ჩხერიმელა-გაგრა: დაპირისპირება არ ცხრება

AutoSharing Option
ხარაგაულის "ჩხერიმელასა" და "გაგრას" შორის 30 სექტემბრის (პირველი ლიგის VI ტური) მატჩმა იმხელა დაძაბულობა გამოიწვია, ვნებები დღემდე არ ჩამცხრალა. ხარაგაულელები "გაგრას" მსაჯის მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ, არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს კი ბოლო წუთზე გაშვებულ გოლსა და მატჩისთვის 8 წუთის დამატებას უსამართლო გადაწყვეტილებად უთვლიან - მთავარმა მსაჯმა მატჩი 93-ე წუთის ნაცვლად 98-ეზე დაამთავრა, სანამ "გაგრამ" გოლი არ გაგვიტანაო (ამ მომენტისთვის სტუმრები 2:1-ს აგებდნენ).

დამატებულ დროში გატანილი გოლის წყალობით, "გაგრამ" ქულა მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა. ხოლო, როგორც "გაგრის" პრესატაშე მიხეილ აფხაზავამ განაცხადა, თამაშის განმავლობაში რაიონის
ხელმძღვანელები და გულშემატკივრები მსაჯს ერთ ხმაში აგინებდნენ - მატჩის ბოლოს კი მოედანზეც შეცვივდნენ, მსაჯიც შეურაცხყვეს და "გაგრის" წარმომადგენლებზეც გაიწიესო. სხვათა შორის, "გაგრის" პრესსამსახურმა არბიტრ გვანცელაძის შეურაცხყოფის კადრებიც გაავრცელა.

აფხაზავას განცხადებამ "ჩხერიმელას" თავკაცები და გულშემატკივრები აღაშფოთა. "გაგრის" პრესატაშისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს - მოედანზე მხოლოდ ერთი გულშემატკივარი გადახტა და ისიც პოლიციამ გააჩერა, მაგას არ აქვს უფლება, ხარაგაულის 30 ათას მცხოვრებს შეურაცხყოფა მიაყენოს და პაპუასები ეძახოსო?!

სერიალი გრძელდება: ახლა უკვე "გაგრის" პრესატაშეა გაკვირვებული, როდის გეძახეთ პაპუასები, ბოდიში რომ მოვიხადოო?! "
"ჯერ პენალტზე იყო პრეტენზია, შემდეგ მსაჯის მიერ დამატებულ დროზე, ბოლოს კი ჩემთან გაუჩნდათ პრეტენზიები და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გამაგებინეთ, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში და მოვიხდი! მანახეთ, წამაკითხეთ ან მომასმენინეთ ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარებში, როდის მივაყენე შეურაცხყოფა ხარაგაულელ გულშემატკივარს? დიდი მადლობა იქაურ ქომაგებს იმ აპლოდისმენტებისთვის, რომლითაც გაგვაცილა. მათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და გთხოვთ, ნუ დამაბრალებთ იმას, რაც არ მითქვამს, სხვის სიტყვებს მე ნუ მომაწერთ. ჩვენი მიზანი არც "ჩხერიმელას" დასჯა იყო. გთხოვთ, ნუ დაგვაბრალებთ მსაჯებს მოსყიდვას, ჩვენს სასარგებლოდ მოგონილი პენალტების დანიშვნას - ყველა ის პენალტი, რომელიც "გაგრის" სასარგებლოდ დაიდო, 100%-იანი იყო. ჩათვალეთ, რომ თქვენი განცხადებები არ მოგვისმენია. დავრჩეთ მეგობრებად", - ამბობს აფხაზავა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული