სუპერთასი გადაიდო, ტური 31-ში გაიმართება

AutoSharing Option
"ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია" პროფესიული ფეხბურთის ლიგის სპონსორი სამი წლის წინათ გახდა. ეს იმ დროისთვის ძალიან ხმაურიანი და ძვირადღირებული შეთანხმება იყო, რომელიც ქართულ ფეხბურთში სხვა ბიზნეს-ჯგუფების შემოსვლის სიგნალი უნდა გამხდარიყო - ბანკი ეროვნული პირველობის სპონსორი გახდა, სუპერთასი კი მის სახელზე მოინათლა - "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიას" სახელობის საქართველოს სუპერთასი.

სამწუხაროდ, მერე ბიზნესის კი არა, რუსული ბომბების ხმა გაისმა საქართველოში, რამაც ქართული ბიზნესი გაკოტრების პირას მიიყვანა. ჩვენთან მოქმედი კომპანიები, ბანკები თუ სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-ჯგუფები სულს ახლა ითქვამენ, მაგრამ ჯერ ფეხბურთისთვის ვერ იცლიან –
ამდენი მოგება არ გააჩნიათ.

"ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიასა" და ლიგას შორის გაფორმებულ კონტრაქტს კი ვადა 2010 წლის დეკემბერში ეწურება. "ლელო" დაინტერესდა, გაგრძელდება თუ არა ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობა?

"ლიგის ხელმძღვანელობა "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიასთან" მუშაობს, რათა სასპონსორო ხელშეკრულება გაგრძელდეს. გვაიმედებს ბანკის თავკაცთა პოზიცია, რომლებიც თანამშრომლობით დაინტერესებული არიან და ამის სურვილი უკვე გამოხატეს. არაა გამორიცხული, პარტნიორობის ხარისხი გაუმჯობესდეს და სპონსორის ნაცვლად, "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია" პროფლიგის გენერალურ სპონსორად მოგვევლონოს. ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკება დამიმედებელია.

სხვათა შორის, საკმაოდ ბევრ ბიზნეს-ჯგუფის ხელმძღვანელობას შევხვდით და ვცდილობდით სპონსორებად მოგვეზიდა, მაგრამ სამწუხარო ვითარებას ვაწყდებით – მათთვის ფეხბურთში რეკლამის განთავსება პრიორიტეტული არაა. არადა, ძალიან ხელსაყრელ სარეკლამო მომსახურებას ვთავაზობდით", - გვითხრა პროფლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილმა.

მან "ლელოს" პროფლიგის რამდენიმე ახალი გადაწყვეტილებებიც გააცნო. "როგორც ცნობილია, საქართვველოს ნაკრები 17 ნოემბერს სლოვენიაში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ეროვნულის მთავარი მწვრთნელი შეკრების დაწყებას 11 ნოემბერს გეგმავს. ამის გამო 13-14 ოქტომბერს დაგეგმილი ტურის გადადება მოგვიწევს, რადგან ქეცბაიამ ეროვნული პირველობიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოიძახა: "ზესტაფონიდან" შვიდი, ასევე "დინამოდან", "ოლიმპიდან" და "ბაიადან".

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტურის გადადებაზე პროფესიული ფეხბურთის ლიგას ოფიციალური შეტყობინება გამოუგზავნა და ცხადია, ასეც გადაწყდა, რადგან ლიგამ გაითვალისწინა როგორც ეროვნული ნაკრების, ისე ქართული კლუბების ინტერესები.

ცხადია, სუპერთასის გათამაშება 27 ოქტომბერს აღარ გაიმართება და თარიღის გადაწევა მოგვიწევს. ახალ თარიღს პროფლიგის საშეჯიბრო სამსახური ახლო მომავალში დაადგენს და ინფორმაცია ჩვენი ოფიციალური ვებგვერდით გავავრცელებთ", - ამბობს აბაიშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული