საკამათო უნდა იყოს სხვა რამე - უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებმაც რომ მოისურვონ იგივე, პირველი ლიგა უმაღლესი ლიგის მეორე გუნდებით უნდა გაივსოს?
როგორც უნდა იყოს, "დინამო თბილისმა" ეს პროექტი განახორციელა. "დინამო 2"-ს გამოცდილი სპეციალისტი, რამაზ მუმლაძე უდგას სათავეში.
მუმლაძე მხოლოდ ახალგაზრდებთან მუშაობაში როდია წარმატებული; მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ვიტ ჯორჯია" 2009 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მოკლედ, "დინამო 2"-ს საკმაოდ სახელიანი
- როგორ შეაფასებდით ამ პროექტს, რა არის მისი მთავარი დანიშნულება?
- "დინამოსთვის" ეს მართლაც კარგი პროექტია, ჭკვიანი კაცის მოფიქრებული. ალბათ, ყველა გუნდშია ისეთი ფეხბურთელი, გარკვეული პერიოდის დროს პირველ გუნდში თამაში რომ არ უწევს და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
მანამდე "დინამოს" მხლოდ დუბლები ჰყავდა, ახლა კი მეორე გუნდიც ჰყავს პირველ ლიგაში.
ბრწყინვალე პირობები გვაქვს, დიღმის ბაზაზე ვვარჯიშობთ. ამ პროექტის ავტორი ბუბა ტყავაძე გახლავთ.
- "დინამო 2"-ში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში თამაშის დრო რომ უდგას. შესაძლოა, ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ ფაქტია, "დინამო 2"-ის ზოგ ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის არცთუ მცირე გამოცდილება აქვს...
- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის წინ ნაყოფიერი შეკრება ვერ მოვასწარით, რადგან ყველაფერი უცბად გადაწყდა. რამდენიმე თამაში ჩავაგდეთ და ახლა მე-4 ადგილზე ვართ. ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, ახლა ყალიბდება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა და ვფიქრობ, ასეც მოხდება.
იყო პერიოდები, როცა "დინამო 2"-ის ფეხბურთელები პირველ გუნდთან ვარჯიშობდნენ. ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები: ხოჭოლავა და პაპავა ახლა პირველ გუნდთან არიან შეკრებაზე, პარუნაშვილი და ტვილდიანი კი ჯერჯერობით ჩვენთან ვარჯიშობენ.
- ამ დროისთვის პირველი გუნდის რომელი ფეხბურთელია "დინამო 2"-ში?
- კაკუბავას ტრავმა ჰქონდა და ახლა ჩვენთან უნდა აღიდგინოს ფორმა. "დინამო 2"-ში ვარჯიშობს ნიკა კვეკვესკირიც.
- პირველ ლიგაზე რას გვეტყოდით, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ტურნირი?
- ძალიან ცუდი მოედნებია. სადაც კი სათამაშოდ წავედით, არსად არ დაგვხვდა კარგი მინდორი. ფაქტობრივად, ყანაში გვიწევს თამაში.
- პირველ ლიგაში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ლანჩხუთის "გურია". ამ გუნდში უკვე დაკაცებული, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები თამაშობენ. სეზონის პირველ ეტაპზე კარგი, ახალგაზრდული და ტექნიკური გუნდი იყო "სასკო", რომელთანაც ორივე მატჩი წავაგეთ. პირველ ლიგაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, ისეთები, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ. შესაბამისად, პირველ ლიგაში თამაში ადვილი ნამდვილად არ არის.
- მეორე ეტაპის წინ ახალი ფეხბურთელები თუ დაიმატეთ?
- "სასკოდან" გადმოვიყვანეთ არახამია; "დინამოს" დუბლებიდან ჩვენთან მოვიდნენ გურეშიძე, სარიშვილი და სამხარაძე.
- უმაღლესი ლიგის თამაშებზე დასასწრებად გრჩებათ დრო?
- უმაღლეს ლიგაში არსებულ ტენდენციებზე საუბარი ჩემთვის რთულია, რადგან მეტწილად მხოლოდ "დინამოს" მატჩებზე თუ ვახერხებ დასწრებას.
- საკმაოდ დიდი ხნის წინათ "დინამოში" იყო განხორციელებული მსგავსი პროექტი. მაშინ "დინამოს" მეორე გუნდს "თბილისი" ერქვა და მაშინაც "დინამოს" მეორე გუნდის ხელმძღვანელი თქვენ იყავით. "თბილისში" მაშინ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობდნენ, მაგალითად, რატი ალექსიძე და ლადო ბურდული. "დინამოს" ახლანდელ მეორე გუნდში თუ ხედავთ ასეთ ტალანტებს?
- ეს პროექტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რომ "დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდები დაწინაურდნენ. ისეთი ფეხბურთელები უნდა მოვამზადოთ, რომ დაჭირდება თუ არა პირველ გუნდს, უკვე მზად იყვნენ იქ სათამაშოდ. ამისთვის ვმუშაობთ და ეს გაკეთდება კიდეც. რაც მთავარია, კლუბის ხელმძღვანელობისგან ყურადღება არ გვაკლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"