საჯარიმოს ფორვარდი - ეს ძალიან თავისებური პოზიციაა. ასეთი თავდამსხმელისთვის არ არის აუცილებელი, რომ მცველი მოატყუოს, გუნდი "ამოიყვანოს", პირველი ბურთი მოიგოს და საგოლე პასები არიგოს. მას ყველაზე უფრო ერთი რამე ევალება - მეტოქის საჯარიმოში დახვდეს ბურთს და გოლი გაიტანოს.
რუსთავის "მეტალურგს" ჰყავს ასეთი თავდამსხმელი - 22 წლის ირაკლი სიხარულიძე.
ის ჯერ თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მერე კი "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა. ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "მეტალურგი" სწორედ "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრა და მცხეთიდან სამი ქულა წამოიღო. ერთადერთი
- "ვიტ ჯორჯია" ახლა მოწინავეთა შორის არ არის, თუმცა საკმაოდ ძნელად დასაჯაბნი გუნდია, ლიდერებს რამდენიმე ქულაც აართვა - "მეტალურგმა" რის ხარჯზე მოახერხა მცხეთაში გამარჯვება?
- "ვიტ ჯორჯიას" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და შესაბამისად, რთული თამაში გვქონდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ შეხვედრაში ცოტა საგოლე მომენტი გვექნებოდა და ასეც მოხდა. ტერიტორიული უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოვიპოვეთ.
- "ვიტ ჯორჯიადან" შენი წამოსვლის მიზეზი რა იყო?
- ამ გუნდიდან ჩემი წამოსვლა ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილება იყო.
- სპეციფიკური თავდამსხმელი ხარ და ალბათ ყველა გუნდს, ყველანაირ ტაქტიკას ვერ მოერგები - "მეტალურგი" უფრო რომელი სათამაშო კონცეფციის მიმდევარია?
- აქცენტი ბურთის ფლობასა და შენარჩუნებაზე კეთდება. გრძელი პასი და გაიქეცი - ასე არ ვთამაშობთ. "ვიტ ჯორჯიადან" რომ წამოვედი, ეს იმას არ ნიშნავს, ამ გუნდს ვერ შევეწყვე. უბრალოდ, სათანადოდ არ მეძლეოდა თამაშის საშუალება.
- "მეტალურგის" თავდამსხმელებზე როგორ ნაწილდება მწვრთნელის დავალებები? ვის უფრო რა ევალება?
- მე და დიმიტრი ტატანაშვილი - თავდამსხმელების გასაკეთებელი საქმე ორივეზე თანაბრად არის გადანაწილებული.
- დაკვირვებული თვალი შეამჩნევს - საქართველოს ჩემპიონატში თავდამსხმელებს მაინცდამაინც არ უყვართ წინა ძელთან გასვლა ფლანგური ჩაწოდების დროს...
- მე პირიქით, მიყვარს წინა ძელთან გასვლა, საიდანაც უფრო მეტ ხიფათს ვქმნი. საერთოდ, საჯარიმოში მყოფმა თავდამსხმელმა სიტუაციისდა მიხედვით უნდა იმოქმედოს.
- "მეტალურგის" მწვრთნელი გიორგი ყიფიანი მეტწილად რა დავალებას გაძლევს?
- რომელ გუნდს ვეთამაშებით და რა სტრატეგიას ვირჩევთ - მწვრთნელი დავალებას ამის მიხედვით მაძლევს.
- როგორ ფიქრობ, თავდამსხმელისთვის რა სპეციფიკას წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატში თამაში?
- ვფიქრობ, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა არ არის, ბევრს შეუძლია წარმატებით თამაში. ვინც უფრო მონდომებული გამოდგება, სხვაზე მეტსაც ის მიაღწევს.
- "ზესტაფონში" მომხდარმა ამბებმა "მეტალურგს" ექვსეულში მოხვედრის შანსი გაუზარდა...
- "ზესტაფონმა" ახლახან "ჩიხურასთან" რომ წააგო, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი ექვსეულში მოხვედრის შანსი გაიზარდა და ყველანაირად ვეცდებით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ადვილი კალენდარი არც ჩვენ გვაქვს, რთული მატჩები გველის.
- "მეტალურგი" ხელოვნურ საფარზე ვარჯიშობს და საშინაო მატჩებსაც იქ თამაშობს - სტუმრად, მინდორზე რომ გიწევთ თამაში, ერთი გრუნტიდან მეორეზე გადასვლა რამდენად ძნელია?
- მოედნის საფარის ასეთნაირად გამოცვლა, რა თქმა უნდა, არასასურველია. პირადად ჩემთვის მინდორზე თამაში გაცილებით უკეთესია.
- "დინამო" ჩვენთან ყველაზე სახელიანი და ტიტულოვანი კლუბია, თუმცა იქიდან წამოსვლა მოგიწია...
- "დინამოდან" წამოსვლის მიზეზი სხვა იყო, იქ მწვრთნელი და ხელმძღვანელობა შეიცვალა, მოვიდნენ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები, ნაკლებად მექნებოდა თამაშის საშუალება და მეც "ვიტ ჯორჯიაში" გადავედი.
- წინა სეზონში რუსთავის "მეტალურგი" ლამის საქართველოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი ჯერ მეშვიდე ადგილზეა - რა უნდა იყოს ამის მთავარი მიზეზი?
- მეშვიდე ადგილზე ყოფნას "მეტალურგისგან" მართლაც არავინ ელოდა. რაიმე განსაკუთრებული პრობლემები ჩვენთან არ ყოფილა. ალბათ, ყველაფერი მალე დალაგდება. რაც მოხდა, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1 - ბოლო იმედის ქულები