არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონში" შევცვალეთ სისტემა და შევიკარით

AutoSharing Option
ბოლნისი ისეთი პერიფერიაა, სადაც განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი. იყო დრო, ბოლნისიდან ქულის წამოღებაც კი ყველა გუნდს რომ უჭირდა. ბოლნისის "სიონს" თავისი ნიშა ეკავა.

ბოლო დროს კი საქმეები დაღმა წაუვიდა "სიონს". მიმდინარე სეზონში გუნდი მოწინავეთა შორის არ არის და ცხადია, ზედა ექვსეულში მოხვედრაზე უფრო სხვა რამეზე ფიქრობს.

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში "სიონმა" ქულათა მაქსიმუმი აიღო, თანაც ორივე შეხვედრა სტუმრად მოიგო - ჯერ "ბათუმთან", მერე კი "კოლხეთთან".

"სიონის" მთავარ მწვრთნელს არმაზ ჯელაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- ფაქტია, რომ "სიონი" ბოლო შეხვედრებში უწინდელზე
უკეთესად ათამაშდა. რითია გამოწვეული ეს წინსვლა?

- წინა თამაშები ცუდად ჩავატარეთო, ასე არ ვიტყოდი. არ გვიმართლებდა, თორემ იყო იმის შანსი, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა.

ბოლო ორი თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, ურეკში მოგვიწია ხანმოკლე შეკრებაზე ყოფნა. მანამდე სანაკრებო პაუზაც ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ახლა უწინდელზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში არიან.

- ტაქტიკური ცვლილებებიც განახორციელეთ?
- ბოლო მატჩებში დაცვითი სისტემა ავირჩიეთ, აქცენტი კონტრშეტევებზე გავაკეთეთ.

- რა ვითარებაა დაფინანსების მხრივ? ვინ არის ახლა "სიონის" პატრონი?
- კლუბს ისევ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მერე კი ვნახოთ, რა როგორ იქნება. ხელფასი, პრემიები - ყველაფრის გადახდა დროულად ხდება, დავალიანებები არ არის.

- სავარჯიშო პირობებით რამდენად კმაყოფილი ხართ? ბოლო დროს "სიონისთვის" ეს არცთუ უმნიშვნელო პრობლემა იყო...
- თბილისში, 35-ე საფეხბურთო კლუბის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ "მარაკანაზე" ვვარჯიშობთ. ხელოვნურ საფარზე ვარჯიში ტრავმის ალბათობას ზრდის, თუმცა ნელ-ნელა მივაღწიეთ იმას, რომ სტაბილური შემადგენლობით ვთამაშობთ.

ქემოკლიძე და ხუბუა ტრავმირებულები არიან, ჯიქია ფოთში დაშავდა და მალე განაახლებს ვარჯიშს, კემუხტაშვილი და უგულავაც ვერ არიან ჯანმრთელად.

- "სიონი" ამ დროისთვის მე-9 ადგილზეა ჩემპიონატში და ალბათ, ეს ის პოზიციაა, რაც ამ ეტაპზე თქვენი გუნდისთვის დამაკმაყოფილებელია...
- ყველაფერს დრო გვიჩვენებს. თუ რამდენიმე მოწინავე გუნდს არ ჩავთვლით, საქართველოს ჩემპიონატში ყველა მეტ-ნაკლებად თანაბარი დონისაა. შეგვეძლო მოგება "ვიტ ჯორჯიასთან", "ზუგდიდთან"...

"სიონი" ახლა უფრო ერთსულოვანი გუნდია, "შევიკარით", მეორე ტაიმშიც უკვე კარგად იხარჯებიან ფეხბურთელები.

- ყველაზე უფრო რა პოზიციაზე უჭირს ახლა "სიონს"?
- მარჯვენა განაპირა მცველი არ გვყავს და იძულებული ვართ, რომ ამ პოზიციაზე ორბელაძე ვათამაშოთ, ვინც ნომინალურად ცენტრალური მცველია.

- ბოლნისში ბოლო დროს ბევრი მაყურებელი აღარ დადის სტადიონზე - ამის მიზეზი რა უნდა იყოს?
- ალბათ შედეგი. როგორც კი გუნდს უკეთესი რეზულტატი ექნება, იმედია, მეტი გულშემატკივარიც მოვა "სიონის" საქომაგოდ.

- მომდევნო ტურში ერთ-ერთ ლიდერს, გორის" დილას" მასპინძლობთ...
- ძალიან ძნელი იქნება "დილასთვის" ქულების ართმევა, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი. "დილა" თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ჩვენთვის ასეთ მეტოქესთან მთავარი ის იქნება, რომ გოლი არ გავუშვათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული