პირველი ეტაპის ბოლო ტურის უმთავრესი მოვლენა "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება იქნება, რომელიც არა მხოლოდ ამ კლუბების ქომაგს, არამედ ქართული ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარსაც ვერ დატოვებს გულგრილს.
გვსურდა, შეხვედრის წინ ორივე მწვრთნელის მოსაზრება შემოგვეთავაზებინა, მაგრამ "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ მატჩისწინა კომენტარისგან თავი შეიკავა, "დინამოს" ჩეხი მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის მცირე ინტერვიუ კი თქვენს წინაშეა.
- როგორი განწყობით ხვდებით ზესტაფონში სტუმრობას?
- პირველი ეტაპის ბოლო მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა
"ზესტაფონმა" ბოლო ორი შეხვედრა მოიგო. მეტოქე კარგი გუნდია, იცის, როგორ ითამაშოს სახლში.
"ზესტაფონში" მწვრთნელი შეიცვალა. ფეხბურთელები დიდი მოტივაციით და კონცენტრაციით ითამაშებენ, რათა ახალ მწვრთნელს თავიანთი საუკეთესო თვისებები აჩვენონ.
ჩვენ მიზნად, რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ.
- ჩემპიონატის პირველი ეტაპის თქვენეული მოკლე შეფასება როგორია?
- ჩვენ სეზონში ერთი ცუდი თამაში ჩავატარეთ - ეს გორში, "დილასთან" გამართული შეხვედრა იყო. სამაგიეროდ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრებმა "დინამოს" მონაწილეობით ბევრი კარგი მატჩი იხილეს.
ბლომად გოლიც გავიტანეთ, დაცვაში კი ცოტა არ იყოს, გარკვეული შეცდომები გვქონდა და უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს, რათა ეს შეცდომები გამოვასწოროთ.
ძალიან კარგი იყო ასევე ისიც, რომ ჩვენი გუნდის ფანები ყოველთვის ჩვენს გვერდში იდგნენ.
- ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ რას გვეტყვით?
- ზესტაფონური მატჩის შემდეგ გუნდი დაისვენებს და 15 იანვრიდან შეიკრიბება. თბილისსა და ანთალიაში მოვემზადებით, სადაც ორ შეკრებას გავივლით და შვიდ სპარინგ-მატჩს გავმართავთ.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
სატურნირო ცხრილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები