22 წლის თავდამსხმელზე, რომელიც "ზესტაფონის" საკუთრებაა, მარტვილის "მერანში" განათხოვრებამ ძალიან პოზიტიურად იმოქმედა - იქ ლომია "გაიხსნა" და 13 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში გაერია.
ამით მან "ზესტაფონში" მორიგი შანსი დაიმსახურა - ფეროელებს ზამთრის შეკრებაზე გაჰყვება და იქ გადაწყდება, სეზონის მეორე ნახევარს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში გაატარებს თუ "მერანთან" საიჯარო ხელშეკრულებას გააგრძელებს.
"დიდი იმედი მაქვს, რომ "ზესტაფონში" ამჯერად მაინც შევძლებ თავის დამკვიდრებას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შანსი
აქამდე "ზესტაფონში" კონკურენციის დაძლევა მიჭირდა, მაგრამ ბოლო დროს საქმეს ადრინდელზე უფრო სერიოზულად ვუდგები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შრომა ნაყოფს გამოიღებს.
ჩემი უახლოესი ოცნება ის არის, რომ "ზესტაფონში" თამაშის უფლება მოვიპოვო და იქ ისეთივე წარმატებით ვიასპარეზო, როგორც "მერანში" ვთამაშობდი", - გვითხრა ლომიამ.
"მერანში" გატარებულ პერიოდს კი, რა თქმა უნდა, თბილად იგონებს:
"ეს ნახევარი სეზონი ჯერჯერობით ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპია. ამისთვის "მერანის" სამწვრთნელო შტაბის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
"მერანში" შექმნილმა ატმოსფერომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების საშუალება მომცა და ამას არასდროს დავივიწყებ".
საბა ლომია სენაკელია და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო. შემდეგ მისი ბავშვობის მწვრთნელი მურად კუპრეიშვილი სამუშაოდ თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადმოვიდა და საბა და სხვა სენაკელი ბავშვებიც დედაქალაქში გადმოიყვანა.
35-ე სკოლიდან კი ლომია "ზესტაფონში" აღმოჩნდა, სადაც იმერელთა იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გადაიყვანა.
მიმდინარე სეზონში თავის საუკეთესო მატჩად საბა "ზუგდიდთან" სტუმრად გამართულ შეხვედრას მიიჩნევს, სადაც, მართალია, "მერანი" 2:3 დამარცხდა, მაგრამ დუბლით გამოიჩინა თავი.
მას ასევე განსაკუთრებულად ახსენდება "დილასა" და "ტორპედოს" კარში გატანილი გოლებიც.
Video
მერანი - დილა 2:3
მერანი - დილა 2:3
Video
მერანი - ტორპედო 3:0
მერანი - ტორპედო 3:0
წარმატებული მატჩები "ზესტაფონის" შემადგენლობაშიც ჩაუტარებია, საიდანაც ლომია ორს გამოარჩევს - წინა სეზონში "ტორპედოსთან" სათასო შეხვედრას, რომელიც "ზესტაფონმა" 2:1 მოიგო, და 2010-11 წლების სეზონში თბილისის "დინამოსთან" შინ 1:0 მოგებულ მატჩს, სადაც გიორგი ჭანკოტაძემ გამარჯვების გოლი მისი პასით გაიტანა.
ეს შეხვედრა სეზონის მიწურულს გაიმართა და ამ გამარჯვებით "ზესტაფონმა" პირველი საჩემპიონო ტიტულისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა.
ლომიას საკუთარ კოზირად სისწრაფე მიაჩნია, ყველაზე მეტს კი ტექნიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
"ვიცი, რომ მაღალი დონის თავდამსხმელად ჩამოსაყალიბებლად კიდევ ბევრი შრომა მჭირდება და უკან არაფერზე დავიხევ, მზად ვარ, ფეხბურთს ყველაფერი შევწირო", - გვითხრა ლომიამ.
საბასთვის თავდამსხმელის ეტალონი ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოა, თანამედროვე ქართველი ფორვარდებიდან კი ყველაზე მეტად ჯაბა დვალს აფასებს:
"მოხარული ვარ, საკმაო ხნის განმავლობაში ჯაბას თანაგუნდელი რომ ვიყავი. მასთან ერთად ვარჯიშითა და თამაშით ბევრი რამ შევიძინე.
ბევრი მისი თვისება ჩემთვის მისაბაძია. ჯაბას გარდა, ნიკა გელაშვილს გამოვარჩევდი, რომელმაც ასევე საკმაო გამოცდილება გამიზიარა".
"ზესტაფონთან" ერთად იგი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ თამაში იშვიათად უწევდა და ამ ტიტულების მოპოვებაში საკუთარ წვლილს მოკრძალებულად აფასებს. სურს, ახლო მომავალში "ზესტაფონის" წარმატებებში უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
მისი კარიერის ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია, საკლუბო დონეზე კი გერმანიაში ისურვებდა ძალების მოსინჯვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კახა კაჭარავა: "ზესტაფონი" შიდა ასპარეზზე გამარჯვებებს არ უნდა დასჯერდეს
უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები