გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში სამტრედიაში გორის "დილამ" მარტვილის "მერანთან" 3:2 გაიმარჯვა. გუნდს გიორგი დარასელია გაუძღვა, მაგრამ მერე სენაკში, მშობლებთან წავიდა.

მატჩის შემდეგაც ბევრმა არ იცოდა, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ამ პოსტზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა - რუსეთის ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგის) ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდი სწორედ 44 წლის ქართველ სპეციალისტს ჩააბარეს.

დასანანია ეს ყველაფერი, რადგან დარასელიამ "დილაში" ჩინებულად იმუშავა: საქართველოს ჩემპიონატში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 18 შეხვედრიდან "დილამ" 16 მოიგო, მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, 11-მატჩიანი მოგებების სერიაც გამოაცხო და
გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე დატოვა.

მშრალ სტატისტიკასაც რომ შევეშვათ, "დილა" საკმაოდ ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა.

რაც შეეხება "სკა-ენერგიას", საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებულ 21 შეხვედრაში ხაბაროვსკელებმა 36 ქულა დააგროვეს და ლიდერებს, "ტომსა" (49) და "ურალს" (45) ჩამორჩებიან, "ნეფტეხიმიკს" კი მხოლოდ ერთით უსწრებენ.

მესამე ადგილი გუნდს უმაღლესი ლიგის გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

როგორც ჩანს, ხაბაროვსკელებს სწორედ ამიტომ დასჭირდათ "დილას" მენეჯერის, მამუკა ჯუღელის დახმარება, რომელსაც რუსეთის პირველი ლიგის "რუხი კარდინალი" შეარქვეს.

კარდინალის რა გითხრათ და ჯუღელმა პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში მართლაც დააწინაურა მახაჩყალის "ანჟი" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", მაგრამ მაშინ ეს ომარ თეთრაძესთან ერთად გააკეთა, თუმცა ერთი წელია, მათი გზები გაიყო და ეტყობა, ახლა ჯუღელი გიორგი დარასელიას დაეყრდნობა.

შევიტყვეთ, რომ მათ რუსული კლუბის გაძლიერება "დილას" ორი ლიდერით სურთ: გორს კლუბის კაპიტანი ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა დატოვებენ.

მათ გარდა, ევრაზიის აღმოსავლეთში გააგრძელებს კარიერას ტრავმამოშუშებული ოთარ მარცვალაძეც - ამ უკანასკნელმა ზაფხულში "კრასნოდარი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იჯარის ვადა დაუსრულდა გოგიტა გოგუას და თბილისის "დინამოს" საკუთრებაში დაბრუნდა.

ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელი ამბავია, თუ "დილაში" ფინანსებთან და მეპატრონესთან დაკავშირებულ გაურკვევლობას გავითვალისწინებთ.

დანამდვილებით ვიცით, რომ გუნდში დღემდე არ იციან, ვინ დააფინანსებს მეორე წრეში, ან დააფინანსებენ თუ არა. ოფიციალურად კი კლუბი არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

უახლოეს დღეებში იგეგმება კლუბის მენეჯერებისა და მოთამაშეების შეხვედრა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ მთავარი გასარკვევი თავად მენეჯერებს აქვთ, დაფინანსდება მეორე წრეში კლუბი?

"დილას" საკითხმა კიდევ ერთხელ "შეგვახსენა" თემა, რომელიც წლების წინ პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჩემპიონატში მონაწილეობის აუცილებელ პირობად წამოაყენა: სეზონის დაწყებამდე კლუბის დამფინანსებლებმა წლიური ბიუჯეტის საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინონ.

ამას უეფაც ითხოვს, რომელიც მომავალი წლიდან ყველა კლუბს 2014 წლის მაისამდე ბიუჯეტის წარდგენას და დაფინანსების გარანტიას მოსთხოვს. სხვაგვარად კლუბი უეფას ლიცენზირებას ვერ გაივლის და ჩემპიონიც რომ გახდეს, ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" დაინიშნა
ოთარ მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ენერგიას" გააძლიერებს?
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხ ესეთი კარგი გუნდი დილას არ ყოლია მართლაც რომ დასანანია, მტავარია კიდევ სხვა ფეხბურტელები არ წავიდნენ და ორი კაცით კატასტროფა არ იქნება, იქნებ დააფინანსონ კიდევაც, ღმერთმა ქნას.
bibo
11:27 25-12-2012
0
ჩვეულებრივი ამბავია ქართველი ფულისთვის საფეხბურთო გუნდს კი არა სამშობლოს ყიდის
sasha
11:49 25-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული