანსი ჯერ კიდევ დარჩა, თუმცა ეს რომც ვერ შეძლოს, "მერანთან" მოპოვებული სამი ქულა მაინც წაადგება.
მარტვილელები წინა ტურში შინ "ზესტაფონთან" სამბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, 4 ნოემბერს ასე დაიჩაგრნონ. "მცხეთა პარკზეც" დიდ ბრძოლას ველით.
"ზუგდიდმა" განმუხურში ერთმანეთის მიყოლებით სძლია "მეტალურგსა" და "ტორპედოს" და ამ ექვსი ქულით ზედა ექვსეულში უკვე დამაჯერებლად გამოიყურება.
რა თქმა უნდა, ელგუჯა ქომეთიანის გუნდს ქობულეთშიც მძიმე ბრძოლა ელის, მაგრამ ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ქულათა მარაგის შევსების იმედი.
თავის მხრივ, ბათუმის "დინამოს", რომელმაც უშუალო კონკურენტ "სიონთან" საშინაო მარცხით საქმე კიდევ უფრო გაირთულა, ბოლოსწინა ადგილისთვის თავის დაღწევა მართებს და, სავარაუდოდ, სტუმრებს აქტიურად შეუტევს.
კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია "კოლხეთი", რომელიც ტურიდან ტურამდე იმცირებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებს.
არ იქნება გასაკვირი, თუ ფოთელები ნავსს XIII ტურში გატეხენ, მაგრამ იოლად არც "სიონი" დათმობს რამეს. ბოლნისელებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ბათუმის "დინამოს" სძლიეს, მეორე ზღვისპირულ ქალაქშიც ანალოგიური მიზანი ამოძრავებთ, რაც შეუპოვარი ჯახის გარანტიას გვაძლევს.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 12 | 9 | 2 | 1 | 34-8 | 29 |
2 | დილა | 12 | 8 | 1 | 3 | 20-8 | 25 |
3 | ტორპედო | 12 | 8 | 1 | 3 | 27-10 | 25 |
4 | ჩიხურა | 12 | 7 | 2 | 3 | 17-12 | 23 |
5 | ზესტაფონი | 12 | 6 | 2 | 4 | 15-8 | 20 |
6 | ზუგდიდი | 12 | 5 | 5 | 2 | 14-9 | 20 |
7 | მეტალურგი | 12 | 5 | 0 | 7 | 8-17 | 15 |
8 | ვიტ ჯორჯია | 12 | 4 | 2 | 6 | 10-16 | 14 |
9 | მერანი | 12 | 4 | 0 | 8 | 7-23 | 12 |
10 | სიონი | 12 | 2 |
4 |
6 |
10-20 | 10 |
11 | დინამო (ბთ) | 12 | 2 | 2 |
8 | 10-22 | 8 |
12 | კოლხეთი | 12 | 0 | 3 | 9 | 5-24 | 3 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგა. XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო-მეტალურგი 3:0 - სამი გოლი და სამი ქულა ერთი ამოსუნთქვით [VIDEO]
ზუგდიდი-ტორპედო 2:1 - გია გეგუჩაძე ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს [VIDEO]