ნიკა კვასხვაძე: "ზესტაფონს" უვარჯიშებლობა ეტყობოდა

AutoSharing Option
11 დეკემბერს ერთობ მნიშვნელოვანი მატჩი იყო ივანწმინდაში: საჩხერის "ჩიხურამ" "ზესტაფონი" ისტუმრა და 3:1 დაამარცხა. საჩხერელებმა ამით ზედა ექვსეულში გაინაღდეს ადგილი.

"ჩიხურადან" ერთი გოლი ნიკა კვასხვაძემ გაიტანა, რომლის ძმა როინი "ზესტაფონის" და საქართველოს ნაკრების მეკარეა.

ნიკა კვასხვაძე გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი "თბილისიდან" უნდა გახსოვდეთ, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა.

ნიკა ახლა 24 წლისაა, უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენია, თუმცა თუ მის თამაშს დააკვირდებით, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის და მეტიც შეუძლია - ეს ფეხბურთელი ხომ სწრაფია და ტექნიკაც არ დაეწუნება.

ნიკასთან საუბარი კი
11 დეკემბერს გამართული მატჩით დავიწყეთ...

- როგორი თამაში იყო, რა ფაქტორი გამოდგა გადამწყვეტი?
- სწრაფი გოლი კი მივიღეთ, მაგრამ მოწინააღმდეგეს მალევე ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, პირველივე ტაიმში შემოვაბრუნეთ შეხვედრა.

მეორე ტაიმში ისეთი თამაში გაჩაღდა, შეიძლებოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა.

- "ზესტაფონს საკუთარი პრობლემები ჰქონდა, ფეხბურთელები გაფიცულები იყვნენ - ამ ყველაფერმაც ალბათ იმოქმედა მატჩის შედეგზე...
- "ზესტაფონს" ეს ყველაფერი ეტყობოდა, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ხომ 5-6 დღე არ ჰქონდა ნავარჯიშები, მაგრამ რომ არა ეს ფაქტორი, ამ შეხვედრას მაინც ჩვენ მოვიგებდით.

- საკუთარ ძმას როგორი გოლი გაუტანე?
- მთლად შორიდანაც არ დამირტყამს, დაახლოებით საჯარიმო მოედნის ხაზიდან შევასრულე ძლიერი დარტყმა. უნდა აეღო, მაგრამ, როგორც ჩანს, უვარჯიშებლობა მასაც დაეტყო.

- "თბილისი", "ზესტაფონი", "გაგრა", "ტორპედო", "სიონი" - ყველაგან ფლანგზე თამაშობდი, "ჩიხურაში" კი გამოკვეთილი თავდამსხმელის უკან მოქმედებ - ახალ ამპლუას როგორ შეეგუე?
- სიმართლე გითხრათ, ფლანგზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ "ჩიხურას" მწვრთნელმა ჩემი ადგილი სხვა პოზიციაზე დაინახა.

ვფიქრობ, რომ ახალ ამპლუას, ასე თუ ისე, ნორმალურად ავუღე ალღო.

- ამ დროისთვის "ჩიხურა" ცხრილში მეოთხე ადგილზეა. არადა, ბევრს არ ეგონა, თუ თქვენი გუნდი ლიდერებში იქნებოდა. რა არის "ჩიხურას" მოტივაცია მიმდინარე სეზონში?
- სეზონის წინ ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრა იყო, მაგრამ იმდენი ქულა დავაგროვეთ, გამოჩნდა, რომ სამეულში მოხვედრის რეალური შანსი გვაქვს - ახლა სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია და ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- ამ სეზონში ნათამაშებ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება რომელმა მოწინააღმდეგემ დატოვა?
- ქუთაისის "ტორპედომ". ეს გუნდი ტექნიკურ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.

- სხვა მოწინავე გუნდებსაც რომ გადავხედოთ, რამდენად აქვს "ჩიხურას" იმის რესურსი, რომ მათ ეპაექროს?
- მადა ჭამაში მოდის. "ზესტაფონთან" ფრეც გვყოფნიდა ექვსეულის გასანაღდებლად, მაგრამ მოსაგებად ვითამაშეთ. ექვსეულის თამაშები რომ დაიწყება, მაშინაც ასე მოხდება - მხოლოდ მოედანზე გასვლა არ იქნება ჩვენი მიზანი, სწორედ კარგ გუნდებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია.

- "ჩიხურა" საშინაო მატჩებს ივანწმინდაში თამაშობს - რას იტყოდი მანდაურ სიტუაციაზე?
- ივანწმინდა საჩხერიდან ავტობუსით ხუთი წუთის სავალზეა. სეზონის დაწყების დროს მინდორი კარგ მდგომარეობაში იყო, ახლა ცოტა ხარვეზები აქვს. ჩვენს თამაშზე საშუალოდ ათასი გულშემატკივარი მოდის, ტრიბუნა თითქმის სულ ივსება.

- "ჩიხურას" გამოუცდელი გუნდი არ ეთქმის, საქართველოს ჩემპიონატში ჭიპმოჭრილი ფეხბურთელები ჰყავს...
- წინა ხაზში კი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს - 20 წლის შარაშენიძე, დეკანოიძე, კირკიტაძე...

- "ჩიხურას" ლიდერად ვინ მიგაჩნია?
- ჩემი აზრით, ასეთი დიღმელაშვილია.

- საქართველოს არაერთ გუნდში გითამაშია - როგორ ატყობ, კარიერის საუკეთესო პერიოდი ახლა გაქვს?
- "ზესტაფონში" პირველი სეზონი რომ ვითამაშე, საუკეთესო ის იყო და ვფიქრობ, ახლაც ასეთივე კარგი პერიოდი მაქვს. "ზესტაფონიდან" "გაგრაში" გამანათხოვრეს, "გაგრა" უმაღლესი ლიგიდან გავარდა; მერე იყო "სიონი" და "ტორპედო".

სადაც მივედი, ყველგან მწვრთნელი იცვლებოდა, არასტაბილურ სიტუაციაში მიწევდა თამაში და ჩემი საქმეც ვერ აეწყო...

მადა ჭამაში მოდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგა: "ჩიხურამ" "ზესტაფონთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი ფული მქონდეს და ერთი ათი-თხუთმეტი ათასიანი სტადიონი ვერ ავუშენო გუნდს...აი ფეხბურთის ნაღდი მოყვარული და ფანი რინატ ახმეტოვია...
maradona
15:08 12-12-2012
0
maradona, 15 რატო, 55 ათასი იყოს!:)
საჩხერეში მოსახლეობა რამდენია, როგორ გგონია?
დუდუ
20:22 12-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული