ჩიხურა-მერანი 1:0 - თამაშის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მიუხედავად გამარჯვებისა, ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ "ჩიხურამ" "მერანი" ვერ "მოათვინიერა".

მართალია, ტრავმირებული სომხიშვილის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ არა გვგონია, ეს განაპირობებდა საჩხერელთა ზედმეტად ფრთხილ სათამაშო ტაქტიკას, ვინაიდან სათადარიგო მწყერაშვილი საიმედოდ იცავდა კარს მთელი მატჩის განმავლობაში.

"მერანმა" კი, რახან თავისუფალი სივრცე იხილა, აიწყვიტა და მის ჭენებას მართლაც არ ჰქონდა საზღვარი. ამიტომაც ჩაიარა შეხვედრამ დინამიურად, ორმხრივ საინტერესოდ, თვალსასეიროდ და ერთგვარად სანერვიულოდაც.

სტუმრებმა თავიდანვე აგრძნობინეს მასპინძლებს, რომ იოლად არაფერს დაუთმობდნენ. დაუთმობდნენ კი არა, რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნეს, ხოლო მე-10 წუთზე ნოზაძის ყუმბარისებურს
ამბრაზურასავით გადაეფარა გუშარაშვილი.

15 წუთი დასჭირდა "ჩიხურას" გონს მოსაგებად. ჩიკვაიძის ჯარიმამ მილიმეტრებით გადაუქროლა ხარიხას. მალევე შეროზიამ აუღო კვასსხვაძეს კარგი დარტყმა.

შემდეგ ისევ "მერანის" იერიშებიანი, ლაღი, თუმცა უშედეგო ნავარდი და, აი, საბედისწერო 32-ე წუთიც: შარაშენიძის მახვილგონივრული, გამჭოლი ჩაწოდება, რომლის აღება თუ არა, მოგერიება მაინც არ უნდა გასჭირვებოდა სწორ პოზიციაზე მდგარ მეკარეს, ქარქუზაშვილის თავის "გავლით" ბურთი მისი კარის "ცხრიანში" რომ არ ჩაშვებულიყო.

შემთხვევითმა გოლმა უფრო გაახელა "მერანი", სწრაფად ეკვეთა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს. 37-ე წუთზე 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა ტორონჯაძემ, 37-ე წუთზე კი კიდევ უფრო უკეთესი პოზიციიდან დააზარალა გუნდი მეკარესთან პირისპირ გასულმა ლომიამ.

ტაიმის დამთავრებამდე დარჩენილ პერიოდში ისევ მოეგნენ გონს საჩხერელები. 43-ე წუთზე მოხდა ის, რითაც ფეხბურთი ხიბლავს მაყურებელს: დეკანოიძის დიდოსტატურად ჩაკიდებულ ბურთს სარაგბო ზედახორა მოჰყვა სტუმართა საჯარიმო მოედანში. ორიოდე მეტრიდან ურტყამდნენ კირკიტაძე, კვასხვაძე, შარაშენიძე და ყველა, ვისაც არ დაეზარა. რომ იტყვიან, სისხლის უკანასკნელ წვეთებამდე იბრძოლეს მცველებმა და მეკარემ.

მეორე ტაიმიც მარტვილელების იერიშებით დაიწყო. პირველივე წუთზე ვერ შეირგო ოდიკაძის შეცდომა ბუკიამ. სხვადასხვა დროს ვერც მელიავამ, ნოზაძემ და ფონიავამ შეძლეს საჩხერელთა კარის გასაღების მონახვა. ეტყობოდა, ეს მათი დღე არ იყო.

საჩხერელებიც არანაკლებ სცოდავდნენ: 68-ე წუთზე მოედანზე ახალშემოსულ მაისურაძეს უმტყუნა მიზანმა; 72-ე წუთზე შეროზიამ ზედიზედ ორჯერ აუღო მძლავრი თავურები გუშარაშვილს და დეკანოიძეს;

მე-40 წუთზე სოლორეიდით რამდენიმე მცველს გაცდენილი დეკანოიძის ზედმეტი მცდელობა რომ არა მეკარის მოტყუებისა, საჩხერელები ორგოლიანი სხვაობით გაიმარჯვებდნენ, თუმცა გამარჯვება მინიმალური ანგარიშითაც გამარჯვებაა.

გამარჯვებულს კი, როგორც წესი, არ ასამართლებენ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
ჩიხურა-მერანი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ქარქუზაშვილი (32, საკუთარ კარში)

ჩიხურა მერანი
მწყერაშვილი შეროზია
ოდიკაძე გეგეჭკორი
გუშარაშვილი ჟვანია
საჯაია ქარქუზაშვილი
ჩიკვაიძე მელიავა
დიღმელაშვილი ბუკია
ლომაშვილი ნოზაძე
ნ. კვასხვაძე ფონიავა
კირკიტაძე კუჭუხიძე
დეკანოიძე ტორონჯაძე
შარაშენიძე ლომია

მწვრთნელები:
სოსო ფრუიძე მ. ჟვანია

ჩიხურა
67. კირკიტაძე - მაისურაძე
67. შარაშენიძე - ბაკურაძე
90. დიღმელაშვილი - ზაბახიძე
სათადარიგოები: ბერდელიძე, ჭელიძე, ქიმაძე, მუმლაძე

მერანი
67. ლომია-ამბროლაძე
სათადარიგოები: ბერია, იობაშვილი, კიკალიშვილი, გელაჭეიშვილი, გაბისონია, მჭედლიშვილი

გაფრთხილება: კვასხვაძე (56), კუჭუხიძე (85)

არბიტრი: ბ. ნინუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული