შორს ვართ იმ აზრისგან, რომ არიქა, ჩვენ ფეხბურთში აღმავლობის ხანა დაიწყოო; მაგრამ გარკვეულზე მეტი წინსვლაც რომ არის, ამასაც ვერავინ უარყოფს. ისე როგორც იმ ფაქტს, რომ თურმე ჩვენ ჩემპიონატშიც შესაძლებელი ყოფილა ნაკრებისათვის საჭირო ფეხბურთელის "მოძებნა" - "ზესტაფონის" ახალგაზრდა ნახევარმცველის
17 ნოემბრამდე თვეა დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში 5 ტურიც უნდა ჩატარდეს და საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩებიც. თუმცა, ჯობს, II წრის სასტარტო ტურზე ვისაუბროთ; მით უფრო, რომ ჩემპიონატი მართლაც განსაკუთრებული მოვლენით უნდა განახლდეს: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით კვლავაც მოგვეცემა საშუალება ჩვენი ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია ვიხილოთ! ახლაც, ამ ტურის, მართლაც გამორჩეული შეხვედრის ("ტორპედო"-"ზესტაფონი") პირდაპირი რეპორტაჟია დაგეგმილი. მომდევნოში, არანაკლებ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ("ზესტაფონი"-"დინამო") გველოდება და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ზამთრის პაუზამდე (ანუ, მეორე წრის ბოლომდე) ასე გაგრძელდება და ეს ინფორმაცია საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერმა დავით მინაშვილმა დაგვიდასტურა. არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ისიც, რომ ყოველ ორშაბათს, ამავე არხის პოპულარულ გადაცემა "არენაში", როგორც ადრე იყო-ხოლმე, ეროვნული ჩემპიონატის ყველა ტურის მიმოხილვას ვიხილავთ: კონკრეტული მატჩის სადავო ეპიზოდებით, გატანილი გოლებით, მწვრთნელ-ფეხბურთელთა კომენტარებითა და ასე შემდეგ. ესეც კიდევ დამატებითი სტიმული-მოტივაცია ჩვენი ფეხბურთელებისათვის...
ვიტ ჯორჯია-ოლიმპი
ორ დღეზე "გაწერილ" ტურში თითო-თითო "ბომბა-მატჩი" გველოდება: დღეს, ბოლო ორი წლის ჩემპიონები ხვდებიან ერთმანეთს, ხვალ კი "ტორპედო"-"ზესტაფონია"! ტრადიციას არც ახლა დავარღვევთ და ჯერ შაბათის მატჩებზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად კი, რუსთავში ჩასატარებელ შეხვედრაზე, - ადგილობრივი "ოლიმპი"... სტუმრის სტატუსით რომ იასპარეზებს. ჰო, ასეა: "ვეტერინარები" თავიანთ საშინაო მატჩებს კვლავაც რუსთავში ატარებენ და ჯერჯერობით, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, მერაბ კოჭლაშვილის გუნდს სანაკრებო პაუზამდე ზედიზედ 2 მატჩი რომ არ წაეგო, კვლავაც ლიდერთა სამეულში იქნებოდა.
ამის მიუხედავად, სეზონის წინ, ფაქტობრივად, გადახალისებული "ვიტ ჯორჯია" არ ღალატობს საკლუბო პოლიტიკის პრინციპებს და ისევ მაღალი მიზნებისათვის იბრძვის. აი, "ოლიმპს" კი ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა: ქვეყნის ჩემპიონი ბოლო სამ შეხვედრაში ორჯერ დამარცხდა (თანაც, "კოლხეთსა" და "სიონს" რუსთავული გუნდის უშუალო კონკურენტებად არავინ განიხილავდა); ყოველივე ამას კი საკადრო ცვლილება მოჰყვა: თემურ მახარაძის ნაცვლად "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად რამაზ მუმლაძე დაინიშნა, რომელსაც დღეს ამ პოსტზე სადებიუტო შეხვედრა ექნება. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რას ნიშნავს რამაზ მუმლაძესათვის... "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩი - ბოლო წლების ერთ-ერთმა წარმატებულმა მწვრთნელმა ხომ ოთხი ნაყოფიერი სეზონი გაატარა "ვეტერინართა" კლუბში.
ამას გარდა, კიდევ ერთი უცნაური დამთხვევაც არის: ერთი თვეც არ გასულა, მუმლაძე ქუთაისის "ტორპედოდან" რომ წამოვიდა და ეს გადაწყვეტილება სწორედ... "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების შემდეგ მიიღო. თუმცა, ჯერ "სადა ხართ" - მომდევნო ტურში მუმლაძის დამოძღვრილი "ოლიმპი"... "ტორპედოს" უნდა დაუპირისპირდეს, შემდეგ კი საქართველოს სუპერთასია, სადაც რუსთაველთა მეტოქე ისევ "ვიტ ჯორჯია" იქნება!
დაბოლოს, ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირების ისტორიაზეც; საქართველოს ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპს" დღემდე 12 მატჩი აქვთ ერთმანეთში ჩატარებული და აბსოლუური თანაფარდობაა: მეტოქეებმა ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგეს და ოთხიც ფრედ დამთავრდა...
სპარტაკი-დინამო
გათამაშების აუტსაიდერი ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის (და საერთოდ, მარადიული ფავორიტის) წინააღმდეგ, - ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტის გამოცნობას ბევრი ფიქრი არ უნდა სჭირდებოდეს. თანაც, სატურნირო მდგომარეობასა და ურთიერთდაპირისპირების ისტორიასაც თავი რომ გავანებოთ, "დინამო" ბევრად უფრო კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ვიდრე "სპარტაკი".
კახა კაჭარავას გუნდი ერთპიროვნულ ლიდერს ამჟამად 4 ქულით ჩამორჩება და წაფორხილების უფლება აღარ აქვს. მით უფრო, რომ ამის შემდეგ "დინამოს" ერთმანეთზე რთული ორი მატჩი ელოდება: ჯერ - "ზესტაფონთან", მერე - "ოლიმპთან", ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სანაკრებო პაუზა შეძლებისდაგვარად ნაყოფიერად გამოიყენა, ერთი-ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელ შეხვედრას წყვილის ფავორიტის რანგში ხვდება. თუმცა, "სპარტაკის" ახალ მთავარ მწვრთნელს ბადრი კვარაცხელიას თავისი გუნდის მდგომარეობა უიმედოდ სულაც არ მიაჩნია და ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ბრძოლას გვპირდება.
ამასთან, ისევე როგორც კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრაში (ფოთის "კოლხეთთან"), "სპარტაკის" შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ. რაც მთავარია, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მასპინძლებს გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი უბრუნდებათ. აი, შოთა კაშია კი კარიერის განმავლობაში მეორედ უნდა დაუპირისპირდეს თავის ყოფილ გუნდს, სადაც... 9 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა!
ეს მატჩი ვაკეში, მიხელი მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ჩაატრებულიყო; თუმცა, მოგეხსნებათ, რომ 18 ოქტომბრიდან თბილისმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უნდა უმასპინძლოს. მოკლედ, დედაქალაქის ორივე მთავარ არენას ოფიციალური მატჩებისათვის "ინახავენ" და ამიტომაც, "სპარატაკი"-"დინამოს" შეხვედრა "მერანის" სტადიონზე ("ზეემკა") ჩატარდება.
სამტრედია-კოლხეთი
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრის წინ საგანგებოდ აღვნიშნავდით ერთობ პოზიტიურ მოვლენას: ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "სამტრედია" და "კოლხეთი" ერთმანეთს კვლავაც უმაღლეს ლიგაში რომ უნდა შეხვედროდნენ. ის მატჩი ფოთში ჩატარდა და მასპინძელთა მცველის პაატა ცხვიტარიას ერთადერთი გოლის წყალობით "კოლხეთის" გამარჯვებით დამთავრდა.
საერთოდაც, უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებული "კოლხეთი" ამ სეზონში ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ნამდვილად არავისთვის უნდა იყოს სულერთი, ამ გუნდს როგორი ფინანსური მდგომარეობა ექნება. არადა, ჩემპიონატში გამოცხადებული სანაკრებო პაუზის დროს "კოლხეთში" არცთუ სასიამოვნო ამბები ხდებოდა; ეგ კი არა, ფინანსური პრობლემების გამო, გუნდის სამტრედიაში გამგზავრება და თამაშის ჩატარებაც კი საეჭვო იყო...
საბედნიეროდ, ამ შეხვედრის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალ, ზეგ და საერთოდ, უახლოეს მომავალში რა ან როგორ იქნება, მართლაც ძნელი სათქმელია. არადა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ სეზონში თუ რომელიმე გუნდის ასპარეზობა იწვევს მხოლოდ დადებით ემოციებს, ერთ-ერთი სწორედ ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთია". ფინანსურად არც მასპინძლებს ულხინთ - სეზონის დაწყებიდან გვესმის "სამტრედიის" გასაჭირის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელიც (გელა სანაია) და ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ცდილობენ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც იფიქრონ.
თუმცა, არცთუ დალხენილი ფინანსური მდგომარეობის ფონზე რამდენად შეძლებენ სეზონის უმთავრესი ამოცანის გადაჭრას (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას), ეს მართლაც ძნელი სათქმელია.
სიონი-ბაია
ხვალინდელი ეს შეხვედრაც, ფაქტობრივად, ჩაშლის პირას იყო და ამ შემთხვევაშიც მიზეზი ფინანსებია. თანაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ეს პრობლემები ზუგდიდურ გუნდს შეეხო: დაარსების დღიდან "ბაიას" ფინანსურ კეთილდღეობაზე ხომ "ლეგენდები დადიოდა"! ეგაც რომ არ იყოს, მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე გუნდი ამ სეზონის დაწყების წინ თავის შემადგენლობას ერთი-მეორეზე გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელებით ვერ გააძლიერებდა.
სამწუხაროდ, "კოლხეთის" მსგავსად, დაფინანსების მხრივ "ბაიაშიც" სერიოზული პრობლემებია და უფრო მეტიც: ამ სანაკრებო პაუზის დროს გუნდის საწვრთნელი პროცესიც რამდენჯერმე ჩაიშალა! მართალია, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელები მოედანზე გამოვლენ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა მთავარ მწვრთნელს ელგუჯა ქომეთიანს, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოყვანა მოუწევს.
ასეთ შემთხვევაში კი, ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბაიამ" ბოლნისიდან ქულ(ებ)ის წაღება შეძლოს: "დინამოსთან" და "ოლიმპთან" მოპოვებული გამარჯვებებს შემთხვევითს ვერავინ უწოდებდა და ყოველივე ეს "სიონის" ამბიციურობაზეც მეტყველებს. ამასთან, მასპინძელთა ახალგაზრდა მწვრთნელს გიორგი ყიფიანს გარკვეულწილად რევანშის აღების სურვილიც ექნება: ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩში "სიონი" ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა "ბაიას", მაგრამ არბიტრის უხეში შეცდომის გამო მხოლოდ ქულას დასჯერდა. მართალია, ის კონკრეტული მსაჯი კი დაისაჯა, მაგრამ ბოლნისელებს ამით რა ხეირი?..
ტორპედო-ზესტაფონი
მეორე წრის სასტარტო ტური კი "იმერული დერბიმ" უნდა დაამშვენოს! ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის ახალგარემონტებული სტადიონზე კვლავაც ანშლაგი იყოს და ორივე გუნდის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად ამ მატჩით ტელემაყურებელმაც სიამოვნება მიიღოს...
სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით, ამ შეხვედრას ინტრიგა არ უნდა ჰქონდეს: ერთ-ერთი აუტსაიდერი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს ხვდება. მაგრამ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდის წინასწარ ფავორიტად გამოცხადება უაზრობა იქნება.
ბოლოს და ბოლოს, ქუთაისელი ქომაგები ხომ პირველი საშინაო გამარჯვების მოლოდინში არიან და საერთოდაც: როდისმე ხომ უნდა დამთავრდეს "ტორპედოს" მართლაც "უცნაურობა"; ამ "უცნაურობაში" კი, რაღა თქმა უნდა, გია გიგატაძის გუნდის უჩვეულო საშინაო მაჩვენებელს ვგულისხმობთ: საკუთარ მოედანზე ჩატარებული 4 მატჩი და ოთხივე ფრე! ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ტორპედომ" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი სწორედ ზესტაფონში ჩაატარა: პირველი წრის შეხვედრაში თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ იგებდნენ კიდევ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დროული და ეფექტური შეცვლები გააკეთა, რამაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა.
აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა შევაქოთ იმ მატჩის გმირი, "ზესტაფონის" და აწ უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომლის ორმა გოლმაც მასპინძლებს ესოდენ მძიმე და საჭირო გამარჯვება მოუტანა. ჰო, აი ამის შემდეგ "ზესტაფონს" ვეღარავინ აჩერებს: ზედიზედ ხუთმა გამარჯვებამ გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია და ისიც ვაღიაროთ, რომ ყოველივე ეს, აბსოლუტური კანონზომიერებაა!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"