ტურის მწვრთნელი მალხაზ ჟვანია: ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო

AutoSharing Option
ძალიან ძნელი იყო, "დინამოსა" და "დილას" მატჩს თავისი მნიშვნელობით ტურის რომელიმე მოვლენა გატოლებოდა, მაგრამ საკმაო რეზონანსი გამოიწვია მარტვილში დაფიქსირებულმა შედეგმაც - "მერანმა" ამბიციური "ტორპედო" 3:0 გაანადგურა (იხილეთ ვრცლად).

შედეგად, "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებს ორი მწვრთნელი ჰყავს - დუშან უჰრინი და მალხაზ ჟვანია (იხილეთ ვრცლად).

"დინამოს" ჩეხმა თავკაცმა საკუთარი მოსაზრებები მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, მარტვილელთა თავკაცის ინტერვიუს კი დღეს გთავაზობთ.

- დიდი მადლობა "ლელოს" ამ აღიარებისთვის. ეს ჩემი და ჩემი ფეხბურთელების შრომის დაფასებაა და შევეცდებით, მსგავსი პატივი კიდევ ბევრჯერ დავიმსახუროთ.

- ფაქტია,
რომ "ტორპედოსთან" "მერანმა" სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა.

- ნამდვილად ასეა. მეტიც, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო "მერანის" ისტორიაში. ბოლო დროს შედეგები არცთუ სახარბიელო გვქონდა და საკუთარ თამაშს ვეძებდით.

"ტორპედოსთან" დაპირისპირებას მთელი მონდომება და ენერგია შევალიეთ და ძლიერ მეტოქესთან დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

იმედი მაქვს, ამას სხვა წარმატებებიც მოჰყვება და სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავიუმჯობესებთ.

- თქვენი გუნდის მიზნებიდან გამომდინარე, ურიგო პოზიცია არც ახლა გიკავიათ.
- მართალია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ მეტიც შეგვიძლია. თუმცა რეალისტებად ვრჩებით და ვიცით, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. შევეცდებით, ქვედა ექვსეულში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მერანს" კიდევ ხომ არ დატოვებენ წამყვანი ფეხბურთელები?
- ზაფხულში ისედაც გვარიანად დავსუსტდით და ამაზე მეტად დასუსტება უკვე აღარ შეიძლება. წამყვან ფეხბურთელებს აუცილებლად შევინარჩუნებთ და იმის იმედიც გვაქვს, რომ რამდენიმე ახალწვეულს დავიმატებთ.

ზამთრის გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

- მარტვილის სტადიონთან დაკავშირებით პრეტენზია ბევრ გუნდს აქვს. მოედნის საფარის გაუმჯობესება ხომ არ გაქვთ გეგმაში?
- მოედანი ჩვენთვისაც უდიდესი პრობლემაა. გვესმის ჩვენი მეტოქეების, მაგრამ არც ჩვენ გვსიამოვნებს უხარისხო საფარზე თამაში, ეს "მერანსაც" ძალიან გვიშლის ხელს, რადგან კომბინაციური და ტექნიკური ფეხბურთის მიმდევრები ვართ.

ზამთარში ამ პრობლემის გადაჭრაც გვაქვს გეგმაში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კლუბის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდება და ვიმედოვნებთ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაგვიწევს თანადგომას.

- რა არის "მერანის" მიზანი პირველ ეტაპზე დარჩენილ მატჩებში?
- უპირველესად, უშუალო კონკურენტების დამარცხება, რაც საშუალებას მოგვცემს, ზამთრის არდადეგებზე ქულათა კარგი მარაგით გავიდეთ და მთავარი მიზნის შესრულება გაგვიადვილდეს. ბოლნისშიც სამი ქულისთვის მივდივართ და იმედი გვაქვს, "სიონის" დამარცხებას შევძლებთ.

- "მერანის" გამოკვეთილ ლიდერებად ვის მიიჩნევთ?
- ამ სეზონში კარგად წარმოაჩინა თავი ჩვენმა მეკარე ჯონი შეროზიამ, რომელიც მატჩიდან მატჩამდე ოსტატდება და "მერანის" ლიდერადაც ყალიბდება. ძველი ფორმა დაიბრუნა გიგა ჟვანიამ და გუნდისთვის კვლავ ძალიან სასარგებლოა. "მერანისთვის" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გივი დიდავას გამოცდილებასაც.

თავდასხმაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბოლო დროს შედეგიანად ათამაშდა საბა ლომია, თუმცა ჯერ არ ვიცით, მოისურვებს თუ არა ზამთარში "ზესტაფონი" მის დაბრუნებას. აუცილებლად გამოვყოფ ჩვენს ახალგაზრდებს, ლევან გეგეჭკორსა და პაპუნა ფონიავას.

ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად სწორედ მათი დაოსტატება მიგვაჩნია. გეგეჭკორი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადი ფეხბურთელია, ფონიავაც ამ გუნდის რეალური კანდიდატია და ორივე მათგანს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალხაზ ჟვანია: წინასწარ არ ვაპირებთ, აუტსაიდერის როლს შევეგუოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული