შეხვედრა ერთი საათით გვიან დაიწყო, რადგან "მცხეთა პარკის" ხელოვნურსაფარიანი მოედანი თოვლისგან გასაწმენდი შეიქნა.
სუსხიანი და ნალექიანი ამინდი ძვალსა და რბილში ატანდა, თუმცა ბათუმის "დინამოს" ოციოდე ფანი სიცივეს არ შეუშინდა, მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად უჭერდა მხარს გია გურულის გაწვრთნილ გუნდს.
ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი რომ აირია, პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოვკითხოთ. ფედერაციის ვებსაიტზე კი დაიწერა, გადაწყვეტილება უმაღლესი ლიგის კლუბებთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებულიო, მაგრამ კონსულტანტი ერთია, გადაწყვეტილების მიმღები კი - მეორე, ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაცია.
პირველი ხიფათი მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა შექმნა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, ლაშა გაბრიჭიძე რომ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა აქედან ვერაფერი ვერ გამოადნო.
მასპინძლებს ვალში არც "ბათუმი" დარჩა. დათა სიჭინავა მარცხენა მახვილი კუთხიდან მიუახლოვდა ნიკა დაუშვილის კარს, დარტყმას კარის გასწვრივ ჩაწოდება ამჯობინა, რასაც თანაგუნდელთაგან არავინ გამოეხმაურა.
ერთ-ერთ კონტრშეტევაზე გაბრიჭიძემ სახიფათო სიტუაციიდან კარისკენ დაარტყა, მაგრამ მცველმა დაუფარა და ოდენ კუთხურს გამორჩა.
"ვიტ ჯორჯიას" პირველ ტაიმში უკეთესი შანსიც ჰქონდა - ცენტრალური მცველი ჯემალ გოგიაშვილი შეტევაში ჩაერთო, მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, გადმოვარდნილი ბურთი კარისკენ ირაკლი ღიბრაძემ დაარტყა, შოთა მამინაშვილმა უხერხულად მოიგერია და დამატებაზე კორიფაძეს მართებდა თავით გატანა - ბურთი ხარიხას გადაევლო.
შესვენების შემდეგ უფრო ტემპიანი, ორმხრივი იერიშებით გაჯერებული თამაში წავიდა. ბათუმელები ასე დაწინაურდნენ - გადმოვარდნილ ბურთს 38 წლის ამირან მუჯირი დახვდა, ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე გააბითურა და ტექნიკური დარტყმით "ცხრიანში" მიუჩინა ბურთს ადგილი.
თამაშს დაშხოში მოემატა. "ვიტ ჯორჯია" მოედნის ცენტრში შმაგად იბრძოდა, რამდენიმე ჯარიმა მოიპოვა და ბურთის გათამაშებას მისი მეტოქის საჯარიმოსკენ ჩაგდება ამჯობინა - მეთოდმა დიდად არ გაამართლა, თუმცა ჩაწოდებები ბათუმელებისთვის იოლად მოსაგერიებელი არ ყოფილა.
კონტრიერიშზე ვალერიან თევდორაძემ ითამაშა რიგიანად, ვიტჯორჯიელთა მეკარეს მარცხენა ფლანგიდან მიუახლოვდა, თანაგუნდელისთვის შეეძლო ბურთის დაგორება, მაგრამ დარტყმა ამჯობინა და საბოლოოდ ვერაფერს ვერ გამორჩა.
"ვიტ ჯორჯიამ" კი ანგარიში ასე გაათანაბრა - ღიბრაძემ ჯარიმა შეასრულა, ხვეულად და ძლიერად გაგზავნილი ბურთი ერთ-ერთ ბათუმელს მოხვდა, შემდეგ მამინაშვილი შეეცადა მის მოგერიებას, რაც არ გამოუვიდა და 1:1.
დრო კიდევ ბევრი იყო და ფრეს არც ერთი გუნდი არ ეგუებოდა. თამაშიც ასე თუ ისე უფრო გაიხსნა.
შეცვლაზე შესული ლევან კუხალეიშვილი მამინაშვილთან პირისპირ დარჩა, თუმცა მას ვერ აჯობა, გადმოვარდნილ ბურთთან გურამ გურეშიძე გაჩნდა, მცველებსა და მეკარეს თავზე გადაუგდო ის, მაგრამ ხარიხასაც გადააცილა.
ნაკუთხურალ ბურთს არჩილ ბაჯელიძემ შეაგება თავური - დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მუჯირმა ერთხელაც ანერვიულა "ვიტ ჯორჯია", მარჯვნიდან შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში, შორეული ძელისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა.
მერაბ კოჭლაშვილმა მოედანზე ტრავმამოშუშებული ბესიკ ჩიმაკაძე შეუშვა, ვინც აქტიურად ჩაერთო თამაშში. ჩიმაკაძემ ოციოდე მეტრი ირბინა ბურთით, რეიდს ძლიერი და ოდნავ არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.
ვინც 19 დეკემბერს "მცხეთა პარკზე" მივიდა და სიცივეს გაუძლო, საქმე სანანებლად არ ჰქონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"