სიონი-მერანი 2:1 - პირველი ბოლნისური

AutoSharing Option
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ბოლნისის "სიონმა" შინ პირველი გამარჯვება მოიპოვა და სახიფათო ზონასაც უფრო დიდი დისტანციით დაშორდა.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხლა "მერანის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, 28 ნოემბერს კი "სიონმა" მარტვილელებს გადაასწრო და ცხრილში ერთი საფეხურით ჩამოიტოვა.

კარგი ამინდი და არცთუ სანაქებო მინდორი - ასეთ პირობებში გაიმართა ეს შეხვედრა, "სიონი" პირველ წუთებში უფრო აქტიური ჩანდა მოედნის ცენტრში და გოლსაც გამორჩა - გიორგი ქუცურუას ჩაუქობის შემდეგ ბურთი ვილი ისიანს მიუვიდა და ოციოდე მეტრიდან გაახვია ბადეში.

აქედან ცოტა ხანში ქუცურუამ უკვე მარჯვენა ფლანგიდან
ჩააწოდა ჯარიმა, "მერანის" მეკარე ჯონი შეროზია კარგად ვერ გამოვიდა კარიდან, ისიანს მორიგი საგოლე შანსი მიეცა, თუმცა თავური არაზუსტი გამოუვიდა.

"სიონი" არ ცხრებოდა. დიდ უპირატესობას ფლობდაო, ასე არ ყოფილა, თუმცა მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდა. მარჯვენა ფლანგზე გიორგი ჭედიამ ითამაშა კარგად, საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან ისე დაარტყა, რომ მიზანი კარგად ვერ გაისწორა.

ამასობაში მარტვილელებმა თამაში გამოაკეთეს და ერთი-ორი მწვავე იერიშიც განახორციელეს. ლაშა კუჭუხიძემ მცველთან ბრძოლაში დარტყმა მოახერხა, თუმცა დიდი მანძილით ააცილა კარს. პაპუნა ფონიავამ კი ხელსაყრელი საჯარიმო ცოცხალ კედელს ვერ აარიდა.

კონტრშეტევაზე ბოლნისელებს მართებდათ უპირატესობის გაზრდა. გელა ხუბუამ მარცხნიდან ჩააწოდა "მერანის" საჯარიმოში, ვალერი იობაშვილის შეცდომის შემდეგ ისიანი აღმოჩნდა ჩინებულ პოზიციაში, მაგრამ ბურთის მოთვინიერება ვერ მოახერხა.

"მერანის" დაცვა ერთხელაც შეცდა. ისევ ისიანს შეეძლო ეყოჩაღა, თუმცა საშუალო დისტანციიდან კარს ვერ დაუმიზნა.

მეორე ტაიმის პირველ წუთებში კვლავ "სიონი" აქტიურობდა. ქუცურუას ნაკუთხურალ ბურთზე ყველას ისიანმა დაასწრო და ბურთი "მერანის" ერთ-ერთმა მცველმა არ შეუშვა კარში. ბოლნისელებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს - ისიანმა კარგად გაუჭრა პასი ჭედიას, რომელმაც მარჯვნიდან მოუძებნა ღრიჭო "მერანის" კარს - 2:0.

სტუმრები ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ შეტევაში. ნოდარ ნოზაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ ადგილას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მამუკა ტორონჯაძე კარგად შეიჭრა "სიონის" საჯარიმოში და მის დარტყმას ერთ-ერთი მცველი გადაეფარა.

"სიონი" უკვე კონტრშეტევებით ცდილობდა გოლის გატანას. გიორგი ოქროპირიძეს ჯერ თავით შეეძლო ზუსტი დარტყმის შესრულება, მერე კი შორიდან ვერ გაისწორა მიზანი.

"მერანს" გარჯა დაუფასდა - ნოზაძის ჩინებული პასით საბა ლომია მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნა მცველები და უნაკლოდაც შეასრულა დარტყმა - 2:1.

სტუმართა გოლმა მოედანზე ვითარება კი დაძაბა, მაგრამ დრო ცოტაღა იყო დარჩენილი. ნაკუთხურალ ბურთს გივი ქარქუზაშვილმა შეაგება თავური, მაგრამ დარტყმა კარიდან განზე წავიდა.

ერთი სიტყვით, თამაში დუნე არ ყოფილა, მოიგო იმან, ვისაც ალბათ უფრო სწყუროდა სამი ქულა. მერანელები კი ნამატჩევს უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსაჯობით...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.11.2012. ბოლნისი. თ. სტეფანია. 500 მაყურებელი
სიონი-მერანი 2:1
გოლები: 1:0 ისიანი (7, ქუცურუას პასით), 2:0 ჭედია (55, ისიანის პასით), 2:1 ლომია (88, ნოზაძის პასით)

სიონი მერანი
4-3-3 4-3-3
ბობღიაშვილი შეროზია
უგრეხელიძე გეგეჭკორი
სვანიძე იობაშვილი
მაჭავარიანი გ. ჟვანია
ხუბუა მელიავა
ჯოჯუა ბუკია
ნემსაძე ნოზაძე
ქუცურუა ამბროლაძე
ჭედია ფონიავა
თარხნიშვილი ს. ლომია
ისიანი კუჭუხიძე

მწვრთნელები:
ა. ჯელაძე მ. ჟვანია

სიონი
65. ნემსაძე - ოქროპირიძე
68. ქუცურუა - ჭანკოტაძე
85. ჭედია - ხურციძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ლომაია, მანწკავა, ჩიკვილაძე

მერანი
46. ამბროლაძე - ტორონჯაძე
70. ფონიავა - გელაჭეიშვილი
75. ჟვანია - ქარქუზაშვილი
სათადარიგოები: ბერია, გაბისონია, მჭედლიშვილი, კიკალიშვილი

გაფრთხილება: მაჭავარიანი (58), შეროზია (90), უგრეხელიძე (90)

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული