საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი არასტაბილურად მიმდინარეობს, პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო კლუბში მოხვდა, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კი ფეროელთა მთავარი ამოცანა ევროსაგზურის მოპოვება იქნება.
შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაამთავრა და შედეგიანადაც - სამ მატჩში ცხრა ქულას მოუყარა თავი. შედეგად, კაჭარავა, რომელიც "ზესტაფონში" მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მუშაობდა, ოფიციალურად გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელი.
რაც შეეხება ზამთრის გეგმებს, "ზესტაფონი" ვარჯიშს საკუთარ ბაზაზე დაიწყებს, 29 იანვარს კი შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება,
"ზესტაფონი" უკვე დატოვა მეკარე ზურაბ მამალაძემ, რომელიც წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჩვენი ინფორმაციით, ფეროელებში კარიერას აღარც ზურაბ მენთეშაშვილი გააგრძელებს. გამოცდილი ნახევარმცველი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
ბოლოს მცირე სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ, რომელიც "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული:
- თორნიკე აფციაური და თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონის" მეათე და მეთერთმეტე ფეხბურთელები არიან, ფეროელთა მაისურით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასმატჩიანი ზღვარი რომ გადალახეს. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით როინ კვასხვაძე ლიდერობს - 132 შეხვედრა;
- ყველაზე მეტ, 8 ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" ღირსება კვასხვაძესა და ალექსი ბენაშვილს დაუცავთ;
- "ზესტაფონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილია 63 გოლით. მეორე ადგილზეა ზურაბ იონანიძე (48 გოლი), მესამეზე - ჯაბა დვალი (44 გოლი);
- მიმდინარე ჩემპიონატში "ზესტაფონმა" 22 მატჩი ჩაატარა. გუნდის ღირსება ყველაზე მეტჯერ, 21-ჯერ, როინ კვასხვაძემ და თედორე გრიგალაშვილმა დაიცვეს.
სულ ამ ჩემპიონატში იმერელთა მაისურით 30-მა ფეხბურთელმა ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"