რიგვავას მორიგი სამი ქულა

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიას" ფინანსური პრობლემები თითქოს სულაც არ ეტყობა და აგერ, ზედიზედ მეორე ტურია, იგებს. ახალბედა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ბაიამ" ორივე შეხვედრაში ისეთ გუნდებს წაართვა ქულები, სატურნირო ცხრილში მეზობლად რომ ჰყავს. "ვეტერინარებთან" შეხვედრაში კი ზუგდიდელებმა ნავსი გატეხეს და ურთიერთშეხვედრებში პირველი მარცხიც აგემეს.
იმის გათვალისწინებით, რომ "ვიტ ჯორჯია" ზუგდიდელთათვის უხერხული მეტოქეა, მოსალოდნელი იყო, რომ მასპინძლები თავიდანვე ფრთხილად ითამაშებდნენ. მატჩი დაწყებასაც მასპინძლებისგან ყველა ფრთხილი სათამაშო ტემპით ელოდა, თუმცა პირველივე წუთებიდან "ბაიამ" მწვავედ შეუტია მეტოქეს და რიგვავას გადაცემისთვის ეხვაიას ოდნავ სიზუსტე რომ მიეცა, ზუგდიდელები პირველივე
წუთში დაწინაურდებოდნენ - ამ უკანსკნელის მიერ თავით დარტყმული ბურთი სანტიმეტრებში ასცდა მიქაბერიძის კარს.

ცოტა ხანში ისევ მასპინძლებმა იაქტიურეს და მარჯვენა ფლანგიდან უკვე რიგვავა დაემუქრა მეტოქის კარს, თუმცა წურწუმიას მისამართით მისი გადაცემა ადრესატამდე ვეტერინართა კარის დარაჯმა ჩაჭრა. შეტევას "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებმაც კონტრშეტევით უპასუხეს ლიპარტია-კლიმიაშვილის კომბინაციას სახიფათო ეპიზოდიც მოჰყვა, თუმცა მცველებმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხეს.

ამის შემდეგ თამაში თანაბარ ორთაბრძოლებში წარიმართა, თუმცა ინიციატივას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. უსაქმოდ არც თბილისელები ყოფილან და სტუმრებს საკუთარი საჯარიმოდან გაგორებული ბურთის დამუშავება ცენტრში კარგად გამოუვიდათ და ზარქუას პირისპირ ჩიმაკაძე შეატოვეს - ახალგაზრდა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და თავდამსხმელს ვარდნაში ბურთი ფეხებიდან ააცალა.

ტაიმის შუაში კვლავ რიგვავა გააქტიურდა, ორი ფეხბურთელი სწრაფად ჩამოიტოვა და ოდნავ კარიდან გამოსულ მიქაბერიძეს ისე ძლიერად დაურტყა, ვეტერინართა გოლკიპერმა ბურთზე თითების წაკვრა წამებში მოასწრო. პირველ ტაიმში მეტოქეებმა სხვა ვერაფერი მოახერხეს და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარი კი განსხვავებული სცენარით დაიწყო. თუ აქამდე სტუმრები არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, მეორე ნახევრის საწყისი წუთებიდან გააქტიურდნენ და ცენტრშიც გაბატონდნენ. მასპინძლებს კი თამაშის დასალაგებლად დაახლოებით 20 წუთი დასჭირდათ, საკუთარ ნახევრში ყოფნა "მოსწყინდათ" და მეტოქის საჯარიმოსკენ აიწიეს. სახიფათო მომენტებიც შეიქმნა.
"ბაიამ" მალევე მიიღო შედეგი - კუთხურის ხაზთან ვეტერინართა ერთ-ერთ მცველს ლომიამ ბურთი ვარდნაში წაართვა და საჯარიმოშიც სწრაფადვე გაგზავნა, რომელსაც პირველი რიგვავა გამოეხმაურა და შეუჩერებლივ მიქაბერიძეს აუღებელი დაურტყა. ცნობისთვის, 19 წლის ნახევარმცველისთვის ეს მესამე გოლია მიმდინარე სეზონში.


მატჩის შემდეგ

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია): "ვინც უყურა თამაშს, დამეთანხმება, ალბათ, რომ "ვიტ ჯორჯია" ფლობდა უპირატესობას და განსაკუთრებით მეორე ტაიმში ვაჯობეთ კიდეც მეტოქეს. მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დამსახურებულადაც დაგვსაჯა. საკუთარ საჯარიმოში დაშვებული შეცდომის გამო გავუშვით გოლი. ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ზუგდიდში 2 ქულის დაკარგვას არ ვეგუებოდით და ბოლოს ქულის აღებაც სანატრელი გაგვიხდა".

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ბევრი ალბათ ეჭვის თვალითაც უყურებდა ახალგაზრდა ბიჭების გამოსვლას უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ მონდომებითა და თავდადებით ისინი მოლოდინს გაამართლებდნენ. ასეც მოხდა. ორ მოგებას უკვე სენსაციას ნამდვილად ვერ ვუწოდებ და ვიტყვი, რომ ეს ამ ბიჭების კარგი თამაშის შედეგია მხოლოდ. სენსაციაა მხოლოდ ის, რომ ბოლნისში გასვლაზე მოგება არ გვქონდა და ამას მივაღწიეთ, "ვიტ ჯორჯიასთან" საერთოდ არ გვქონდა მოგება და საჭირო 3 ქულასთან ერთად ეს ბარიერიც დავძლიეთ".


23.10. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 1 300 მაყურებელი
ბაია 1 
ვიტ ჯორჯია 0
1:0 რიგვავა (83)

ბაია ვიტ ჯორჯია
4-1-4-1 4-4-1-1

ზარქუა ა. მიქაბერიძე
კვეკვესკირი ხურცილავა
კანდელაკი ლომაია
რ. ონიანი ადამაძე
ლ. აკობია კასრაძე
მალიჩავა კლიმიაშვილი
რიგვავა მაისაშვილი
თ. აკობია გურ. გურეშიძე
წურწუმია ჯანელიძე
შ. ლომია ლიპარტია
ეხვაია ჩიმაკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი მ. კოჭლაშვილი

ბაია
65. მალიჩავა - ვართაგავა
87. ლომია - მაქაცარია
90. წურწუმია - ჩანგელია
სათადარიგოები: ჯომიდავა, აფაქიძე, ქვარცხავა, კუკავა

ვიტ ჯორჯია
76. ჯანელიძე - ზაქრაძე
82. კლიმიაშვილი - კორიფაძე
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, ვასაძე, ჭანკვეტაძე, გ. გურეშიძე

გაფრთხილება: ვართაგავა (78), წურწუმია (80), ლომაია (90)
არბიტრი: ხ. გაგნიძე


ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული