მარტვილის "მერანი" "არარატთან" მარცხისგან გიორგი მეგრელაძემ იხსნა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩები გამართა.

მალხაზ ჟვანიას გუნდმა პირველი ლიგის ბინადარ ლანჩხუთის "გურიას" 2:1 სძლია, ხოლო საქართველოში შეკრებაზე მყოფ ერევნის "არარატთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.

დავიწყოთ "გურიასთან" მატჩით - "მერანი" მე-10 წუთზე ლაშა კუჭუხიძემ დააწინაურა, ლანჩხუთელებმა წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინეს, მე-60-ზე კი გამარჯვების გოლი გიორგი მეგრელაძემ გაიტანა.

"მერანის" სასტარტო შემადგენლობა ამ შეხვედრაში ასეთი იყო: შეროზია - მელიავა, იობაშვილი, ქარქუზაშვილი, ხუბუა - ბუკია, დიდავა - ს. ლომია, კუჭუხიძე, ფონიავა - კრისი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერია, გეგეჭკორი, ლ. ღონღაძე, მონიავა,
გეგია, გუგუნაიშვილი, ლურსმანაშვილი, შარვაძე, შულაია, ტორონჯაძე, მეგრელაძე.

* * *
ამის შემდეგ "მერანი" "არარატს" გაეჯიბრა. სომხებმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი თავი კვლავ ვეტერანმა გიორგი მეგრელაძემ გამოიჩინა, რომელმაც დუბლით მარტვილელებს ფრე მოუტანა.

"მერანის" ძირითადი შემადგენლობა "არარატთან": შეროზია - გეგეჭკორი, ლ. ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხუბუა - დიდავა, ბუკია - ს. ლომია, კუჭუხიძე, ტორონჯაძე - კრისი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერია, მელიავა, ჯღამაია, ლურსმანაშვილი, გეგია, ფონიავა, გაბისონია, შარვაძე, გუგუნაიშვილი, წულაია, მეგრელაძე.

* * *
16 თებერვალს "მერანი", რომელიც შეკრებაზე ურეკში იმყოფება, ფოთის "კოლხეთს" გაეჯიბრება, მომდევნო სპარინგს კი ჟვანიას გუნდი 19 თებერვალს გამართავს.

შარშანდელისგან განსხვავებით, როცა დიდთოვლობამ საქართველოს შავიზღვისპირეთში მყოფ გუნდებს შეკრება, ფაქტობრივად, ჩაუშალა, წლეულს მზადება დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ახალწვეულებს - ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის თამაში განაახლა გიორგი მეგრელაძემ, რომელიც ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს არის, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის მიუხედავად, საგოლე ალღოს კვლავ ავლენს;

მერანელი გახდა ნიგერიელი ფორვარდი კრისი, რომელიც ბოლოს თურქულ კლუბებში ასპარეზობდა;

"მერანს" დაუბრუნდა ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი; გელა ხუბუა "მერანმა" ბოლნისის "სიონიდან", ხოლო ბერდია შარვაძე "ზესტაფონიდან" გადაიბირა.

შეგახსენებთ, "მერანი" ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც კომფორტული სატურნირო მდგომარეობა აქვს და პირველ ლიგაში დაქვეითება ნაკლებად ემუქრება, თასის გათამაშებას კი მარტვილელები მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული