კახა კაჭარავა: ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

AutoSharing Option
"ზესტაფონი" 29 იანვარს ანთალიაში მიემგზავრება შეკრებაზე, მანამდე კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სეზონის მეორე ნახევრისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება.

დღეს უკვე ნათელია, რომ ფეროელებს ტიტულის შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვთ და უფრო რეალური ამოცანა ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა.

საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს გუნდი ამ ამოცანას, სეზონის განახლებამდე კი ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და ოფიციალურ მატჩებამდე "ზესტაფონს" არაერთი საკონტროლო შეხვედრა ელის.

"ლელოსთან" ინტერვიუში გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მისი გუნდის ბანაკში ბოლო დროს მომხდარ ამბებს განიხილავს და სამომავლო გეგმებსაც გვაცნობს.

- შეგიძლიათ თქვათ,
რომ "ზესტაფონში" ადაპტაცია უკვე გაიარეთ?

- თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდებოდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და პატარაა ჩვენი საფეხბურთო წრეც. აქ ყველა ყველას იცნობს და მწვრთნელისთვის თუ ფეხბურთელისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა პრობლემა არ უნდა იყოს.

ჩემთვის საქართველოს ყველა კუთხე ძვირფასია და ნებისმიერ ქალაქში სიამოვნებით ვიმუშავებ, თუ კლუბში სამუშაო გარემო დამხვდა. "ზესტაფონში" კი თავიდანვე ვიცოდი, რომ სწორედ ისეთი ვითარება იქნებოდა, როგორიც მისი ამბიციების კლუბს შეეფერება.

- უკვე გამოიკვეთა ის ბირთვი, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარში დაეყრდნობით?
- ანთალიაში 25 ფეხბურთელს წავიყვან და სწორედ მათი იმედი მექნება ჩემპიონატისა და თასის საგაზაფხულო ეტაპებზე. თუმცა თურქეთში კიდევ რამდენიმე ლეგიონერს გავსინჯავთ და თუ რომელიმე მათგანი მოგვეწონა, სიამოვნებით გავუფორმებთ კონტრაქტს.

- ლეგიონერები თქვენს გაწვრთნილ გუნდებში ყოველთვის საკმაო რაოდენობით იყვნენ...
- ჩემი დიდი სურვილია, "ზესტაფონის" ბირთვი ახალგაზრდა ქართველებისგან შედგებოდეს, მაგრამ თუკი მაღალი დონის ლეგიონერებს ვიპოვით, მათზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ახალი სისხლი გუნდში ყოველთვის საჭიროა და მუდამ ძიების პროცესში უნდა იყო.

ლეგიონერების გონივრული რაოდენობა ნებისმიერ გუნდს წაადგება. ამბობენ, რომ ლეგიონერი ადგილობრივს ათი თავით უნდა სჯობდეს. ასეთი უცხოელების საქართველოში მოზიდვა გაგვიჭირდება, ჩემთვის ისიც საკმარისია, ლეგიონერი ქართველს ერთი თავით თუ აღემატება. უცხოელებშიც ახალგაზრდებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ უარს არც გამოცდილ ფეხბურთელზე ვიტყვი.

- "ზესტაფონში" სინჯებზე მყოფ ლეგიონერებზე რას იტყვით?
- ბრაზილიელ ნახევარმცველ ვიტორ როსინი და კუნიას უკვე დავემშვიდობეთ, ხოლო სერბ, ალჟირელ და კამერუნელ ფეხბურთელებზე დაკვირვებას განვაგრძობთ. ჩვენთან დარჩენის შანსი ყველა მათგანს აქვს, გააჩნია, როგორ წარმოაჩენენ თავს უახლოეს დღეებში.

- სერბ იგორ იელიჩს კი "ზესტაფონმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
- იგორმა ეს თავისი ნაყოფიერი თამაშით დაიმსახურა. მას ჩვენს გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

- სხვა ახალწვეულებზე რას გეტყვით?
- ვფიქრობ, რომ ლევან კუტალია "ზესტაფონის" შუა ხაზს გააძლიერებს. ასევე დიდ იმედებს ვამყარებთ "ზუგდიდიდან" გადმოყვანილ მეორე მოთამაშეზე, ახალგაზრდა ნახევარმცველ ავთო ენდელაძეზე, რომელიც გულშემატკივრებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან უნდა ახსოვდეთ.

- ყველაზე მეტად რომელ რგოლებში გჭირდებათ გაძლიერება?
- არ გვაწყენდა კვალიფიციური ცენტრალური და მარცხენა მცველების დამატება. იმედი მაქვს, ამ პრობლემას თურქულ შეკრებაზე მოვაგვარებთ.

- საბა ლომია, რომელიც "ზესტაფონში" რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობდა, კვლავ მარტვილის "მერანში" დაბრუნდა...
- საბა რომ პერსპექტიული და კვალიფიციური თავდამსხმელია, ეს "მერანში" გატანილი 13 გოლითაც დაამტკიცა. მომავალში მისი დიდი იმედი გვაქვს, ამ ეტაპზე კი მივიჩნიეთ, რომ უმჯობესია, "მერანში" იჯარა გაახანგრძლივოს. იქ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება და "ზესტაფონში" სათამაშოდ ბოლომდე მომწიფდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოლნისის "სიონში" გავანათხოვრეთ ზაალ ელიავა.

- ტრავმის გამო თურქულ შეკრებას ვინმე ხომ არ დააკლდება?
- გვყავს რამდენიმე დაშავებული ფეხბურთელი, მაგრამ ყველა მათგანი გამოჯანმრთელების გზაზეა და არა მგონია, რომელიმემ ანთალიაში წამოსვლა ვერ შეძლოს.

- ანთალიაში საკონტროლო მატჩებს ვისთან გამართავთ?
- შევხვდებით აზერბაიჯანულ "ყარაბახს", ასევე პოლონურ და უკრაინულ კლუბებს. მეტოქეთა ვინაობა მალე დაზუსტდება, ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.

- ევროპის ლიგაზე გასვლის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ათიოდე ტურია გასამართი და თითოეული მათგანი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. არანაკლები მოტივაციით ვიბრძოლებთ საქართველოს თასის მოსაპოვებლადაც.

წლის პირველი ოფიციალური მატჩი კი 22 თებერვალს სუპერთასზე გვაქვს და შევეცდებით, ჩვენი ქომაგები ამ ტიტულის მოპოვებითაც გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონმა" ალჟირელი თავდამსხმელის დუბლით ბათუმის "დინამო" გაანადგურა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მოველოდი, კაჭარავას ჰქონია ყველაზე კარგი და თანამედროვე ხედვა ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხს შორის...
წარმატებები ზესტაფონს, მინიმუნ ევროპის ლიგის საგზური უნდა მოიპოვოთ...
Walkabout
15:32 26-01-2013
0
ასე გააგრძელეთ და ჩემპიონობაც რეალური გახდება!
guja_kakhadze
18:52 26-01-2013
0

სიახლეები პოპულარული