წინა სეზონში "სპარტაკი" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ახლოს არის იმ დინამიკასთან, რაც უმაღლეს ლიგას განასხვავებს პირველისგან. "სპარტაკი" უფრო სწრაფად და სხარტად მოქმედებდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხობელები უშანსოდ იყვნენ.
შეხვედრის დასაწყისში "სპარტაკმა" მეტოქეს ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა სახიფათო მომენტები. ხობელი მცველის შეცდომით ვარლამ კილასონია აღმოჩნდა საგოლე პოზიციაზე, მისი დარტყმა კი მალხაზ ძიძიგურმა
ნაკუთხურალ ბურთს დავით გელაშვილმა შეაგება თავური და ისევ "კოლხეთის" მეკარემ იმარჯვა.
თეიმურაზ შონიას შორეული დარტყმა ძიძიგურმა კუთხურზე მოიგერია. ნაკუთხურალ ბურთზე ყველას ზვიად მეტრეველმა აჯობა და "კოლხეთი" ძელმა იხსნა.
ისეთი სურათი შეიქმნა, რომ ერთი გუნდი მეორეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. სტუმრებს ბურთზე კონტროლი უჭირდათ, შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და თავს არცთუ კარგად იცავდნენ, მაგრამ ყველაფერი მათდა სასიკეთოდ შეტრიალდა - "სპარტაკის" კარისკენ ზურგით მდგომმა დავით ციცხვაიამ მყისიერად დაამუშავა ბურთი, მეათედ წამებში მოტრიალდა და კარში დაარტყა.
მასპინძელთა კიპერი გიორგი ნადირაძე ნამდვილად არ ელოდა ციცხვაიას ასეთ ტრიუკს. რეაქცია კი მოასწრო, მაგრამ კარი მაინც ვერ იხსნა - 0:1.
ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, "სპარტაკს" მალევე რომ არ გაეთანაბრებინა ანგარიში. უჩა ბურძენაძემ შორიდან დაარტყა, ძიძიგური შეცდა და - 1:1.
ტაიმის ბოლოს "კოლხეთს" ხელმეორედ შეეძლო "სპარტაკის" დამწუხრება - ფლანგური ჯარიმის შემდეგ ვაგნერ ფირცხალავა ურტყამდა სახიფათოდ, ბურთი ოდნავ ააცილა მიზანს.
სპარტაკელთა თავდამსხმელმა მეტრეველმა კი ოციოდე მეტრიდან ძიძიგურის ხელებისკენ გაგზავნა ბურთი - პირველ ტაიმში სულ ეს იყო.
შესვენების შემდეგაც თვალსასეირო თამაში წავიდა. ფეხმალმა თორნიკე თუხარელმა მარჯვენა ფლანგზე იჩაუქა, კარის გასწვრივ ისე ჩააწოდა, რომ კილასონიას მეკარისაგან მიტოვებულ კუთხეში მოუწია ახლოდან ბურთის გადაგზავნა - 2:1.
ამის შემდეგ მეტრეველი ორჯერ ურტყამდა სახიფათოდ საშუალო დისტანციიდან - ჯერ მიზანი ვერ გაისწორა, მერე კი ძიძიგურის ხელებს შეაწყვიტა ბურთი.
ტერიტორიულ უპირატესობას "სპარტაკი" კი ფლობდა, მაგრამ "კოლხეთმა" ორჯერ მოახერხა საგოლე მომენტის შექმნა: საჯარიმოში შეჭრილ ფირცხალავას ფეხებში ნადირაძე ჩაუხტა და ხიფათი გააუვნებლა, ლევან გოგენიამ კი კარიდან გამოსულ ნადირაძეს დაასწრო თავით, მაგრამ ბურთი ხარიხას გადაავლო.
ვინც "ბენდელაზე" მოვიდა, საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"