ცხინვალის "სპარტაკი" - ფრე ჩინელებთან, სინჯები გრძელდება

AutoSharing Option
პირველი ლიგის ლიდერი ცხინვალის "სპარტაკი" ანტალიაში მზადებას აგრძელებს.

ავსტრიულ პირველ (რიგით მეორე) ლიგაში მოასპარეზე ლინცის "ბლაუ ვაისთან" სპარინგის შემდეგ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ჩინეთის მთავარი ლიგის წარმომადგენელს, "ჰანჯოუ გრინთაუნს" გაეჯიბრა.

მოკლედ შიდაქართლელთა სპარინგ-პარტნიორის შესახებ: "ჰანჯოუ გრინთაუნის" მთავარი მწვრთნელი იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი (2007-2010 წლებში) ტაკეში ოკადა გახლავთ. მისმა გუნდმა ჩინეთის მთავარი ლიგის 2012 წლის სეზონი მე-13 ადგილზე ჩაამთავრა (16 გუნდს შორის) და ახალი, 2013 წლის სეზონისთვის მაღალი მიზნებისათვის აპირებს ბრძოლას.

ამ მიზნით ოკადამ გუნდი ლეგიონერებით გააძლიერა: ჩინელების გარდა, "ჰანჯოუს" შემადგენლობაში
თამაშობენ კორეელი, ბრაზილიელი და კოტდივუარელი ფეხბურთელები.

"ჰანჯოუ გრინთაუნმა" აქტიურად დაიწყო თამაში და პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში გახსნა. თუმცა ათიოდე წუთში სპარტაკელთა შემტევმა თორნიკე თუხარელმა წონასწორობა აღადგინა.

თუხარელის გოლის შემდეგ თამაშის სადავეებს ცხინვალელები დაეუფლნენ და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ თუხარელმა დუბლის შესრულების შანსი ვერ გამოიყენა და ტაიმიც 1:1 დასრულდა.

ჩინელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ აზიელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა - 77-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ ანგარიში გაათანაბრა.

მალევე ზვიად მეტრეველს შეეძლო, "სპარტაკი"დაეწინაურებინა, მაგრამ ჩინელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

"სპარტაკი": ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალავაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია, კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, კაკაშვილი, ხადარცევი, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.

* * *
"სპარტაკი" 15 თებერვალს მორიგ სპარინგს გამართავს: ცხინვალელები უკრაინის პერშა (პირველი) ლიგის მესამეადგილოსან "ოლექსანდრიას" გაეჯიბრებიან.

"ჩვენი გუნდი, 5 თებერვლიდან მოყოლებული, ანტალიაში ემზადება. მზადების პირველ ორ დღეს სათანადო ამინდი ვერ იყო, მაგრამ ახლა ამინდიც ხელს გვიწყობს და გუნდს ყველა პირობა აქვს სათანადოდ მომზადებისთვის.

შეკრება მთავარი მწვრთნელის მიერ წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. ფიზიკურ კონდიციებზე აქამდე გავაკეთეთ აქცენტი, ახლა კი სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

Sportall.Ge

გუნდთან ერთადაა კლუბის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც. ამ ამხანაგურ მატჩებში შედეგი მეორეხარისხოვანია. მთავარია, ისინი ახალი ტაქტიკური ვარიანტების დასამუშავებლად, ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად და გუნდის სათანადოდ შეთამაშებისთვის მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული", - გვითხრა კლუბის დირექტორმა ვაჟა ტოგონიძემ, რომელსაც თურქეთში შევეხმიანეთ.

როგორც უკვე გაცნობეთ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში ხუთი ახალი ფეხბურთელია, რომლებიც პოტენციურ ახალწვეულებად მოიაზრებიან, რადგან მათი საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

ამ კვინტეტში კი შემდეგი ფეხბურთელები შედიან: მარცხენაფლანგელი კონსტანტინე ხიზანეიშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თბილისის "დინამოს" დუბლებში ასპარეზობდა; მეკარე ვლადიმერ ზუხბაია, რომელიც ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა; შემტევი ნახევარმცველი ხეთაგ ხადარცევი, რომელიც ბოლოს ყაზანის "რუბინის" დუბლებში თამაშობდა; ვლადიკავკაზის "ალანიას" სარეზერვო გუნდის ორი ფეხბურთელი - საყრდენი ნახევარმცველი გიორგი კაბისოვი და მცველი ზაურ დარჩიევი.

კლუბის დირექტორს მათზეც დავეკითხეთ.

"ახალი ფეხბურთელებიდან, ერთის გარდა, ყველა თამაშობს. სამწუხაროდ, ზაურ დარჩიევი დაშავდა, ტრავმა მიიღო დავით გელაშვილმაც და ისინი ამჟამად მკურნალობენ.

რაც შეეხება დანარჩენ ახალ ფეხბურთელებს, მეტ-ნაკლებად ყველა წარმოჩნდა. ამ ბიჭებს მონდომება არ აკლიათ და იმედია, ასე გააგრძელებენ.

ახალი ფეხბურთელების საკითხზე გადაჭრით ჯერ ვერაფერს გეტყვით. წინ კიდევ ორი ამხანაგური მატჩი გველის. მწვრთნელები ამ ორ შეხვედრაშიც დააკვირდებიან ამ მოთამაშეებს და მათ საკითხს ანტ
ალიური შეკრების შემდეგ გადავწყვეტთ", - აღნიშნა ვაჟა ტოგონიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული