გია ჭანტურია: არავინ თქვას, ფეხბურთის ფულის გამო არ ვთამაშობო

AutoSharing Option
გია ჭანტურია ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატის მე-10 ტურში "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში დაუბრუნდა. გასული სეზონის საუკეთესო მეკარე, რომელმაც რუსთავის "ოლიმპის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვეს. მიზეზი მისი ასაკი იყო: საქართველოში 37 წლის მეკარე კი არა, 30 წელს მიტანებული გამოცდილი ფეხბურთელიც ზედმეტ ტვირთად ითვლება. ფაქტობრივად, გია ფეხბურთიდან წასული იყო და ახალი ცხოვრებისთვსი ემზადებოდა.

თუმცა, დაიწყო ჩემპიონატი და გუნდში დროულად მიხვდნენ – მთავარი არა ჭანტურიას ასაკი, არამედ, კლასია. პირველივე მატჩში "ოლიმპი" ორჯერ გადაარჩინა და ცოტა უცნაურიც იყო, ამხელა პაუზა დიდად რომ
არც დაეტყო.

- გია, ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, ~ვიტ ჯორჯიასთან" საკმაოდ კარგად ითამაშე. ასე მალე ფორმის აღდგენა როგორ მოახერხე?
- რა თქმა უნდა, ერთკვირიანი მოცდენაც გარკვეულ გავლენას ახდენს, არათუ ოთხი თვის. მაგრამ იმდენი გამოცდილება კი დამიგროვდა, ფორმაში უცებ შესვლა რომ შევძლო. საერთოდ, მომზადების ორი გზა არსებობს, ხანგრძლივი და ფორსმაჟორული. ჩემპიონატი დაწყებული იყო და ნაკლები დატვირთვებით ვვარჯიშობდი, კონდიციებსითვის სწრაფად მისაღწევად დიდი დატვირთვები უარესი იქნებოდა და ფორმაში შესვლა უფრო გამიჭირდებოდა. ახლა თამაშები მჭირდება. მეკარემ რაც უნდა კარგად ივარჯიშოს, პრაქტიკის გარეშე ფორმის აღდგენა გამორიცხულია. საუკეთესო ფორმამდე მცირე დრო მაინც მჭირდება და ალბათ, პირველი ეტაპის დარჩენილ ტურებში ამას შევძლებ.

- "ვიტ ჯორჯიასთან" 4:0 კი მოიგეთ, მაგრამ ორიოდე საკმაოდ რთული ბურთის აღება მოგიხდა.
- მთლიანობაში, განსაკუთრებული დატვირთვაც არ მქონია, მაგრამ მაინც ასეთ გუნდთან თამაში იოლი არაა, მით უფრო, ოთხთვიანი მოცდენის შემდეგ. თამაშზე ფსიქოლოგიურადაც იღლები და კარნახითაც. თამაშის დროს არა მხოლოდ ფიზიკურ, სულიერი ენერგიას ვხარჯავ. რომ იცოდეთ, ლაპარაკსაც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. ამიტომაა, მატჩამდე ჭკვიანი მწვრთნელი ფეხბურთელებს ლაპარაკს უკრძალავს. თამაშზე ერთი დარტყმაც რომ არ მოიგერიო, სულიერი ენერგიას მაინც ხარჯავ და შეუძლებელია გასახდელში დასვენებული გახვიდე. მქონია შემთხვევა, თამაშის დროს არც გადავმხტარვარ, მაგრამ დაძაბულობას დავუღლივარ. ლაპარაკს დაძაბულობა ემატება, ყველაზე მეტი ძალა კი ბურთის დარტყმას მიაქვს. სხვათაშორის, ამის გამო, მატჩის წინა დღეს, მწვრთნელები ფეხბურთელებს კარში დარტყმას არიდებენ – ამ დროს კუნთი ყველაზე მეტად მუშაობს, იღლები და ენერგიას გაცლის.
~ვიტ ჯორჯიასთან" ბევრი საქმეც არა, მაგრამ გარკვეული მღელვარება მქონდა. ამდენი ხნის უთამაშებელი შენს გუნდში რომ ბრუნდები, ჩვეულებრივი ამბავი არაა. მასთან ერთად გავხდი ჩემპიონი და რაღაც-რაღაც მიზეზების გამო, გუნდიდან გამიშვეს. ბუნებრივია, მინდოდა კარგად გამოვჩენილიყავი და ვფიქრობ, ისევ ის ჭანტურია ვიყავი, როგორსაც მიცნობდნენ.

- რა რეაქცია გქონდა, როდესცა "ოლიმპში" დაბრუნება შემოგთავაზეს?
- გამიკვირდა და გამიხარდა, რადგან ფეხბურთიდან წასული ვიყავი და თამაში მაგრად მომენატრა. ფეხბურთის თამაში როგორ არ შემეძლო, იყო ვარიანტებიც, მაგრამ სისულელეა 37 წლის ასაკში გადახვიდე გუნდში, რომელსაც არავითარი ამბიცია არ გააჩნია და ხელფასს დროულად ვერ გასცემს. ასეთ გუნდში შესაძლოა, წავიდეს 17-18 წლის გამოუცდელი ბიჭი. თავის დროზე ასე "დინამოდან" "ბორჯომში" მიდიოდნენ, თავს გამოიჩენდნენ, გამოცდილებას აგროვებდნენ და გუნდს თუ არ უბრუნდებოდნენ, უამღლესი ლიგის სხვა კლუბის თვალთახედვის არეში ხვდებოდნენ, მაგრამ ჩემ ასაკში უმოტივაციო და უხელფასო გუნდში თამაში არ მიღირდა.

არავინ თქვას, რომ ფეხბურთის ფულის გამო არ თამაშობს. ფეხბურთელობა პროფესიაა, ისევე როგორც ინჟინრის, მექანიკოსის, ბანკირის. ქარხანაში კაცი იმისთვის მუშაობს, რომ სახლში ხელფასი მიიტანოს.

ელემენტარულად, ვარჯიშზე უნდა მიხვიდე და საჭმელი ჭამო, ოჯახი თუ გყავს, ხომ უნდა შეინახო? ფული საჭიროა. ნურავინ იტყვის, რომ ფეხბურთის სიყვარულით ვთამაშობო. რა Qთქმა უნდა, თუ არ გიყვარს, მოედანს არც გაეკარები, მაგრამ შენი გასამრჯელოც უნდა მიიღო. რატომღაც, ჩვენს პროფესიაში ამის აღიარება ეუხერხულებათ. არადა, ფულს ხომ არ ვიპარავთ, საკუთარი შრომითა და კლასით გამოვიმუშავებთ და დასამალი რა არის. მით უფრო, რომ სხვა პროფესიიებისგან განსხვავებით, ჩვენი ბევრად უფრო სასიამოვნო და პოპულარულია.

დამავიწყდა მეთქვა, რომ დაბრუნება "კოლხეთთან" 1:5 წაგების შემდეგ შემომთავაზეს. ფოთიდან იური გაბისკირიამ დამირეკა და მთხოვა, ხვალ ოფისში ამოდი, სალაპარაკო გვაქვსო. შემდეგ ზურაბ ჯაფარიძეს შევხვდი და დაბრუნება შემომთავაზა. ძალიან მესიამოვნა.

- და წყენამაც გაგიარა?
- მე ჯაფარიძეზე ნაწყენი არც ვყოფილვარ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, სეზონს კარგად რომ ჩაატარებ, გუნდის წინაშე გარკვეული დამსახურებაც გაქვს და უცებ შინ გიშვებენ... ნორმალურ ადამიანს უნდა ეწყინოს. თუმცა, ეს ყველაფერი დაბრუნების სიხარულმა გადაფარა.

- ახლა "ოლიმპი" შენს ყოფილ კლუბ "ტორპედოს" ხვდება - როგორ თამაშს ელი?
- ქუთაისი ძალიან მომეწონა, "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" კარგი ფეხბურთი აჩვენა, გუნდი აღმავლობის გზაზეა და ვფიქრობ, ბიჭებმა საკუთარი ძალები ირწმუნეს. საერთოდ, დარწმუნებულიც ვარ, ~ტორპედო" ევროპის ლიგის საგზურისთვისაც იბრძოლებს. ამიტომ, საკმაოდ რთულ შეხვედრას ველით. საქართველოში ცალი ფეხით აუტსაიდერთანაც ვერ მოიგებ, თამაში უკვე ყველასთან ჭირს და ეს ერთის მხრივ მახარებს. ბოლო დროს ჩვენთან ისეთი შედეგები ფიქსირდება, აშკარაა, პატარა მოდუნებას ლიდერებსაც არავინ აპატიებს. იგივე "კოლხეთთან" "ოლიმპის" წაგება გავიხსენოთ. გამომდინარე აქედან, დიდი ბრძოლა გველის.

- ამბობ, ჩემს გუნდში დავბრუნდიო, მაგრამ "ოლიმპი" წლეულს სახეცვლილი "ვიტ ჯორჯია" უფროა.
- "ვიტ ჯორჯიაში" ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ და დღევანდელი "ოლიმპიც" მომეწონა. ჩვენი მიზანი წლეულსაც ჩემპიონობაა. შარშან პირველი წრე მეორე ადგილით დავასრულეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გვინდოდა. ასე რომ, ჯერ-ჯერობით ჩემპიონობის შანსი დაკარგული არ გვაქვს.

- როგორ ფიქრობ, ჩემპიონობის პოტენციალი კიდევ რომელ გუნდს აქვს?
- ფინანსურად ყველაზე ძლიერი "ზესტაფონია". შეკრებებს უცხოეთში მართავს, რაც ადრე მხოლოდ თბილისის "დინამოს" შეეძლო, კარგი შემადგენლობით გამოირჩევა და ეს ბევრს ნიშნავს. უპირველესად ამ გუნდს გამოვყოფდი. შემდეგ "დინამოს" დავასახელებ, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. მერე რა გამოვა, სხვა საქმეა. გამარჯვებულის ვინაობა ჩვენ სამეულში გადაწყდება.

- "ოლიმპის" ძირითადში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. რომელს გამოარჩევდი?
- ყველას არც ვიცნობ, ვაკო ყაზაიშვილი კი დამამახსოვრდა. ნიჭიერი ბავშვია და თუკი ბევრს იმუშავებს, დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული