დილა-ზუგდიდი 3:0 - გიორგი დარასელიამ მოგებებით წრე შეკრა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
გორის "დილას" ხელმძღვანელობა, რასაკვირველია, ძალიან კმაყოფილი იქნება, რომ თავის დროზე მთავარი მწვრთნელის შერჩევისას გიორგი დარასელიაზე გააკეთა აქცენტი. მისი ხელმძღვანელობით "დილამ" უკვე ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგო, გაიტანა 24 გოლი და საპასუხოდ მიიღო ერთადერთი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზუგდიდთან მატჩში დარასელიამ შეკრა ერთი წრე, ანუ შეხვდა უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს და ქულაც კი არავისთან დაუკარგავს! მეტად შთამბეჭდავი შედეგია!

სატურნირო ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მომდევნო ტურის მატჩი თბილისში "დინამოსთან" უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ორივე გუნდისთვის, მათ შორის ხომ მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა.

გორელი გულშემატკივრები ზუგდიდთან მატჩის
დასრულებისთანავე "დინამოსთან" თამაშზე გასამგზავრებლად იჭერდნენ თადარიგს. ამჟამად საყვარელი გუნდის საქომაგოდ გორელები სტაბილურად რამდენიმე ათასნი დადიან. ისე კი, მაყურებლის სიმრავლე ამ სტადიონზე მთლად მოულოდნელი არაა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სასიკეთო ცვლილებები გულშემატკივრის ხასიათზეც ადეკვატურად აისახა - ადრე მუდამ გაბრაზებულ, უკმაყოფილო და მოჩხუბარ გორელ გულშემატკივარს ახლა უკვე სულ მოზეიმე იერი აქვს.

მასპინძელთა ქომაგს დადებითი განწყობა არც ამ მატჩში შეცვლია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გოლი არ ჩანდა, ვითარება "დილას" გულშემატკივარს უფრო პირდებოდა უკეთესს. თამაშის სადავეები დარასელიას შეგირდებს ეპყრათ ხელთ. "ზუგდიდი" კი მოლოდინისამებრ კონტრშეტევებით იბრძოდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

სტუმრები ქობალიას და გაბედავას მოისაკლისებდნენ, მასპინძელთა ძირითადი შემადგენლობიდან კი შაშიაშვილი არ ყოფილა მინდორზე. დაცვაში მის პოზიციაზე გიგა ბეჭვაია გახლდათ დაწეული, ხოლო ამ უკანასკნელის ამპლუაში ლაშა გვალია მოგვევლინა, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგად გაირჯა, გოლითაც შეიტანა გუნდის წარმატებაში წვლილი.

ზუგდიდელ მცველებს და მეკარეს "დილა" ფლანგებიდან გარღვევით და საჯარიმოს მისადგომებთან მაღალი ჩაწოდებით უქმნიდა პრობლემებს. შესაბამისად, საჰაერო ბრძოლა სტუმართა კართან არაერთხელ ვნახეთ, პირველი სახიფათო მომენტიც თამაშში ჟუნიორმა მე-6 წუთზე სწორედ თავურით შექმნა.

ჟუნიორი გამოკვეთილი თავდამსხმელის, ირაკლი მოდებაძის უკნიდან მოქმედებდა, პერიოდულად კი თანამემამულე ლეონარდო რამოსს უცვლიდა პოზიციას შეტევის მარცხენა ფრთაზე. "დილას" ორივე ბრაზილიელი ლეგიონერი რიგიანად ირჯებოდა, მაგრამ გაცილებით ნაყოფიერი და ეფექტური ინდივიდუალური მოქმედებებით ლეონარდოს გამოვარჩევთ.

აქტიური ფლანგური ჩაწოდებებით კვირკველიაც ხშირად აწუხებდა მეტოქეს.

32-ე წუთზე ამ გზით გიორგი კახელიშვილს მართებდა გატანა, მაგრამ მან, ისევე, როგორც ცოტა ხანში ჟუნიორმა, კარგი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა.

30-ე წუთზე შორიდან ძლიერი, ოღონდ მცირეოდენ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა გიორგი ონიანს. შესვენებამდე "ზუგდიდი" ყველაზე ახლოს გოლთან 36-ე წუთზე ლუკა გუგუჩიას მიერ შესრულებული სტანდარტულის დროს იყო. იქამდე კი თანაგუნდელისგან უკან დაბრუნებული ბურთის მოგერიებისას სკენდერი კინაღამ შეცდა და ბოლო წამს მასვე რომ არ ევარგა, იქვე ჩასაფრებული კუკავა ანგარიშს გახსნიდა.

54-ე წუთზე ლეონარდოს პასით ლაშა გვალიამ საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაურტყა ლაშა ძაგანიას - 1:0.

ამ ეპიზოდს "დილას" ერთგვარი აფეთქება მოჰყვა. კიდევ ერთი შეტევა განვითარდა სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე ფაზად, რა დროსაც ლეონარდოს, გოგუას, ჟუნიორსა და კახელიშვილს შეეძლოთ მისი დაგვირგვინება, მაგრამ ამაოდ.

56-ე წუთზე ძაგანია მაინც ვერ გადაურჩა მეორე გოლს - კახელიშვილის შორეული დარტყმული ზუსტი გამოდგა - 2:0. კიდევ ორ წუთში გოგუა იყო ახლოს მიზანთან.

ამ დროს უკვე აშკარა გახდა, რომ ზუგდიდელები მატჩს ვერ შემოატრიალებდნენ. თამაში უფრო გაიხსნა და სახიფათო მომენტებმა იმატა. ცხადია, პირველ ყოვლისა, სტუმართა კართან იყო საგოლე ეპიზოდების სიმრავლე. ცალკეულ შემთხვევებში ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმაც გამოიღეს ხელი, თუმცა გოლამდე საქმე ისევ გორელებმა მიიყვანეს.

65-ე წუთზე გოგიტა გოგუას მიერ შესრულებული სტანდარტული ძაგანიამ მოიგერია, ბურთთან პირველი ონიანი გაჩნდა და ახლოდან იოლად შეაგდო - 3:0.

თვალსასეირო თამაში მატჩის საფინალო სასტვენამდე გაგრძელდა, ოღონდ გოლი მეტჯერ აღარ გასულა.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი
(ზუგდიდი): "გორში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვედით. ქობალია და გაბედავა არ არიან ის ფეხბურთელები, რომელთა შეცვლა ჩვენთვის იოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშისგან მაინც მეტს ველოდი. სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს არ არის ტრაგედია. მომავალში შევეცდებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. რაც შეეხება კლუბში არსებულ ფინანსურ ვითარებას, მდგომარება გამოსწორებულია. ხელფასის გაცემას უახლოეს ხანებში შეგვპირდნენ და როგორც გვითხრეს, საგაისო ბიუჯეტსაც არ შეექმნება პრობლემა".
გიორგი დარასელია (დილა): "დღევანდელ მატჩში ჩემმა გუნდმა შეასრულა მაქსიმუმი იქიდან, რაც დავავალე. ზუგდიდს ჩვენს მერე ყველაზე ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენ სამჯერ გავუტანეთ. საგოლე მომენტები იმდენი იყო, რომ რამდენიმე შეხვედრას ეყოფოდა, ოღონდ ცხადია, ყველას რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმშივე გვმართებდა, თუმცა ცოტა დავაგვიანეთ; შესვენების შემდეგ კი უფრო ზუსტად გაირჯნენ ჩვენი ფეხბურთელები და შედეგმაც არ დააყოვნა".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
18. 11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი
დილა-ზუგდიდი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 გვალია (54. ლეონარდოს პასით), 2:0 კახელიშვილი (56), 3:0 გ. ონიანი (65)

დილა მერანი
4-2-3-1 4-5-1

სკენდერი ძაგანია
ბეჭვაია აფაქიძე
გ. ონიანი თოდუა
თომაშვილი გამეზარდაშვილი
კვირკველია რ. ონიანი
გვალია გუგუჩია
გოგუა სიხარულია
კახელიშვილი ტყემალაძე
ჟუნიორი კოშკაძე
ლეონარდო კუტალია
მოდებაძე კუკავა

მწვრთნელები:
გ. დარასელია ე. ქომეთიანი

დილა
59. ჟუნიორი - არზიანი
70. მოდებაძე - ახალკაცი
75. გოგუა - სალუქვაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, გურული, კლიმიაშვილი, კაშია

ზუგდიდი
73. გუგუჩია - ფარჯიკია
75. კუკავა - ეხვაია
სათადარიგოები: მერლანი, ნ. შონია, ფოფხაძე, აქუბარდია, აკობია

გაფრთხილება: გუგუჩია (26), ბეჭვაია (34), ტყემალაძე (64), რ. ონიანი (77)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული