შოთა არველაძის შემცვლელი ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს

AutoSharing Option
ირაკლი მოდებაძე ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მან კარიერა უკრაინაში დაიწყო და წლების წინ, სანდრო იაშვილთან ერთად, ეროვნული ნაკრებში შოთა არველაძის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად ითვლებოდა. სამწუხაროდ, გამუდმებულმა ტრავმებმა ყველაფერი აურია და მოდებაძეს ლამის სამი სეზონი გაუცდა...

ახლა ის ნელ-ნელა იხსენებს იმ ფეხბურთს, რომლითაც 17 წლის ფორვარდმა ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გაიბრწყინა და აკი ვარსკვლავურ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ... დღეს კი, VII ტურიდან მეათეს ჩათვლით, "ოლიმპის" ოთხ მატჩში ირაკლიმ 7 (!) გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის გალიდერდა. ბოლო ტურში მოდებაძემ "ვიტ ჯორჯიასთან" დუბლი
შეასრულა...

- ირაკლი, დიდი ხანია ამდენი გოლი არ გაგიტანიათ. რას უნდა მივაწეროთ ეს საოცარი შედეგიანობა?
- დიდი ხანი კი არა, 7 გოლი ერთად ბოლო 3 წელია არ გამიტანია. მიზეზები ყველასთვის ცნობილია. სამი უმძიმესი ტრავმის გამო, მთლიანობაში, ლამის 3 სეზონი გამიცდა. ბოლო ოპერაციის გამო, წელიწადნახევარი უქმად ვიყავი, მანამდე კი ორჯერ ნახევარ-ნახევარი წელი ვიმკურნალე. ბურთს ვეღარ ვგრძნობდი, კონდიციები დაკარგული მქონდა და არ გახსოვთ, "ოლიმპში" ჩატარებულ პირველ შეხვედრებში, მაგალითად "ასტანასთან", რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გავაფუჭე? ახლა კი აშკარად ვგრძნობ, რომ ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე ორი თვის წინ ვიყავი. გუნდთან შეწყობა და აქაურ ფეხბურთზე გადმორთვაც მჭირდებოდა. თუმცა მთავარი მაინც თამაშია. მენდობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაში არ ვიყავი და ეს ძალიან დამეხმარა. თუნდაც ჩემპიონატის სტარტზე წარუმატებლად ჩატარებული შეხვედრები დამეხმარა. თუკი სწორ ანალიზს გააკეთებ, წარუმატებლობიდანაც შეიძლება, სარგებელი ნახო.

- გულახდილად რომ ვთქვათ, სეზონის დასაწყისში "ოლიმპის" ხელმძღვანელებმა გვარიანად გარისკეს, როცა ფორმიდან გვარიანად ამოვარდნილი და დიდი ხნის უთამაშებელი აგიყვანეს...
- რა თქმა უნდა გარისკეს, მაგრამ ნდობა ჰქონდათ. სხვათა შორის, ფორმაში მყოფის აყვანაც რისკია, რადგან არავინ იცის, ყველაზე ძლიერი თავდამსხმელიც კი შეძლებს თუ არა კონკრეტულ ვითარებაში თავის გამოჩენას. ფეხბურთში ნაღდი არაფერია. შეიძლება, სუსტმა გუნდმა უცებ ძალიან კარგად ითამაშოს... სხვა რა გითხრათ... გუნდთან შესაჩვევად ბევრ ფეხბურთელს მთელი სეზონიც დასჭირვებია, ბოლოს და ბოლოს, გოლები მომენატრა და როგორც იქნა, ფორმის აღდგენას ვახერხებ. თუმცა ჯერ საუკეთესო კონდიციებში არ ვარ. ჩემ შემთხვევაში, "ოლიმპმა" მართლაც გარისკა და ძალიან არ მსურდა, რომ ეს რისკი უშედეგო ყოფილიყო.

- ...გარისკეს და, ალბათ, თქვენი დახმარებით, სეზონის ბოლოს ტრიუმფსაც იმედოვნებენ...
- საამისოდ, უახლოეს ტურებში კონკურენტებს ურთულესი შეხვედრები უნდა მოვუგოთ. მარტო ჩვენ არ გვინდა ეს სიამოვნება, საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდია... თუმცა, ჩემი აზრით, კონკურენტებს შორის მთავარი კანდიდატი ვართ ჩვენ და "ზესტაფონი". ეს ყველაზე სტაბილური გუნდია, თუმცა, ჩვენი არ იყოს, გასვლით შეხვედრებში მასაც უჭირს.

- უკრაინის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენს მოედნებზე თამაში გაგიჭირდებოდათ...
- რა თქმა უნდა. იმიტომაც გამიჭირდა, რომ უკრაინაში უმაღლესი ლიგის არც ერთ გუნდს ხელოვნურსაფარიანი მოედანი არ აქვს. საერთოდ, იქ სათამაშო კი არა, სავარჯიშო მოედნებიც იდეალურია. ეს ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. სანამ ჩვენს მოედნებს მიეჩვევი, ამასობაში დრო გადის და საჭირო თვისებებს დროულად ვეღარ ავლენ. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში ყველაზე მეტად ბოლნისის საფარი მომეწონა. აშკარაა, რომ კარგად უვლიან, გუნდი იქ არ ვარჯიშობს, საფარი დასვენებული და მორწყულია. მოკლედ, ძალიან მომეწონა.

- ტრავმის შემდეგ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში და თამაში არ გაშინებდა? როგორც ვიცი, ეს ტრავმიანობის რისკს ზრდის...
- მაშინებდა, მაგრამ საკმაოდ ფრთხილად ვვარჯიშობდი. ექიმების რჩევას ვითვალისწინებდი, ჯერ ტრენაჟორებს მივაშურებდი, ფეხი ტონუსში რომ ყოფილიყო და ხალიჩაზე მერე გადავდიოდი. ასე კუნთი ნაკლებად იძაბება და მუხლზეც ნაკლები დატვირთვა გადადის. ხალიჩაზე თამაშს უკვე შევეჩვიე, მაგრამ სასიამოვნო მხოლოდ ნაწვიმარზეა, როდესაც ზედაპირი რბილდება. ისე, მაინც დაძაბული ვარ, რადგან ჩვეულებრივი მოედნისგან განსხვავებით, კუნთი სულ დაძაბულია. ალბათ, უხარისხო მოედნებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, საქართველოს ჩემპიონატი მაღალი ტეპმპით რომ არ გამოირჩევა. ასე მგონია, კარგ საფარზე ბევრად მაღალი დონის პირველობა გვექნებოდა და მაყურებლის მიზიდვაც მოხერხდებოდა. ნორმალურ საფარზე ბურთს რომ მიიღებ, უკვე შემდეგი გადაწყვეტილება მიღებული გაქვს და უცებ აგრძელებ. აქაურ მოედნებზე კი ბურთის მიღების დროს იმაზე ფიქრო, არ დაკარგო და არ წაიქცე. ეს უკვე ტემპს აგდებს. ასეთი წვრილმანი ეპიზოდების ერთობლიობაა მატჩი, რომელიც ან კარგია, ან ცუდი. არადა, ამ პრობლემის მიუხედავადაც, რამდენიმე კარგი შეხვედრა გამოგვივიდა.

- როგორც მახსოვს, ბოლოს ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის დროს გამოგიძახეს...
- დიახ, ეს იყო 2006 წელს - ჯერ გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო შემდეგ თბილისში, იტალიასთან 1:3 რომ წავაგეთ.

- ოთხი წლის თავზე ნაკრებში დაბრუნება რეალური გგონიათ?
- კვირას "ბარი"-"ლაციოს" შეხვედრას ვუყურებდი და მოედანზე 35 წლის არგენტინელი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელიც 26 წლის იყო, სერია D-ს გუნდში რომ ჩაირიცხა და მაინც სერია A-ში მოხვდა... ბევრი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება და რატომ არ უნდა მქონდეს ნაკრებში დაბრუნების იმედი, 26 წელი თავდამსხმელისთვის დიდი ასაკია? არა მგონია. ტრავმა ვის არ ჰქონია, მაგრამ დაკარგულის აღდგენაც შეიძლება. თუმცა ჩემთვის მთავარი მიზანი მხოლოდ ნაკრებში მოხვედრა არ არის. ორ მატჩში რომ გამომიძახეს, აქვს აზრი?! ხუთი წუთი ვითამაშე და გოლი ვერ გავიტანე, ეს როგორ დამაკმაყოფილებდა. მე სხვაგვარი მოხვედრა მინდა, რომ ვითამაშო და გუნდსაც გამოვადგე.

- "ოლიმპში" როდემდე ითამაშებთ?
- კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, მაგრამ იქ წერია - თუკი ზამთარში საინტერესო წინადადება გამოჩნდება გუნდისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც, "ოლიმპი" ხელს არ შემიშლის. ამ მომენტისთვის საინტერესო მიწვევა არ მაქვს... სხვათა შორის, არ მიყვარს იმაზე ფიქრი, სად წავალ და რომელ გუნდში ვითამაშებ. მთავარია, ყურადღება იმ გუნდზე გქონდეს გამახვილებული, სადაც ირიცხები, თორემ გულს თუ ვერ დაუდებ, ეზოს ფეხბურთშიც გაგიჭირდება.

- გულახდილად თქვით, "ვიტ ჯორჯიას" ძლევაში გადამწყვეტი როლი ახალი მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა შეასრულა თუ იმან, რომ ხელფასი დაგაკლეს?
- ხელფასი კი არ დაგვაკლეს, უბრალოდ, წინა თვეში წაგებისთვის ფინანსურად დაგვსაჯეს. ახალმა მწვრთნელმა ბიჭები კარგად განგვაწყო და და მოვიგეთ კიდეც. ამ გამარჯვებით ორი კურდღლის დაჭერა გვსურდა - ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება და ცხადია, ფინანსური დაინტერესებაც.

- თქვენი აზრით, პირველ ეტაპზე კარგ მაჩვენებლად რამდენი გოლის გატანა ჩაგეთვლებათ?
- დარჩენილ 9 შეხვედრაში კიდევ 7-8 გოლი რომ გავიტანო და ჯამში 14-15 გოლი რომ დამიგროვდეს, ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება. რთული კი იქნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი იოლი სათამაშო არაა, მაგრამ მე მაინც შევეცდები.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული