"გაგრა" - ხუთი ახალწვეული და უცვლელი მიზნები

AutoSharing Option
"გაგრამ" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება 15 იანვარს დაიწყო. გუნდი დატოვეს ირაკლი ხუციძემ და გიორგი ჯგერენაიამ.

ხუციძე ამჟამად აშშ-შია და "მინესოტა სტარსში" ისინჯება. იგი ამერიკაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრა. რაც შეეხება ჯგერენაიას, იგი კარიერას უკრაინულ "ილიჩევეცში" გააგრძელებს.

მხარეების შეთანხმებით, ჯგერენაია მარიუპოლურ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს და თუ თავი კარგად წარმოაჩინა, კონტრაქტსაც დაიმსახურებს. ამჟამად გუნდი მუხრანში, საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს.

იქ ფეხბურთელებს ვარჯიშები და თეორიული მეცადინეობები უტარდებათ.

"გაგრას" ხუთი ახალწვეული ეყოლება, მაგრამ რაკი მათთან კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, გუნდის სამწვრთნელო შტაბი რჩეული ფეხბურთელების
გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

"ჩვენი მიზანი უცვლელია - უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და საქართველოს თასის ფინალში გასვლა. გვყავს ახალგაზრდული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ამბიციური გუნდი.

"გაგრას" კურსიც უცვლელი გახლავთ - ახალგაზდა ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში წარმოაჩენენ თავს, კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში შევუწყობთ ხელს.

ვცდილობთ, საქართველოს ეროვნულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს ბევრი კარგი ფეხბურთელი მივაწოდოთ - როგორებიც არიან ოქრიაშვილი, ჯგერენაია, ერისთავი, გადრანი, ადამია და სხვები.

ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს ჩევნი კლუბისა და სამწვრთნელო შტაბის სწორი მუშაობის შედეგია",
- გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

პირველი ლიგის A ჯგუფში ზვიად ჯელაძის გუნდი 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება.

სეზონს "გაგრა" 26 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედოსთან" მერვედფინალური სათასო დაპირისპირებით განაახლებს, პირველი ლიგის გათამაშება კი სტარტს 6 მარტს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული